კრემლის ცნობილი "ოქროს კარის" შემქმნელი ქართველი ოსტატი: "ჩემი ავეჯი პრეზიდენტისთვის ან მაღალჩინოსნებისთვის მზადდებოდა"

თამარის და დავითის უძვირფასესი ხატები, დამწვარ ხეზე შესრულებული მადონა, ბრინჯაოთი მოხატული ალვის ხის ფესვი, სხვადასხვა ზომის ქანდაკებები, ფერწერული ნამუშევრები - ეს იმ არაჩვეულებრივი და უიშვიათესი ნივთების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ბატონი გიორგი (კუკური) ლომიძის სახელოსნოში შეხვდებით. ოთახში შესვლისთანავე ჩემი ყურადღება ერთმა ხემ მიიპყრო. ტოტების გადანაჭრელ ადგილზე ხატები იყო ამოტვიფრული. როგორც ბატონმა გიორგიმ ბრძანა, ეს ხე წყალდიდობის დროს მტკვარს მოუგლეჯია და ნაპირზე გამოურიყავს. ხეზე კვეთის და ჩუქურთმის დიდოსტატს სახელოსნოში წამოუღია, ზედ ხატები ამოუტვიფრავს და "სიცოცხლის ხე“ დაურქმევია. მისი ყველა ნამუშევარი დიდი ისტორიის მატარებელია და თითოეულ მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ალბათ საოცრებათა სამყაროში რომ იმოგზაურო, ბატონი გიორგის სახელოსნოს უნდა ეწვიო.

- წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. ძველი სპორტსმენი გახლავართ, ფეხბურთს ვთამაშობდი.

ხელოვნებისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება მქონდა, ამიტომ როცა ფეხბურთს თავი დავანებე, საყვარელ საქმიანობას მივყავი ხელი. იმ დროს ქუთაისი ძალიან მაღალი ხარისხის ავეჯს უშვებდა, მეც იმ ქარხანაში ვმუშაობდი. მოსკოვის ხაზით ბევრი სიგელი მაქვს მიღებული. საბჭოთა კავშირის მასშტაბით ხშირად ვიმარჯვებდით. ჩატარდა სიმპოზიუმი და საუკეთესო მეავეჯედ დამასახელეს. სამუშაოდ მოსკოვში მიმიწვიეს. იმ პერიოდში ყველაზე მეტად ამას ვაფასებდი - თუ იყავი ძლიერი, ყველგან გაფასებდნენ და პატივს გცემდნენ. როცა კრემლში ჩავედი, ყველა პატივისცემით მეპყრობოდა. ხეზე მხატვრულ დამუშავებას ვხელმძღვანელობდი. ქუთაისიდან წაყვანილი მყავდა მოსწავლეები და გორბაჩოვის კაბინეტის ავეჯი მთლიანად ჩვენ გავაკეთეთ. ვიცი, რომ ბრეჟნევს და კუნაევსაც ჰქონდათ ჩემი გაკეთებული ავეჯი. მე კი ვიცოდი, რომ ეს ავეჯი პრეზიდენტისთვის ან მაღალჩინოსნებისთვის მზადდებოდა, მაგრამ იმ დროისთვის ამის გამხელის უფლება არ მქონდა.

- გორბაჩოვი კმაყოფილი იყო თქვენი შრომის შედეგით?

- კი, ძალიან კმაყოფილი იყო. უდიდეს პატივისცემას იჩენდნენ ჩვენ მიმართ, რაც იმის დასტური იყო, რომ ჩვენი მუშაობით კმაყოფილები იყვნენ. ამ ყველაფერს კურირებდა რაისა მაქსიმოვნა, გორბაჩოვის მეუღლე. პირადად მასთან გავდიოდი კონსულტაციებს. 1987 წელს მომანიჭეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული ინჟინრის წოდება. პარალელურად მოსკოვში ვსწავლობდი გამოყენებითი ხელოვნების ისტიტუტში. მუდამ თვითგანვითარებისკენ მივისწრაფოდი.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეს დამსახურებები თუ დაგეხმარათ, რომ თქვენი ცხოვრება სასიკეთოდ წარმართულიყო?

- კი, ამ ყველაფერმა სასიკეთო გავლენა იქონია ჩემზე. მთელი ქალაქი და რესპუბლიკა მაფასებდა. მომივიდა ხმები, რომ სოციალისტური შრომის გმირობაზე მამზადებდნენ. ცხონებულმა მამუკა ასლანიკაშვილმა მითხრა (ქუთაისის პირველი მდივანი იყო). სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი, რადგან სწორედ იმ პერიოდში აირია ცხოვრება და არ დამცალდა.

- საბერძნეთშიც მოღვაწეობდით...

