მადამ მსოფლიო - ლილიან ბეტანკური
მადამ მსოფლიო - ლილიან ბეტანკური
20 იანვარი / 2014
შუელერების სახლის პატარა ცოდვები და დიდი წარმატება.

ზოგიერთი მასზე ამბობს, პლანეტის უმდიდრესი ქალია, ზოგიც მხოლოდ ევროპის ყველაზე მდიდარ ქალბატონად მიიჩნევს. თავად 91 წლის კონცერნ L'Oreal-ის მთავარ აქციონერს, ლილიან ბეტანკურს კი, სხვისი აზრი სულაც არ აინტერესებს - მან კარგად იცის, რომ ყველგან და ყველაფერში პირველია.

კოსმეტიკის გიგანტი L'Oreal- მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი და შვეიცარიული ქრონომეტრივით მუშაობს – დღითი დღე ფართოვდება.

bpn

ლილიან ბეტანკურის ქონება ბოლო სამი წლის განმავლობაში გამუდმებით იზრდება და ამ დროისათვის 30 მილიარდ დოლარს აღწევს. თუ კომპანიამ აღებული კურსით განაგრძო სვლა, 2015 წლისთვის მსოფლიოს მილიარდერთა სიაში #9 და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალბატონი ბეტანკური მართლაც პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდეს. ფული ფულთან მიდისო, - ამბობენ.

ლილიან ბეტანკურს არც დიდი ბრძოლა დასჭირვებია ბიზნესის განსამტკიცებლად და არც პარფიუმერიული ფილოსოფიური ქვა აღმოუჩენია - მამისგან, ეჟენ შუელერისგან ერგო სიმდიდრე. თავად კი მხოლოდ ქონების შენარჩუნება და გაზრდა ევალებოდა. თუმცა ცნობილია, რომ ქონების შენარჩუნება მის შეძენას სირთულით დიდად არ ჩამოუვარდება.

პარფიუმერი

bpnპარფიუმერი ეჟენ შუელერი 1881 წელს დაიბადა პარიზში. ოჯახს საფუნთუშე ჰქონდა და ეჟენსაც მეფუნთუშეობა ეწერა, რომ არა მამამისის ბიზნესის კრახი. გაკოტრებული შუელერები პარიზის გარეუბანში გადაბარგდნენ და იქაც საფუნთუშე გახსნეს. ახლოს იყო იეზუიტთა კოლეჯი, რომლის სასადილოსაც პურ-ფუნთუშეულით ეჟენის ოჯახი ამარაგებდა. მალე ოჯახის მამამ ბიჭუნას კოლეჯში ჩარიცხვა უფასოდ მოახერხა. შვილმაც არ შეარცხვინა მშობელი და ოცდაორი წლის დიპლომირებული ინჟინერ-ქიმიკოსი ეჟენ შუელერი სორბონაში ლაბორანტის თანამდებობაზე მიიღეს. იმ ხანად ცოლი შეირთო და მალე სამუშაოდ საფრანგეთის ცენტრალურ აფთიაქშიც გადავიდა. მეუღლემ და სააფთიაქო ლაბორატორიამ - ამ ორმა ფაქტორმა განსაზღვრა ეჟენის შემდგომი ცხოვრება და, მასთან ერთად, კოსმეტიკის მსოფლიო ბაზრის განვითარებაც.

ყველაფერი პროზაულად დაიწყო. ერთ მშვენიერ დღეს, შინ სავახშმოდ მისულ ეჟენს ჩალის ქუდით დამშვენებული მეუღლე შეეგება, სუფრაც ისე გაუწყო, ქუდი თავიდან არ მოუხდია. გაკვირვებულმა ქმრის კითხვაზე, რატომ ეხურა ქუდი, ქალს ცრემლები წასკდა, ქუდი მოიხადა და იქიდან წითელ-ყვითლად აჭრელებული, ოდესღაც ქერა კულულები ჩამოეშალა. როგორც აღმოჩნდა, ლუიზას თმის საღებავი სწორად ვერ შეეზავებინა. საქმე იმაშია, რომ საუკუნის წინ სინთეტიკური საღებავები არ არსებობდა, თმას ინითა და ბასმით იღებავდნენ, ფერთა მრავალფეროვნების მიღწევა და ერთგვაროვანი ფერის მიღება კი ძნელი იყო.

