როგორ დააგროვეს ქონება დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის ჰილარი კლინტონის ქონება 31,3 მილიონი დოლარია.

მისი კონკურენტი რესპუბლიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის ქონება კი „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით 4,5 მილიარდი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ორივე კანდიდატის კაპიტალის დიდი ნაწილი არა საჯარო კომპანიებშია ინვესტირებული, არამედ, კერძო ბიზნესში, უძრავ ქონებაში, ხელოვნების ნიმუშებსა თუ სხვა აქტივებში. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს არ ევალებათ, დაწვრილებით წარადგინონ თავიანთი ქონების დეკლარაცია - ისინი მხოლოდ აქტივებს ჩამოთვლიან და უთითებენ მათ შესაძლებელ შეფასებას ფართო მასშტაბით.

ჰილარი კლინტონს კაპიტალის ორი ძირითადი წყარო გააჩნია - საავტორო გადარიცხვები წიგნებისთვის და ჰონორარები საჯარო გამოსვლებისთვის. მის მეუღლეს, ბილ კლინტონსაც, რომლის ქონება 80 მილიონი დოლარია, ანალოგიური შემოსავალი აქვს. გარდა ამისა, კონსულტაციას უწევს კერძო კომპანიებს. ჰილარის სიტყვით გამოსვლა საშუალოდ 225 ათასი დოლარი ღირს (სასტუმროს, გადაფრენისა და სხვა ხარჯების გათვალისწინების გარეშე). მისი გამოსვლების დამკვეთები ინვესტბანკები, მსხვილი კომპანიები, მეწარმეთა გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სხვა არიან. წიგნებსაც კარგი შემოსავალი მოაქვს: გამომცემლობებმა 2 მემუარულ მოთხრობაში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს 22 მილიონი დოლარი გადაუხადეს, ხოლო ბილ კლინტონს - 15 მილიონი დოლარი.

შედეგად, მხოლოდ 2007-2014 წლებში კლინტონებმა 141 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, რომელთაგან 56 მილიონი დოლარი გადასახადებში წავიდა, 15 მილიონი დოლარი კი საკუთარ საქველმოქმედო ფონდში. საერთო ჯამში, მას შემდეგ, რაც წყვილმა თეთრი სახლი თითქმის გაბანკროტებულმა დატოვა, მათმა შემოსავალმა 230 მილიონი შეადგინა.

ბილისა და ჰილარის კუთვნილებაში არის ორი სახლი ნიუ იორკსა და ვაშინგტონში, საკმაოდ თავისუფლად ხარჯავენ ფულს დასვენებასა და ძვირადღირებულ ნივთებში. ჟურნალისტებმა ერთხელ შენიშნეს, რომ უთანასწორობასთან ბრძოლისთვის მიძღვნის საღამოზე ჰილარის გამოსვლისას 12,5 ათასი დოლარად ღირებული ჟაკეტი ეცვა.

კლინტონები თავად არ არიან ინვესტიციებით დაკავებული - არც ბირჟაზე და არც კერძო ინვესტიციების სახით - თავიანთი კაპიტალის გარკვეული ნაწილის მართვას პროფესიონალებს ანდობენ.

რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ქონება ორი ძირითადი წყაროს მეშვეობით დააგროვა: დეველოპერული ბიზნესი და საკუთარი სავაჭრო ნიშნის მმართველობა. ტრამპის მფლობელობაში ყველა ნაგებობა არაა, რომელთა ფასადებს მისი სახელი ამშვენებს: ბიზნესმენი ჰყიდის მისი გვარის გამოყენების უფლებას უცხო კომპანიებზე. გარდა ამისა, სკანდალური ბიზნესმენი მთელი 40-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთხელ ეცადა, სხვადასხვა დარგში შესულიყო - არყის წარმოებით დაწყებული, ავიაგადაზიდვებით დამთავრებული. მაგრამ არც ერთი წამოწყება წარმატებული არ გამოდგა.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს, ტრამპის პრაქტიკულად მთელი ფული უძრავ ქონებაშია ჩადებული, მაგნატის ქონების ზუსტი დათვლა შეუძლებელია. თავად მილიარდერი ამბობს, რომ მისი ქონება 10 მილიარდი დოლარია, თუმცა „ფორბსის“ მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის ქონება 4,5 მილიარდი დოლარია, გამოცემა Fortune-ის ცნობით - 3,72 მილიარდი დოლარი, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით კი ტრამპი მხოლოდ 2,9 მილიარდი დოლარის მფლობელია.

კანდიდატის წლიური შემოსავალიც დისკუსიის თემაა. თავად ტრამპი აცხადებს, რომ 2014 წელს 362 მილიონი გამოიმუშავა, მაგრამ Fortune-მა დაადგინა, რომ ეს გახლავთ არა შემოსავალი, არამედ მოგება უძრავი ქონების რამდენიმე ბიზნესიდან. თუ ამას კიდევ სხვადასხვა შემოსავალს დავუმატებთ, 2014 წელს ტრამპის პირადმა შემოსავალმა დაახლოებით 576 მილიონი დოლარი შეადგინა.

თუ ტრამპის მიერ 2016 წლის მაისში წარდგენილ დეკლარაციას ვენდობით, დეველოპერმა საერთო ჯამში ბირჟაზე გასაყიდ აქციებში 91,5 მილიონი დოლარი ჩადო, აქედან 8,5 მილიონი დოლარი დამოუკიდებლად ნაყიდ ქაღალდებზე მოდის, 73 მილიონი დოლარი კი კომპანია ბაირონის 11 ფონდზე, დანარჩენი კი ჯონ პოლსონის ჰეჯ-ფონდისთვისაა მინდობილი.

ტრამპის აქციების საკუთარი პორტფელი ორიგინალობით არ გამოირჩევა. მასში წარდგენილია Apple, Microsoft, PepsiCo, McKesson, Nike, Johnson & Johnson, General Electric და სხვა მსხვილი ამერიკული ბრენდების ფასიანი ქაღალდები.

პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი შორსაა საფონდო ბაზრისგან: ჰილარი კლინტონი პოლიტიკური ბიზნესითაა დაკავებული, დონალდ ტრამპი კი - ”რეალურით”, აშენებს და ექსპლუატაციაში მოჰყავს სახლები.

დუდანა ზაქარაია