რა ბიზნესებს ფლობენ ცნობილი რეპერები

მსოფლიოში განთქმულ ამერიკელ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, მუსიკალური კარიერის გარდა, წარმატებული ბიზნესიც აქვთ.

კანიე უესტი

პირველი ბიზნესპრიექტი კანიე უესტმა სადებიუტო ალბომის The College Dropout-ის წარდგენის შემდეგ დაიწყო. მან მუსიკალური ლეიბლი GOOD Music დააფუძნა.

2008 წელს უესტმა სწრაფი კვების რამდენიმე რესტორანი Fatburger გახსნა, ოთხ წელიწადში კი კრეატიული სააგენტო DONDA შექმნა. სააგენტო რომელიც რეპერის დედის სახელს ატარებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და კლიპებს უშვებს, ასევე, მუშაობს მარკეტინგის სფეროში. სტუდიის თითქმის ყველა ბოლო პროექტი კანიე უესტის შემოქმედებას უკავშირდება.

მუსიკოსი ასევე ტანსაცმლის ბრენდებთან თანამშროლობს, მათ შორის Adidas-თან, რომელთანაც ერთად გასული წლის თებერვალში სპორტული ფეხსაცმლის სერია, Yeezy 750 Boost-ი წარადგინა.

Jay Z

ცნობილი პოპ-შემსრულებლის, ბიონსის მეუღლის, Jay Z-ის ბიზნეს-იმპერია შედგება რამდენიმე კომპანიისგან, რომელიც დაკავებულია ტანსაცმლის, სასმელების, უძრავი ქონების, ინვესტირებისა და ხმისჩამწერი სტუდიების სფეროში.

2008 წელს მუსიკოსმა პროდიუსერული კომპანია Roc Nation-ი დააფუძნა, რომელთანაც სხვადასხვა დროს ისეთი ცნობილი შემსრულებლები თანამშრომლობდნენ, როგორებიც Big Sean, Rihanna, Kanye West, Grimes არიან.

გასული წლის მარტში Jay Z -მ ნორვეგიული კომპანია Aspiro შეიძინა, რომელმაც სპეციალური სერვისი Tidal-ი შექმნა. აღნიშნული სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მუსიკას FLAC-ის ფორმატში უსმინოს.

რამდენიმე თვის შემდეგ Jay Z -მ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა JetSmarter-ის აპლიკაციაში, რომლის საშუალებითაც მომხმრებელს კერძო თვითმფრინავით ფრენების დაჯავშნა შეუძლია. ამ ბიზნესპროექტის მეორე მსხვილი ინვესტორი საუდის არაბეთის პრინცი აბდულა ბინ ბანდარ ბინ აბდულ-აზიზ ალ-საუდი გახდა.

Snoop Dogg

სნუპ დოგის ბიზნესსაქმიანობა ძირითადად შოუ ბიზნესს უკავშირდება. მსახიობის კარიერის გარდა, მუსიკოსმა რამდენიმე სატელევიზიო შოუ შექმნა. სნუპ დოგი ასევე  გახლავთ პორნოფილმების პროდიუსერი.

2012 წელს Snoop Dogg-ი ქალთა საფეხბურთო გუნდის, Los Angeles Riderettes-ის ერთ-ერთი მფლობელი გახდა, იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი სიმღერების წიგნი.

50 Cent

50 Cent-ს იგივე კერტის ჯეკსონს თავის დროზე დიდი ფინანსური იმპერია ჰქონდა, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს აერთიანებდა. 2003 წელს, წარმატების პიკზე მყოფმა მუსიკოსმა ხმის ჩამწერი სტუდია G-Unit Records-ი გახსნა და იმავე წელს კონტრაქტი დადო კომპანია Reebok-თან.

მუსიკალური კარიერის განმავლობაში 50 Cent-მა სხვადასხვა კომპანიაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის არის ვიდეოსთრიმინგის სერვისი Hang, ძვირფასი ქვების მომპოვებელი აფრიკული კომპანია და ასევე სამარკეტინგო კომანია TV Goods.

2007 წელს 50 Cent-მა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა გასული წლის ივლისში გაკოტრების შესახებ განაცხადა. მისი აქტივები შეფასებულია 10-50 მილიონ აშშ დოლარად, თუმცა თავად მუსიკოსი ამტკიცებს, რომ მხოლოდ 4,4 მილიონი აშშ დოლარის მფლობელია.

Dr. Dre

პროდიუსერი და რეპერი Dr. Dre ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდიის, Aftermath Entertainment-ის დამფუძნებელია. 2008 წლის ივლისში მან წარადგინა ყურსასმენების ბრენდი Beats by Dr. Dre. 2013 წელს კომპანიის წლიურმა მოგებამ $1,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წლის მაისში კომპანია Apple-მა Beats by Dr. Dre 3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ამ გარიგების შემდეგ Dr. Dre ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.