ბიზნესი „ჩაკრულოს“ ჰანგებით

თბილისური სახლი, რომელშიც ნორვეგიული ატმოსფერო სუფევს, სამხატვრო გალერეასა და ტურისტულ სააგენტოს აერთიანებს.

ნორვეგიელი სვენ ვოგე წლების წინ ოსლოში მოსმენილმა „ჩაკრულომ“ საქართველოში ჩამოიყვანა, ახლა კი საკუთარ ბიზნესს მეუღლესთან ერთად უძღვება.

ამბობს, რომ ბიზნესს, როგორც საქმიანობას სხვა თვალით უყურებს და მისთვის მთავარი არა კომერციული მიზნები, არამედ საყვარელი საქმიანობისგან სიამოვნების მიღებაა. სწორედ ამიტომ, გალერეა “Nor-Ge”, რომელიც ძველი თბილისის მიდამოებში, ბოტანიკურ ბაღთან მდებარეობს, დამთვალიერებლებს უსასყიდლოდ ემსახურება.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაათვალიეროს ჩემი მეუღლის მიერ შექმნილი ნახატები. აქაურობას უამრავი ტურისტი სტუმრობს, მათ ძალიან მოსწონთ გარემო და სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. აქ რომ ყველაფერს კომერციული დანიშნულება ჰქონდეს, ეს საქმიანობა ჩემთვის ხიბლს დაკარგავს“, - ამბობს სვენი.

სვენის მეუღლე, თამარ ლომიძის თქმით, გალერეა მომგებიანია, რადგან ნახატების გაყიდვა არ უჭირთ. გალერეას ხშირად სტუმრობენ უცხოელები, რომელთაც ქართული ლიტერატურა, კულტურა, ფოლკლორი, მითოლოგია და ზოგადად, საქართველო აინტერესებთ.

სწორედ ამიტომ ქართულ-ნორვეგიული ოჯახმა გადაწყვიტა ტურისტული სააგენტო დაეფუძნებინათ და უცხოელი დამკვეთებისთვის საინტერესო ტურები შეეთავაზებინათ.

„მომხმარებლებს სტანდარტულ ტურებს არ ვთავაზობთ, არ გვაქს წინასწარ გაწერილი მარშრუტი, რადგან ყოველთვის დამკვეთის ინტერესების მიხედვით ვმოქმედებთ. ჩვენ თავად ვიღებთ მთელ ამ პროცესში მონაწილეობას. ვფიქრობ, საქართველოს ტურისტული თვალსაზრისით უდიდესი პოტენციალი აქვს. ერთადერთი პრობლემა, რომელსაც ამ სფეროში ვაწყდებით, პროფესიონალი გიდების ნაკლებობაა“,- აცხადებს სვენი.

სვენი ბიზნესს შემოქმედებითად უყურებას. თითოეეული ტურის დაგეგმვისას სცენარს წერს, სადაც ყოველი დეტალი გაწერილი აქვს. სწორედ ამგვარი ორგანიზებულობის გამო, უცხოელების მხრიდან კომპანიისადმი დაინტერესება დღითიდღე მატულობს. ნორვეგიულ-ქართული ოჯახი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.

„ყველაზე მეტად, რაც ჩემს საქმეში მხიბლავს, მრავალფეროვნებაა. გალერეა, ნახატები, ჩემი სიმღერა, ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ყოველივე დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, - ამბობს სვენი.

ნორვეგიელ ბიზნესმენს საკუთარი ოქროს წესი აქვს. მისი აზრით, სწორედ საქმისადმი სიყვარული, სტუმრისადმი ყურადღება და პროფესიონალიზმი განაპირობებს ბიზნესის წარმატებას.

მარიამ ტყეშელაშვილი