იდეებს რა უყვეს დოლჩემ და გაბანამ

დღეს თითქმის შეუძლებელია, იპოვო ადამიანი, ვისაც არაფერი სმენია ბრენდ Dolce & Gabbana-ს შესახებ.

დომენიკო დოლჩე - ტანდაბალი, ზანტი, მწვანეთვალება... დაიბადა 1958 წელს პალერმოს შემოგარენში, არცთუ შეძლებულ ოჯახში. ცოტა არ იყოს, ყურს სჭრიდა მამამისის "წოდება" - მცირე სამკერვალო ფაბრიკის მმართველი. ოჯახში მკაცრი სიცილიური იერარქია მეფობდა - მამის სიტყვა კანონი იყო. მშობლები დომენიკოს არ ანებივრებდნენ, ახალი სათამაშო და სამოსი იშვიათად ერგებოდა. მხოლოდ კვირაობით, ეკლესიაში შეეძლო ჩაეცვა "საპარადო" შალის კოსტიუმი. ექვსი წლიდან კი ბიჭი მამას მუშაობაში ეხმარებოდა და გამოცდილებას იძენდა. პატარა დომენიკომ იმდენად კარგად აითვისა ჭრა-კერვის ხელოვნება, რომ გენიალურობის გამო მოცარტიც კი შეარქვეს. გასართობად კი ბიჭუნა ნაჭრებისგან მინიატურულ კაბებსა და კოსტიუმებს ქმნიდა. ტრადიციისამებრ, დომენიკოს მამის ბიზნესი უნდა განეგრძო, მაგრამ ჭაბუკი სანაცვლოდ უნივერსიტეტში შევიდა. სწავლას ერთი წლის შემდეგ თავი დაანება და სამხატვრო სასწავლებელს მიაშურა, მისი დამთავრების შემდეგ კი მილანში წავიდა.

სტეფანო გაბანა - ჭროღათვალება, მაღალი, გამხდარი და ენაწყლიანი, 1962 წელს დაიბადა მილანში.

იქ საზოგადოებრივი მორალი ნაკლებად მკაცრი გახლდათ. სტეფანო ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი იყო ერთ-ერთი მდიდარი და ცნობილი სტილისტის ოჯახში. გაჭირვება არ აწუხებდათ და ბიჭიც მოდურად იცვამდა. სტეფანო ბავშვობიდან ხატავდა. მოგვიანებით მილანის სამხატვრო კოლეჯში გრაფიკასა და დიზაინს დაეუფლა და მხატვარ-გრაფიკოსად დაიწყო მუშაობა. მისი სპეციალობა იყო ”კრეატიული დირექტორი”, თუმცა ამ თანამდებობაზე ერთი დღეც არ უმუშავია. ჭაბუკს სულ სხვა ამოცანები იზიდავდა.

შეხვედრა მომავალთან

მომავალი დიზაინერები ერთმანეთს მილანის ერთ-ერთ ატელიეში შეხვდნენ, სადაც ორივენი ასისტენტებად მუშაობდნენ. ერთი შეხედვით ფრიად განსხვავებულმა ახალგაზრდებმა მალე გამონახეს საერთო ენა. საერთო კი ბევრი აღმოჩნდათ. გაირკვა, რომ ორივეს ძალიან უყვარდა ბაროკო, ასევე, 50-60-იანი წლების იტალიური კლასიკური ფილმები. ორივეს აღაფრთოვანებდნენ რეჟისორები და მსახიობები - ვისკონტი, დე სიკა, როსელინი, სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა, ანა მანიანი... ყმაწვილებმა გადაწყვიტეს, ერთობლივად მოესინჯათ ბედი მოდის სამყაროში. შედეგი ცნობილია - ოცდაათ წელზე მეტია, ერთად ქმნიან მოდას, მათი სამოსს კი ვარსკვლავების მომდევნო თაობა - იზაბელა როსელინი, მადონა, დემი მური, ნიკოლ კიდმანი და სხვები ირჩევენ.

მილანის ცენტრში პაწაწინა ერთობლივი სტუდია პარტნიორებმა 1982 წელს გახსნეს. აქ შექმნეს მათ თავიანთი პირველი კოლექციები. 1985 წელს დიზაინერებმა წინადადება მიიღეს, როგორც ნიჭიერ და იმედის მომცემ ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიეღოთ მილანის ნამდვილი მოდების ჩვენებაში "მილანო კოლეციონე". მათმა კოლექციამ გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. მოდელიერებმა წარმოადგინეს სამოსი "ნამდვილი ქალისთვის - ლამაზის, ძლიერის, მაგრამ არა იდეალურის" 1987 წელს დოლჩემ და გაბანამ ტრიკოტაჟის პირველი კოლექცია აჩვენეს საზოგადოებას, 1989 წელს კი, საცურაო კოსტიუმებისა და თეთრეულის.