ეჟენს გული აუჩუყა ცოლის ცრემლებმა, დაჰპირდა - ისეთ საღებავს შევქმნი, მდგრადიც იქნება და მოსახმარადაც ადვილიო. შუელერი ლაბორატორიაში ჩაიკეტა და მრავალრიცხოვან კოლბებზე ჯადოქრობა დაიწყო, გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, სინთეტიკური საღებავი შეექმნა. 

bpn

შედეგსაც არ დაუყოვნებია. საღებავიანი ფლაკონი მეგობარ პარიკმახერთან მიიტანა და მანაც კლიენტზე მოსინჯა.

"ნამდვილი სასწაულია, მშვენიერია", - აღტაცებას ვერ მალავდნენ პარიკმახერიცა და ქალბატონიც, რომელმაც გარისკა და საკუთარ თავზე ეჟენს 'ცდა" ჩაატარებინა. "რა ვუწოდოთ ამ მშვენიერებას?" ჰკითხა მეგობარმა. "L'Aureal" - მოკლედ უპასუხა შუელერმა. სწორედ ასე ერქვა, "ცდაჩატარებული" ქალბატონის მოდურ ვარცხნილობას.

შუელერების პატარა ბინაში საღებავისწარმოება დაიწყეს: საძინებელ ოთახში ლაბორატორია ამოქმედდა, სასტუმროში - სადემონსტრაციო დარბაზი მოეწყო და საქმეც დაიძრა.

1907 წელს დაარსებული პატარა კომპანიიდან, რომლის საწყისი კაპიტალი 800 ფრანკი იყო, მსოფლიო გიგანტი L'Oreal-ი იშვა, მაგრამ ეჟენის დებიუტი ბიზნესში სიძნელეებთან იყო დაკავშირებული.

1922 წლის ოქტომბერში მას ქალიშვილი, ლილიანი შეეძინა, ხუთი წლის შემდეგ კი ცოლი მოუკვდა. მთელი ათი წელი ეჟენი გოგონას მარტო ზრდიდა, მერე კი ცოლი შეირთო. იმ დროისთვის L'Oreal-ი კუსტარული საამქროდან კონცერნად იქცა, რომელიც თმის საღებავების გარდა ამზადებდა ცელულოზის ლაქს, გამოუშვა პარფიუმერიული ჟურნალი Votre Beaute და თმის შამპუნი - მანამდე თმას საპნით ან საპნის ფხვნილით იბანდნენ.

შუელერი რეკლამის ჯადოქარი იყო - იგონებდა სლოგანებსა და სარეკლამო სიმღერებს, სპონსორობდა რადიოგადაცემებს.

პირველი ქარხანა ეჟენმა პარიზში გახსნა. იქ ასი კაცი მუშაობდა. 1939 წელს კი L'Oreal-ს ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა. მშობლიურ ფირმაში ნორჩი ლილიანიც მუშაობდა - არდადეგების დროს საღებავებისა და ლოსიონების ბოთლებზე ეტიკეტებს აკრავდა. უკვე მილიონერი ეჟენი კი ქვეყნის ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსად იქცა.

პატარ-პატარა ცოდვები

bpnდღეს L'Oreal-ი მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციაა. "შუელერების სახლი" ცნობილ მარკებს აერთიანებს: Lancome, Kerastase, Garnier, Chacharel, Ralph Lauren, Biotherm, Giorgio Armani Beauty, Diesel, Maison Martin Margiela. კომპანიას აქვს კოსმეტიკური საქონლის გასაღების ყველაზე დიდი ქსელი მსოფლიოში - დაწყებული ელიტური კლინიკებითა და ინტერნეტ დაკვეთებით დასრულებული. მაგრამ არავის დავიწყებია ის რთული გზა, რაც შუელერ-ბეტანკურის ოჯახმა
გაიარა...

