“სანაგვის დედოფალი”

დედამიწის უმდიდრესმა ბიზნესლედიმ ქონება სანაგვეზე იპოვა...

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩინეთს საკუთარი მილიარდერები ეყოლებოდა. თუმცა მას უკვე 2006 წელს 15 უმდიდრესი ადამიანი ჰყავდა, დღეისათვის კი მათი რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ქალი, რომლის ქონება სამ-ნახევარი მილიარდია. ყველაზე მდიდარმა ბიზნესლედიმ თავად შექმნა საკუთარი თავი. იგი ძალიან ამაყობს თავისი გვარით - ჩჟან ინი ”თაღის ბურჯებს” ნიშნავს. უფროს თაობას მისი გვარი მაო ძედუნის ნათქვამს ახსენებს - ცის ნახევარი ქალებზე დგასო. ასე რომ, ჩჟან ინი გვარს ამართლებს.

კულტურული რევოლუციის შვილი

ჯერ კიდევ 2001 წელს ნაკლებად იცნობდნენ ჩჟან ინსა და მის კომპანიას. თავად ”ნაგვის დედოფალიც” რას იფიქრებდა, ასეთ წარმატებას თუ მოიპოვებდა.

ერთმა ბიზნემენმა ჩჟან ინი სამსახურში ვერ მიიღო და გამომშვიდობებისას სასხვათაშორისოდ უთხრა, - მაკულატურა ულევი ტყეა. განსხვავება ისაა, რომ მოჭრილი ხე ძნელი აღსადგენია, ნახმარი ქაღალდი კი ყველგან არის. ეს ნაგავი არც არავის უნდა და არც არაფერი ღირს, მაგრამ მისი გადამუშავება და ხელახლა გამოყენება შეიძლება. მიღებულ პროდუქციაში კი სულ სხვა ფული კეთდებაო.

რჩევის მიღება კარგია, მაგრამ გამოყენებაა ძნელი, თანაც იმ დროს ჩინელ კონკიას არც სამსახური ჰქონდა, არც საჭირო განათლება, არც ფული, არც საჭირო კავშირები და რაც მთავარია, ღერი ინგლისური არ იცოდა, რაც ჰონკონგისთვის, სადაც საქმიანობას იწყებდა, წარმოუდგენელი იყო. მაგრამ მისი მთავარი ნაკლი იყო ის, რომ ქალი გახლდათ. ჩინეთში ქალი ხომ მხოლოდ ოჯახში საქმიანობდა. წარმომავლობითაც არ გამოირჩეოდა - ჩჟან ინი საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. მამამისი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ოფიცერი, კულტურული რევოლუციის დროს კონტრრევოლუციონერად გამოაცხადეს და ციხეში კარგა ხნით ჩააყუდეს. გაჭირვებაში ჩავარდნილ ოჯახს დენ სიოპინის რეფორმამ სულზე მოუსწრო. ხალხი დაიძრა ჰონკონგის ახლომდებარე სოფელ შენ-ჩჟენისკენ, სადაც ჩინეთში პირველი საგანგებო ეკონომიკური ზონა იქმნებოდა. 1985 წელს მომავალი მილიარდერიც იქ ჩავიდა. სამსახურიც იშოვა - ბუღალტრად მოეწყო, მაგრამ იმის გამო, რომ საშუალო სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული, დაითხოვეს. ის ან შუა ჩინეთში უნდა დაბრუნებულიყო, ან ჰონკონგში მოეძებნა სამსახური. სამსახური არა, მაგრამ სწორედ ჰონკონგში მიიღო ის საგულისხმო რჩევა. მერე ნაცნობმა ბიზნესმენმა საწყისი კაპიტალი - 30ათასი იუანი ასესხა. ჩჟან ინმა ნაღდი ფულით ქაღალდისა და მუყაოს მწარმოებელი უკვე სულთმობრძავი კომპანია იყიდა. ნედლეულს, ქაღალდის სახით აშშ-დან ყიდულობდა და საქმეც დატრიალდა. ზღაპრის სინამდვილედ გადასაქცევად ნებისმიერ ხერხს იყენებდა. დასაწყისში თავის მამის სახელსაც ექსპლუატაციას უწევდა - ყველა ჰონკონგელ ბინესმენს, ვისაც ფულის სესხებას სთხოვდა, ეუბნებოდა, რომ მამამისი ათი წელი იჯდა მაოს ჯურღმულებში, ხოლო მისი ოჯახი კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლია.. მშობლების გმირულმა წარსულმა უშველა და ჰონკონგელმა ბიზნესმენმა ჩჟანს ფული მისცა.