- ავეჯის კომბინატიდან რომ წამოვედი, პროფესიულად საკმაოდ გაზრდილი ვიყავი. მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ ქუთაისში დიდი წარმოება, ფაბრიკა "ატლანტი“. თავიდან კარგად აეწყო ყველაფერი, მოსკოვშიც გაგვქონდა ავეჯი. შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო ფაბრიკა დაიხურა. ოჯახური პირობების გამო იძულებული გავხდი, საბერძნეთში წავსულიყავი. 15 წელი ვიმუშავე იქ. ოჯახი აქ მყავდა და მეც პერიოდულად ჩამოვდიოდი მათ სანახავად.

- ოჯახის გარეშე არ გაგიჭირდათ?

- რა თქმა უნდა, მიჭირდა, მაგრამ აქ რომ დავრჩენილიყავი უფრო გაგვიჭირდებოდა. როცა ჩავედი, მივხვდი, რომ ჯერ უნდა დამემტკიცებინა, რა შემეძლო, თორემ ისე არავინ მომხედავდა. ამას დიდი დრო დასჭირდა. უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია, თან ენის პრობლემაც მქონდა. ვმუშაობდი ერთ ბერძენ მხატვართან კანაიატის მორაიტისთან და ის დამეხმარა. იმ დროისთვის საეკლესიო ნივთებს ვაკეთებდი, მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები. მერე ჩემი ფაბრიკაც გავაკეთე. მონაწილეობას ვიღებდი გამოფენებზე და ხშირადაც ვიმარჯვებდი, უამრავი სამახსოვრო სიგელი მაქვს... როცა საქართველოში დავბრუნდი, მუშაობის დაწყებაში ძალიან დამეხმარა ბატონი ირაკლი კობერიძე, რის გამოც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.

- ავეჯის გარდა ბევრ საინტერესო ნივთს ქმნით...

- მხატვარი არ ვარ, მაგრამ ვიცი ხატვა, ვარ მოქანდაკე, ვჭრი ხეზე, მარმარილოზე, ვაკეთებ ჩუქურთმებს და ა.შ.

- დაკვეთით მუშაობთ თუ თქვენი გემოვნებით ქმნით ნაკეთობებს?

- დაკვეთები ძალიან იშვიათადაა, მაგრამ მე არ ვჩერდები. ყველაფერი ჩემი გამოგონილი და ფანტაზიის ნაყოფია, როცა მუზა მოვა, მაშინვე უნდა შევუდგე გაკეთებას.

- თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით?

- ჩემი უსაყვარლესი ნამუშევარია თამარის ხატი, რომელიც დავხატე მუხის ძველ კარებზე. ეს კარები 200 წელზე მეტს ითვლის, ბულგარეთიდან ჩამოვატანინე ათენში ჩემს ახლობელს. ერთი მონუმენტალისტია შევიაკინი, მისი ახლობელი კოლექციონერი იყო ჩამოსული, რუსი ამერიკელი და მითხრა, ახლა სხვა საქმისთვის ვარ ჩამოსული, შემდეგში საგანგებოდ ჩამოვალ, მანამდე შენ მოიფიქრე რა ფასში მომყიდი თამარის ნახატს, ასი ათასში, ორასი ათასში თუ უფრო ძვირადო. მე გადაგიხდი ნებისმიერ თანხას, მაგრამ გავა წლები, გავაკეთებ გამოფენას და თქვენ მთავრობას რამდენიმე მილიონად მივყიდი ამ ნამუშევარსო.

ასევე გამოვარჩევ რაფაელის სიქსტის მადონას. საბერძნეთში, ტყეში დამწვარი თუთის ხე ვნახე, წამოვიღე და მასზე დავხატე მადონა. მე და მან მთელი ევროპა ერთად შემოვიარეთ. დამქონდა ქვეყნიდან - ქვეყანაში, გამოფენიდან - გამოფენაზე. 62 კილოა და საკმაოდ მიჭირდა მისი ტარება. საბაჟოზე არ სჯეროდათ, რომ ჩემი ნამუშევარი იყო. მოჰყავდათ ექსპერტი და ამოწმებდნენ. ასე ჩამოვაღწიეთ საქართველომდე.

- გაიხსენეთ ყველაზე რთული ნამუშევარი, რაც შეგიქმნიათ.

- ყველაზე რთული ალბათ კრემლში, გეორგიევსკის დარბაზის დიდი კარებია. ამ კარებზე ვიმუშავე საკმაოდ დიდი ხანი. თავდაპირველად ხის ნაკეთობა იყო, შემდეგ მოაოქროვეს.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- არაჩვეულებრივი პროექტი მაქვს - "ვეფხისტყაოსანი“ თავისი პერსონაჟებით, თუმცა მისი შესრულება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვეძებ სპონსორს. დიდი სიამოვნებით გავაცნობ და გავუზიარებ ჩემს პროექტს დაინტერესებულ პიროვნებას.

იხილეთ ფოტოგალერეა

მერი ბლიაძე