როგორ გახდა 23 წლის ირანელი ახალგაზრდა ამერიკის „სილიკონ ველის“ გავლენიანი ინვესტორი

23 წლის ირანელი პეჯმან ნოზადი წლების წინ იძულებული გახდა, სამშობლო მიეტოვებინა და ახალი ცხოვრება დაეწყო.

მეორე სამშობლოდ ირანელმა ბიჭმა ჯერ გერმანია, მერე კი ამერიკა აირჩია, სადაც რამდენიმე ასეული დოლარითა და მწირი ინგლისურით ჩავიდა.

20 წლის შემდეგ პეჯმანი „სილიკონ ველიზე“ ერთადერთია, ვისაც მჭიდრო კავშირები და კონტაქტები აქვს ინვესტორებთან. ყველაზე ცნობილი ინვესტორებიც კი სიხარულით პასუხობენ მის ყველა ზარს. საუკეთესო მეწარმეები „მეორე მამას“ ეძახიან. ნოზადი მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ კომპანიებში ფლობს წილს. თუმცა, ის იმ იშვიათ წარმატებულ ადამიანებს მიეკუთვნება, ვისაც არც უმაღლესი განათლება აქვს, არც რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში უსწავლია, არც მაგისტრის ხარისხი აქვს და არც დოქტორის, რაც როგორც წესი „სილიკონ ველზე“ მყოფთა სავიზიტო ბარათია.

„აბსოლუტურად არანაირი ტექნოლოგიური განათლება არ მაქვს. ტექნოლოგიურ კომპანიაში ერთი დღეც კი არ მიმუშავია“, - ამბობს პეჯმანი.

და მაინც, ამის მიუხედავად დღეს ნოზადი „სილიკონ ველის“ გავლენიანი ვენჩურული ინვესტორია, რომლის ქონებაც 50 მილიონ დოლარს აღწევს.

ყველაფერი კი პალო ალტოში (ქალაქი კალიფორნიაში, „სილიკონ ველის“ ისტორიული ცენტრი და არაოფიციალური დედაქალაქი) ხალიჩების გაყიდვით დაიწყო. თუმცა მანამდე, მომავალმა ინვესტორმა გრძელი გზა განვლო.

პეჯმან ნიზადი თეირანში გაიზარდა, 1980 წელს მისი ოჯახი იძულებული იყო ირანი დაეტოვებინა და საცხოვრებლად გერმანიაში გადასულიყო. მანჰეიმში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ, ნიზადმა სან ფრანცისკოში მცხოვრებ ბიძასთან წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. სან-ფრანცისკოს რეისის თვითმფრინავში მომავალი მილიონერი 700 დოლარითა და დამტვრეული ინგლისურით ავიდა.

მისი პირველი სამსახური სან ხოსეში ირანელების სამრეცხაო იყო, სადაც ავტომობილების მრეცხავი იყო, მერე კი ყავის მაღაზიაში მტვირთავად დაიწყო მუშაობა. იქვე, მაღაზიის საწყობში ცხოვრობდა, ღამით კი ინგლისურს სწავლობდა.

1994 წელს ირანელ ემიგრანტს ამირ ამიდს, რომელიც პაოლო ალტოში ირანული ხალიჩების მაღაზიას ფლობდა, ხალიჩების გამყიდველის ვაკანსიასთან დაკავშირებით ნიზადმა დაურეკა და სამსახურში აყვანა სთხოვა.

„გაყიდვების გამოცდილება თუ გაქვს?“, - ჰკითხეს გასაუბრებაზე. „არა, მაგრამ მომეცით შანსი“, - მტკიცედ უპასუხა ნიზადმა.

5-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, უკვე გამართული ინგლისურით მოსაუბრე ნიზადმა ხალიჩების მაღაზიის მფლობელს დაუმტკიცა, რომ ხალიჩების საუკეთესო გამყიდველია და კომპანიას 5 წლის განმავლობაში 8 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. პეჯმან ნიზადის ერთგულ კლიენტებს შორის „სილიკონ ველის“ წამყვანი ინვესტორები იყვნენ.

თანდათან, ნიზადი მიხვდა, რომ ახალ საფეხურზე უნდა გადასულიყო. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა ინვესტორებისთვის ხალიჩების მაღაზიაში ჩაისა და ყავის საღამოები მოეწყო და ვენჩურული ინვესტორების გამოცდილებას გაცნობოდა.

ნოზადის წამოწყებას მხარი დაუჭირა ხალიჩების მაღაზიის მფლობელმა ამიდმა, რომელმაც გადაწყვიტა ვენჩურული კაპიტალდაბანდებები გაეკეთებინა და ამ მიზნით „სილიკონ ველზე“ იმ პერიოდში ახალგამოჩენილი პირველი კომპანიების - „გუგლისა“ და „ფეიფალის“ ოფისების გვერდით პატარა ოფისი გახსნა.

1999 წელს ამიდების ოჯახმა ოფიციალურად დააფუძნა საინვესტიციო ფონდი საწყისი კაპიტალით 2 მილიონი დოლარით. ფონდს Amizad ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე საინვესტიციო თანხები მწირი იყო - 25 ათასიდან 250 ათას დოლარამდე, რაზეც ვენჩურული ინვესტორების უმრავლესობა თავს არც კი იტკიებდა, პეჯმანის თავდაუზოგავმა შრომამ სტაბილური შედეგები მოიტანა.

