ფინანსების სფეროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ფიგურად ტერეზა მეი დასახელდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ფინანსების სამყაროში ყველაზე გავლენიან ადამიანად დასახელდა.

Bloomberg-ის ფინანსების სფეროში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მეორე და მესამე ადგილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა დაიკავეს.

სააგენტოს განმარტებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ფინანსების სამყაროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგს იმის გამო ლიდერობს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გადაწყვეტილებით გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის ფონზე, სიტუაციის კონტროლზე აყვანა შეძლო.

რეიტინგის პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მარიო დრაგი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი, მილიარდერი უორენ ბაფეტი და ბრაზილიელი მოსამართლე სერჯო მორო.

ფინანსების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში „ბლუმბერგმა“ 50 ცნობილი ფიგურა დაასახელა, მათ შორის „ტესლას“ დამფუძნებელი და მფლობელი ილონ მასკი (11-ე ადგილი), Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა (18 ადგილი), Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი (39 ადგილი), საუდის არაბეთის კრონპრინცის მოადგილე მუჰამად იბნ სალმან ალ-საუდი (42 ადგილი) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი (30 ადგილი).