1934 წელი. პარიზში თანხმობის მოედანი კვამლშია გახვეული. ცეცხლგამჩენი სითხით სავსე ბოთლებით შეიარაღებული ფრანგი ულტრამემარჯვენეები მემარცხენე მთავრობის დამხობას ცდილობენ და პოლიციის მანქანებს აფეთქებენ. მეამბოხეებს აკავებენ, მაგრამ ზოგიერთი აქტივისტი იატაკქვეშეთს აფარებს თავს - იატაკქვეშეთად კი L'Oreal-ის შტაბბინა იყო ქცეული, სადაც საიდუმლო ორგანიზაცია ”კაგულიარების” შეკრებები ეწყობოდა. სწორედ ამ შეკრებებზე, მეორე მსოფლიო ომის გარიჟრაჟზე გაიცნო ლილიანმა ანდრე ბეტანკური. ის თავის მეგობარ ფრანსუა მიტერანთან ერთად ესწრებოდა კრებებს, სადაც ”კომუნისტებისა და მასონებისგან საფრანგეთის გადარჩენის პროგრამა” განიხილებოდა.

bpn”კაგულიერების” უმრავლესობა საფრანგეთის კაპიტულაციას ოპტიმიზმით შეხვდა. ეჟენ შუელერი ხშირად სტუმრობდა პარიზში ”ათასწლოვანი რაიხის” ელჩს, ოტო აბელს. დროს უქმად არც ანდრე ბეტანკური კარგავდა: ნორმანების უძველესი შტოს წარმომადგენელი პროფაშისტურ გაზეთ ”საფრანგეთის მიწას” გამოსცემდა, სადაც მოწინავე სტატიები ეჟენ შუელერის კალამს ეკუთვნოდა.

სსრკ-ის წინააღმდეგ გერმანიის მიერ ომის დაწყებისას შუელერი აღმოსავლეთ ფრონტზე საბრძოლველად მოხალისეთა ლეგიონს ქმნიდა, მაგრამ სტალინგრადის ბრძოლამ ყველაფერი შეცვალა. რაიხი ნაწილებად დაიშალა, კრახი განიცადა და ანდრე ბეტანკურმაც დასახმარებლად
თავის ძველ მეგობარ ფრანსუა მიტერანს მიაკითხა, რომელიც ადრე ვიშის რეჟიმის კოლაბორაციონისტულ ადმინისტრაციაში მსახურობდა, მაგრამ როგორც კი დენთის სუნი
იგრძნო, მაშინვე წინააღმდეგობის მეთაურებთან დაამყარა კავშირი. ჩანს, მიტერანმა და ბეტანკურმა
შემდგომში ისე ნაყოფიერად ითანამშრომლეს იატაკქვეშეთთან, რომ ომის შემდეგ სრული რეაბილიტაცია მიიღეს.

ენდე, თან შეამოწმე

გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ L'Oreal-ი, როგორც გერმანელებთან მოთანამშრომლე ფირმა, ბეწვზე გადაურჩა ნაციონალიზაციას. 1953 წელს ანდრესა და ლილიანს ქალიშვილი, ფრანსუაზა ეყოლათ. ლილიანი შვილის აღზრდით იყო დაკავებული, ანდრე ბეტანკური კი ფრანსუა მიტერანისა და ჟორჟ პომპიდუს ხელშეწყობით კარიერას იწყობდა: ჯერ ეროვნული საკრებულოს დეპუტატი გახდა, შემდეგ - სენატორი და ბოლოს კი - აკადემიკოსი. იგი 2007 წელს გარდაიცვალა. 

bpn
წელიწადია, რაც ქალბატონი ბეტანკური მარტო ცხოვრობს. კონცერნის მთავარ აქციონერს ფასიანი ქაღალდების 30% ეკუთვნის. თავიდან ადმინისტრაციულ საბჭოში ლილიანთან ერთად მისი ქალიშვილი ფრანსუაზა და სიძე ჟან-პიერ მეიერიც შედიოდნენ. თუმცა, 2011 წელს, სამწლიანი ცხარე სასამართლო განხილვების შემდეგ, ლილიანს მოუწია საკუთარი ქონების მეურვედ საკუთარი ქალიშვილი დაენიშნა. ქალბატონი ბეტანკური, რომელიც დემენტიითაა დაავადებული კომპანიის დირექტორთა საბჭოში შვილიშვილმა, 25 წლის ჟან-ვიქტორ მეიერსმა ჩაანაცვლა 2012 წლის თებერვალში. ზოგადად, ეჟენ შუელერის შთამომავლები ერთმანეთს ხშირად ებრძვიან მემკვირდრეობისთვის, ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან არაერთი სასამართლო პროცესი გამართეს.

bpnლილიანი მამას იშვიათად იხსენებს - პათოლოგიური ოპტიმისტი იყოო, - ამბობს. თავად გენიალური გამომგონებელი, პარფიუმერიის ჯადოქარი, ეჟენ შუელერი 1957 წელს გარდაიცვალა. მან წარმოების ისეთი მექანიზმი შექმნა, რომელიც საუკუნეა, შეუფერხებლად მოქმედებს.