ნოზადის პირველი მსხვილი საინვესტიციო პროექტი სტარტაპი Danger გახდა, რომლის მიზანიც მონაცემთა გადაცემისთვის პორტატული მოწყობილობის შექმნა იყო. თავის დროზე ნოზადმა Danger -ის თანადამფუძნებელს ენდი რუბინს ხალიჩა 5 ათას დოლარად მიყიდა. სწორედ მაშინ შედგა ნაცნობობა. ხალიჩის მიყიდვაზე მოლაპარაკებების დროს, ნოზადი, რომელსაც თითქმის არაფერი გაეგებოდა ტექნოლოგიების, იმდენად მოიხიბლა ენრი რუბინით (ეს უკანასკნელი ახლა „გუგლის“ ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს), რომ ამიდთან მივიდა და უთხრა - „ეს ის ბიჭია, რომელიც გვჭირდება. თქვენს ადგილზე აუცილებლად ჩავდებდი მის სტარტაპში ფულს“. საბოლოოდ, „ამიზადის“ ფონდმა Danger-ს 400 ათასი დოლარის ოდენობის ჩეკი გამოუწერა.

სულ მალე Danger -მა მობილური ტელეფონებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა დაიწყო, მალე კი “მაიკროსოფტმა“ 500 მილიონ დოლარად იყიდა. ასე მოუტანა პირველი მოგება სტარტაპში განხორციელებულმა ინვესტიციებმა „ამიზადის“ ფონდს.

წლიდან წლამდე ნოზადი უფრო აქტიურად დებდა ინვესტიციებს სტარტაპებში, თუმცა გარდამტეხი 2007 წელი აღმოჩნდა, როცა TechCrunch-ის კონფერენციაზე ორი დამწყებ ბიზნესმენს - დრიუ ჰიუსტონსა და არაშა ფირდოუს შეხვდა. ბიზნესმენებმა თავიანთი სტარტაპის, მონაცემთა ონლაინ შენახვის სერვისის Dropbox-ის დემოვერსია წარადგინეს. რამდენიმე დღეში პეჯმანმა დამწყებ ბიზნესმენებს ხალიჩების მაღაზიაში უმასპინძლა. შეხვედრიდან ორ დღეში კი გადაწყდა, რომ „ამიზადის“ ფონდი და კომპანია „სექვოია“ Dropbox-ის სტარტაპში 1,2 მილიონ დოლარს ჩადებდნენ. „ამიზადს“ კი კომპანიაში წილი ექნებოდა. 2015 წლის მონაცემებით, Dropbox-ის მომხმარებელთა რაოდენობა 400 მილიონია, მისმა მოგებამ კი გასულ წელს 250 მილიონ დოლარს მიაღწია.

„დროფბოქსის“ გარდა, „ამიზადს“ დღეს წილი აქვს რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის Addepar, სოციალურ ქსელში Path, სოციალურ საქველმოქმედო სტარტაპში Causes, სათამაშო მოწყობილობა Badgeville-ში და სხვა.

თუმცა, პეჯმან ნოზადის უკვე წარმატებულ კარიერაში იყო ერთი დაუვიწყარი გადაწყვეტილება, რომელსაც „სილიკონ ველის კონკიად“ წოდებული ირანელი დღემდე ძალიან ნანობს. მისი შეცდომა „ფეისბუქს“ უკავშირდება, რომელიც ნოზადმა სოციალური ქსელის დაარსებიდან 10 წლის იუბილეზე საჯაროდ მოყვა წერილში „ჩემს 100 მილიონიან შეცდომაზე“.

„2005 წლის ივლისია. ახლახან დამირეკა შონ პარკერმა. პიტერ თიელმა „ფეისბუქში“ ინვესტიცია განახორციელა და შონს უთხრა, ჩემთვის დაერეკა. შონს პალო ალტოს უბანში ჩემი მშობლების კუთვნილი შენობის დაქირავება უნდოდა. „ფეისბუქის“ ოფისის სანახავად დამპატიჟა, სადაც მარკ ცუკერბერგი გავიცანი და ვნახე უამრავი ახალგაზრდა, რომლებიც კომპიუტერის მონიტორებს იყვნენ მიშტერებული. შონის მომავლის ხედვამ და იმის გააზრებამ, თუ როგორ გახდებოდა „ფეისბუქი“ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მალე გამაბრუა. ჩემი პირველი რეაქცია ასეთი იყო: "შეგიძლიათ ოფისი იქირავოთ, მაგრამ ინვესტიცია უნდა ჩამადებინოთ". შონმა კატეგორიული უარი მითხრა. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და დავემშვიდობეთ. რამდენიმე დღის შემდეგ შონმა კვლავ დამირეკა. "შეგიძლიათ 50 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელოთ". იმავე დღეს გადმომიგზავნა პირობები, რომელიც ინვესტირების შემთხვევაში უნდა შემესრულებინა. თუმცა, ჩვენი კომპანიისთვის პირობები მიუღებელი აღმოჩნდა. ინვესტიციაზე უარი ვთქვით. ცხრა წლის შემდეგ ვიხსნებ ამ ისტორიას და ორ უდიდეს გაკვეთილს ვიღებ: 1. როდესაც განსაკუთრებულ გამომგონებლებს ხვდები, დაუყოვნებლივ გააკეთე ინვესტიცია. 2. არ მისცე უფლება ზედმეტ ოთხ ცენტს ყურადღება გაგიფანტოს, ხეების მიღმა ტყის დანახვა უნდა შეძლო.

მარკი და შონი ჩემი მეგობრები არიან, “ფეისბუქმა კი სამყარო სამუდამოდ შეცვალა“, - წერდა პიჯმან ნოზადი თავის წერილში.

„სილიკონ ველის“ გავლენიან ვენჩურულ ინვესტორს უამრავი წარმატებისა და მილიონების მიუხედევად, დღემდე უარი არ უთქვამს ხალიჩების გაყიდვაზე - ნოზადმა სან ხოსეში ხალიჩების პრესტიჟული გალერეა გახსნა, რომელსაც მისი ძმა მართავს.