როგორ გახდნენ ამერიკელი ძმები მილიონრები ერთი სლოგანის წყალობით

1994 წელს ძმებმა - ბერტ და ჯონ ჯეიკობსებმა საკუთარი დიზაინით შექმნილი მაისურების გაყიდვების კომპანია, სახელწოდებით Life is Good დააარსეს.

იმ დროისთვის ძმებს არაფერი გააჩნდათ, გარდა ფურგონისა. ახლა კი მათი კომპანია 100 მილიონი დოლარი ღირს. ძმების წარმატებული მილიონიან ბიზნესში დიდი წვლილი დედას, ჯოანს მიუძღვის, რომელმაც შვილებს ასწავლა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებაში მხოლოდ კარგი დაენახათ.

6 შვილიდან ყველაზე უმცროსი ძმების ბავშვობა დალხინებული არ ყოფილა. სკოლაში სწავლის დროს მათი მშობლები ავიაკატასტროფაში მოხვდნენ. დედა მსუბუქად დაშავდა, მამას კი არ გაუმართლა: მარჯვენა ხელი სერიოზულად დაუზიანდა და ვეღარ ხმარობდა. ტრავმის გამო ჯეიკობსი-უფროსი ხშირად ღიზიანდებოდა და ახლობლებზე იყრიდა ჯავრს.

თუმცა, უსიამოვნებების მიუხედავად, ბიჭების დედას სწამდა, რომ ცხოვრება მშვენიერია და ყოველ საღამოს შვილებს ერთსა და იმავე შეკითხვას უსვამდა: ”რა მოხდა დღეს კარგი თქვენს ცხოვრებაში?”

”დედის უბრალო სიტყვები ოთახში ენერგეტიკას ცვლიდა. უცებ ვცოცხლდებოდით და ვიხსენებდით დღის საუკეთესო, უჩვეულო და სასაცილო ამბებს. ჩვენი ოჯახი მუდამ ოპტიმიზმით გამოირჩეოდა, იმ დროსაც კი, როდესაც სახალისოდ არ გვქონდა საქმე”, - იხსენებენ ძმები.

ჯოანი შვილებისთვის სამაგალითო გახდა. როდესაც ბიჭებმა ბოსტონის ქუჩებში მაისურების გაყიდვა დაიწყეს, მათ ანგარიშზე მხოლოდ 78 დოლარი იყო. ძმებს წარმატება მაშინ ეწვიათ, როცა მაისურებზე ბერეტიანი მომღიმარი კაცი და წარწერა Life is Good გამოსახეს, რომელიც მათი დევიზი გახდა.

მარტივმა, მაგრამ პოზიტიურმა დიზაინმა მომხმარებლების გული დაიპყრო და უკვე წლის ბოლოსთვის კომპანიამ 87 000 დოლარის მაისური გაყიდა. დღესდღეობით ძმების მიერ წარმოებული საქონელი მსოფლიოს ათასობით მაღაზიაში იყიდება, მათი მრავალმილიონიანი კომპანია კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა. მათი მაისურების უმეტესობაზე, ისევე როგორც 22 წლის წინ, აღმოაჩენთ სლოგანს Life is Good.

დუდანა ზაქარაია