ამჟამად L'Oreal-ი კოსმეტიკური ბაზრის ოთხ სფეროში მუშაობს: თმის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, კანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია. ნაწარმი 22 ქვეყნის 47 ქარხანაში მზადდება. საწარმოებში 13 ათასი კაცი მუშაობს, ლაბორატორიებში - 2700 ქიმიკოსი, რომლებიც ყოველწლიურად 3 ათასზე მეტ ახალ კოსმეტიკურ ფორმულას იგონებენ.

ბოლო ათი წელია, L'Oreal-ი ისტორიულად ფრანგული კომპანიიდან გლობალურ ჰოლდინგად იქცა. 

ლილიანს მენეჯერად გამოცდილი ხალხი ჰყავს, თუმცა მისი დევიზია: ”ენდე დაქირავებულ მენეჯერს, მაგრამ თან შეამოწმე”. 

bpnფირმის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის კომპანიის აგრესიულ და ჭკვიანურ რეკლამას. რეკლამასა და მარკეტინგზე შემოსავლის 30% იხარჯება. ”მე ხომ ამას ვიმსახურებ”, - განთქმული ფრაზა, რომელიც ცნობილი ამერიკული სააგენტოს პიარ-სპეციალისტებმა შექმნეს და აგერ უკვე 40 წელიწადია, L'Oreal-ის სლოგანია; კონცერნის სახეები კი სხვადასხვა დროს იყვნენ ენდი მაკდაუელი და პენელოპა კრუსი, მილა იოვოვიჩი და კატრინ დენევი, გონ ლი და ლეტიცია კასტა, ჯეინ ფონდა და ვირჟინი ლედუაიენი და სხვა მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი ქალები.

ქალბატონი ბეტანკური ქველმოქმედიც გახლავთ.მის მიერ 1987 წელს დაფუძნებული ფონდი ნიჭიერ ახალგაზრდებს ეხმარება. ლილიანმა თავისი სახელობის პრიზი დააწესა საგუნდო სიმღერაშიც.

ის არ იკეთებს სამკაულებს, გარდა საყურისა, უყვარს სიმშვიდე და სიმარტოვე. თავისი მრავალრიცხოვანი სახლებს შორის ლილიან ბეტანკურს ბრიტანეთში, 1926 წელს, მამამისის მიერ აშენებული გრანიტის ვილა განსაკუთრებით უყვარს. იქ, ევკალიპტების ჩრდილში, მას შეუძლია საათობით იჯდეს შეზლონგზე და ზღვასა და კუნძულ ბრეას გასცქროდეს.

bpn

მოამზადა თინა მარგველაშვილმა
წყარო : ”ეკოპალიტრა”
საიტის კომენტარები (0)
კომენტარები facebook-ზე ( )
რუბრიკის სხვა სიახლეები
19.08.2014
ბოთერაშვილმა დიდი როლი ითამაშა, რომ რუსებს "გაერთიანებული ქართული ბანკი" შეეძინათ
სრულად
16.08.2014
ოთხჯერ გაუკოტრებელმა ტერნერმა მსოფლიო მედია შეცვალა
სრულად
14.08.2014
ნანიკაშვილი და მისი პარტნიორი საქართველოში გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს
სრულად
11.08.2014
არის თუ არა განათლება წარმატების გარანტი?
სრულად
09.08.2014
ჰოლანდიური ლუდსახარში ბავარიელი მელუდეების გამოცდილებაზე აშენდა
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
კურსი
კონვერტორი
ბირჟა
USD
1
USD
1.7276
EUR
1
EUR
2.2936
GBP
1
GBP
2.8740
RUB
100
RUB
4.7692
21.08.2014