შემოქმედებითი წარმატებები მყისვე აისახა საქმის კომერციულ მხარეზე. ათი წლის შემდეგ პაწია ატელიე მსოფლიოში სახელგანთქმულ ბრენდად, Dolce & Gabbana-დ იქცა და მფლობელებისთვის მილიონები შემოჰქონდა. გაფართოება მათ მალევე დაიწყეს - 1987 წელს მილანში ე.წ. შოურუმი (სადემონსტრაციო დარბაზი) გახსნეს. მოგვიანებით, 1994-ში კი კიდევ ორი დარბაზი მილანსა და ნიუ-იორკში. 1987 წელს გაჩნდა მათი პირველი საკუთარი მაღაზია. 1988 წელს დოლჩე და გაბანამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს "ონუარდ კაშიამა გრუპთან" და თავიანთი სამოსის გაყიდვა იაპონიაში დაიწყეს. იმავე წელს წყვილს ფინანსური მხარდაჭერის წინადადებით მიმართა "ჯენი გრუპმა", რამაც საშუალება მისცა დიზაინერებს, საკუთარი მაღაზიები გაეხსნათ არა მხოლოდ მილანში, არამედ ჰონკონგში, სინგაპურსა და სეულში.

სწორედ დოლჩემ და გაბანამ გადააქციეს ბუსტჰალტერი "სასირცხვილო" საცვლიდან დიდებულ აქსესუარად, რომლის ჩაცმა პიჯაკის ქვეშაც შეიძლებოდა. მათ დაუდეს საფუძველი თეთრეულის სტილს ქალთა მოდაში და იტალიელი ქვრივების შავი კაბები სუპერსექსუალურ სამოსად გადააქციეს.

სამოსის გამომგონებლები

დოლჩესა და გაბანას შთაგონების ძირითად წყაროდ იქცნენ იტალიელი მსახიობები - სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა და ანა მანიანი 50-60-იანი წლების ფილმებიდან. მათი მომხიბლავი სხეულები - ვიწრო კორსეტებში გამოკვართული წელი, ფუმფულა მკერდი და ჩამოქნილი ფეხები ჭკუიდან შლიდა მამაკაც კინომაყურებლებს. ეს მაღალი ეროტიკული დაძაბულობა დიზაინერებმა თავიანთ კოლექციებში გადაიტანეს: წვრილი წელი, პიჯაკის ქვემოდან მომზირალი ტოპები, მაქმანიანი წინდები, გამჭვირვალე კაბები. "თუმცა თქვენ ვერასდროს ნახავთ ჩვენს კოლექციაში შიშველ მკერდს ან უკანალს. ქალის სხეული მაცდუნებლად უნდა გამოიყურებოდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ხელმისაწვდომად", - განმარტავდნენ მოდელიერები.

მამაკაცებისთვისაც მუშაობა დიზაინერებმა 1990 წლიდან დაიწყეს და მათთვის კოლექცია პირველად შექმნეს. ძლიერმა სქესმა მაშინვე დააფასა "დოლჩე & გაბანას" სტილი. მათთან იცვამდნენ იჯი პოპი, ვუდი ჰარელსონი, სტინგი... 1900-94 წლებში დუეტი აღმასვლას განაგრძობდა. ისინი მიიწვიეს "ვერსაჩეს" ერთ-ერთი ბრენდის კონსულტანტებად. 1992 წელს თავიანთი მარკის პირველი პარფიუმერული პროდუქტი გამოუშვეს და "დოლჩე & გაბანა პარფიუმი" უწოდეს. მისმა სურნელმა პარფიუმერიის საერთაშორისო აკადემიის პრემია დაიმსახურა.

ჯინსის ხაზი დიზაინერებმა თავიანთ ასორტიმენტს 1994 წელს დაუმატეს. მათ მოდური გახადეს დახეული ჯინსი, აქსესუარები, სათვალეები. შექმნეს კოლექცია საგანგებოდ ახალგაზრდებისთვის. იმ დროიდან მოყოლებული, მათი ახალგაზრდული ხაზი მსოფლიოს ახალგაზრდების უნიფორმად იქცა. მოდელიერები წელიწადში 13-მდე კოლექციას ქმნიან და თითოეულში არის ნოვატორული იდეები. დოლჩე და გაბანა თვითგამოხატვისთვის ახალ-ახალ გზებს ეძებენ.

დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, დიდი წარმატების მიუხედავად, გულღია ადამიანები არიან და არც ჩაკეტილ ცხოვრებას მისდევენ. გულწრფელობისა და ეპატაჟურობის მიუხედავად, მაინც მორიდებულ იტალიელ ყმაწვილებად რჩებიან.

დოლჩესა და გაბანას მოდის სახლი დღესდღეობით ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაც. ფირმას 251 მონობრენდული მაღაზია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში აქვს გახსნილი. 2011-2012 ფინანსური წლის შედეგების თანახმად, კომპანიის გაყიდვის საერთო მოცულობამ 1 მილიარდ ევროს მიაღწია.

ნატა ენუქიძე