ყველაზე უჩვეულო ფინანსური მაქინაციები

კაცობრიობის ისტორია მრავალ აფერას და მაქინაციას იცნობს.

მათ შორის არის ყველაზე უცნაური და გამორჩეული ფაქტები, რომლებიც დაუჯერებელიც კი არის. ამ ფაქტებს შორის ჩვენ მხოლოდ რამდენიმე გამოვყავით.

ზედიზედ ორჯერ გაყიდული ეიფელის კოშკი

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პარიზის მშვენება - ეიფელის კოშკი - ორჯერ გაიყიდა ვინმე ვიქტორ ლიუსტიგის მიერ. ლიუსტიგი ამერიკელი გახლდათ - მისურის შტატიდან. ამერიკელმა სამართალდამცველებმა ლიუსტიგი 50-ჯერ დააკავეს, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო, ბრალი ვერ დაუმტკიცეს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ამ უცნაურმა „საქმოსანმა“ ათეულობით უმსხვილესი ბანკი გააცურა და საკმაოდ დიდი ოდენობის სარგებელი ნახა. მისი ყველაზე გრანდიოზული აფიორა კი, ეიფელის კოშკის გაყიდვა იყო: 1925 წელს მორიგი თავგადასავლის საძიებლად ლიუსტიგი პარიზს ეწვია. ის საფრანგეთის ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სახელით რამდენიმე მსხვილ ბიზნესმენს შეხვდა და აცნობა, რომ ეიფელის კოშკის მოვლა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდებოდა, რის გამოც გადაწყვეტილი იყო მისი დაშლა და დახურულ აუქციონზე ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სულ რამდენიმე დღეში ერთ-ერთი ბიზნესმენის, ანდრე პუასონის დაყოლიება შეძლო, ხელში უზარმაზარი თანხა ჩაიგდო და ავსტრიაში დაიმალა. მოტყუებულმა პუასონმა მომხდარი დამალა, რადგან არ სურდა საზოგადოების თვალში სულელის სახელი დამკვიდრებოდა. ლიუსტიგსაც მეტი რა უნდოდა - პარიზში კვლავ დაბრუნდა და ძველი სქემით ეიფელის კოშკი უკვე მეორედ გაყიდა, თუმცა ამ შემთხვევაში მისმა მსხვერპლმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და თაღლითი იძულებული გახდა სამშობლოში გაქცეულიყო. ვიქტორ ლიუსტიგის დაკავება მხოლოდ 1935 წელს მოხერხდა.

პირამიდა სახელად - MMM

ეს აფერა 1994 წელს დაიწყო და უმსხვილესად მიიჩნევა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში: ორგანიზაცია „MMM” რუსეთში კომუნისტური წყობის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. კომპანია ხალხს იმით იზიდავდა, რომ ჩადებულ თანხას რამდენიმე კვირის შემდეგ აბრუნებდა ძალიან მაღალი პროცენტით. საუკეთესო რეკლამის წყალობით ორგანიზაციის აქციები ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძინა, მაგრამ გავიდა ხანი და რუსეთში გავრცელდა ცნობა კომპანიის კრახის შესახებ. აღმოჩნდა, რომ მიღებული დივიდენდები ახალი კლიენტების მოზიდვის და მათი შენატანების დამსახურება იყო და არა - გონივრულად აწყობილი ბიზნესისა. ფინანსური პირამიდის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა.

კიდევ ერთი სამშენებლო პირამიდა

იმავე რუსეთში, 2002-2008 წლებში ჩამოყალიბდა სამშენებლო პირამიდა, რომელმაც უამრავი ადამიანის მოტყუება შეძლო. მაშინ მოსკოვში მშენებლობის ბუმი იყო და ამ სფეროში ძალიან ბევრი მაქინაცია ხდებოდა. ეს კომპანია ხშირად იცვლიდა სახელებს: ხან „რეგიონ-ცენტრი“ ერქვა, ხან - „გარანტ-ინვესტი“ და ხან - „გარანტ-კრედიტი“... მაქინატორები მოქალაქეებს ფულის უძრავ ქონებაში დაბანდებას სთავაზობდნენ და წლიურ 90%-იან შემოსავალს ჰპირდებოდნენ. მათი მტკიცებით, ფულს მომგებიან სამშენებლო პროექტებში დებდნენ მოსკოვსა და უცხოეთის დიდ ქალაქებში, სინამდვილეში კი, არაფერს აშენებდნენ. როგორც ნებისმიერი პირამიდის შემთხვევაში, თავდაპირველად მეპაიეებს საკმაოდ მაღალ პროცენტებს უხდიდნენ, მაგრამ ცოტა ხანში ფირმის ყველა ოფისი და ფილიალი დაიხურა. პირამიდის შემქმნელებმა 75 მილიონი დოლარი იშოვეს. მათ წინააღმდეგ 300 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მაქინაციის ორგანიზატორები მიიმალნენ, ზოგიერთი მათგანი კი დააპატიმრეს.

100 ათას დოლარად გაყიდული თეთრი სახლი

არტურ ფერგიუსონი ცნობილ ღირსშესანიშნაობებს შესაშური წარმატებით ყიდდა. ცნობილია, რომ ერთ-ერთ ტურისტს ფერგიუსონმა ტრაფალგარის მოედანზე მდებარე ნელსონის ქანდაკებაც კი მიჰყიდა. 1925 წელს ფერგიუსონი ამერიკაში გადაბარგდა, სადაც თავისი „მოღვაწეობა“ განაგრძო: მაგალითად, ერთ-ერთ ფერმერს თეთრი სახლიც კი მიჰყიდა, თანაც იმ დროისათვის ასტრონომიულ თანხად - 100 ათას დოლარად. ფერგიუსონი მაშინ დააპატიმრეს, როდესაც თავისუფლების ქანდაკების გაყიდვას აპირებდა. ტურისტმა ქალბატონმა ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა და ფერგიუსონი ციხეში აღმოჩნდა.

ყალბი ჩეკების დიდოსტატი

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა თაღლითმა ფრენკ უილიამ აბეგნეილ-უმცროსმა ყალბი ჩეკებით საბანკო ანგარიშებიდან დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მიითვისა. ამერიკის პოლიცია ვერაფრით ახერხებდა დამნაშავის შეპყრობას, რადგან ის ყალბ დიპლომებს ამზადებდა და სხვადასხვა სახელით პრესტიჟულ თანამდებობებზე მუშაობდა. აბეგნეილის ბიოგრაფია საფუძვლად დაედო ფილმს „დამიჭირე, თუ შეგიძლია“, რომელშიც მთავარ როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

დაუსრულებელი აფერა

2009-2010 წლებში რუსეთში კიდევ ერთი უჩვეულო რამ მოხდა: დაბა ბოროდინოს გამგებლის მოადგილემ, გვარად სკლუევამ, სახელმწიფო მიწის გაყიდვის მსხვილი აფერა დაატრიალა. მან ბოროდინოს ველი ნაწილებად დაჰყო, (ეს ის ველია, სადაც ორი საუკუნის წინ რუსული ჯარი ნაოლეონს შეებრძოლა) ქონების რეგისტრაციის შესახებ ყალბი ცნობა გააკეთა და ოთხად გაყოფილი ისტორიული ადგილი დედისა და მეუღლის სახელზე გააფორმა. ნაკვეთის ფასი 10 მილიონი რუბლი იყო. „საზრიან“ ქალბატონს ბოროდინოს ველის გაყიდვა არ დასცალდა, რადგან სამართალდამცველებმა დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ხათუნა ჩიგოგიძე