ცხრა დრაკონი

ჩჟან ინი ნიჭითა და მარიფათით ვერას გახდებოდა, ამერიკა-ჩინეთს შორის ვაჭრობის ტემპები რომ არ გაზრდილიყო. სტანდარტულ მუყაოს კოლოფებში ჩაწყობილმა ჩინური ფართო მოხმარების საგნებმა პრაქტიკულად დაიპყრო ამერიკული ბაზარი. ჩინეთს საკუთარი ტყეები თითქმის არ შერჩა, რუსეთიდან შემოტანილი დაფასოებული ხე-ტყე მუყაოს დასამზადებლად არ გამოიყენება.

კონტეინერები ამერიკიდან უკან ცარიელი ბრუდნებოდა - ოკეანის გაღმა გაგზავნილი ყუთები დაცარიელების შემდეგ ამერიკის სანაგვეებზე იყრებოდა. საცოდაობა იყო, ამით არ ესარგებლა ადამიანს.

გასაკვირი ის არის, რომ ხელისგულზე დადებული უწყვეტი ციკლის გლობალური იდეა აზრად მოუვიდა ჩინელი ჯარისკაცის ქალიშვილს და არა ქაღალდის ბიზნესის ამერიკელ მონსტრებს. ჩჟან ინმა ამერიკული ნაგვის შესყდვა დაიწყო. ნახევარ ფასად დატვირთა ცარიელი გემები და მაკულატურა ჩინეთში გაგზავნა.

90-იან წლებში ჩჟანი მეუღლესთან ერთად ჩავიდა აშშ-ში. შემოიარა მთელი ქვეყნის მიგდებული ნაგავსაყრელები და იპოვა ის, რასაც ეძებდა. ლოს-აჟელესის განაპირას მომავალმა მილიარდერმა თითქმის გროშებად იყიდა ნაგავსაყრელი ამერიკაში. მალე კი მის ბაზაზე შექმნა კომპანია America Chung am inc, რომელიც 2005 წელს აღიარეს აშშ-დან მაკულატურის ექსპორტის ლიდერად და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად. მისი დაარსებული საწარმოები კი მთელ ამერიკაშია მიმოფანტული.

ოლიგარქი ლიცენზიით

ჩჟან ინი ამით არ კმაყოფილდება. 1997-98 წლებში ჰონკონგის მახლობლად შექმნა კიდევ ერთი საოჯახო კომპანია უცნაური სახელწოდებით - Nine Dragons Paper (”ცხრა დრაკონის ქაღალდი”).

ორი წლის წინ ჩჟანმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ ბევრი რამ შეუძლია - მან თავის კომპანიის აქციები ჰონკონგის ბირჟაზე გაიტანა. ექსპრეტები ამ ნაბიჯს უწოდებენ ”ავანტიურას”, ”გაუმართლებელ რისკს”, ”მორიგ ფანტაზიას”, მაგრამ Nine Dragons Paper-ის ბირჟაზე გასვლის შემდეგ, ყველას გასაკვირად ამ ”ავანტიურას” მხარი დაუჭირეს გიგანტებმა Merrill Lynch Co-მ და Barring Asset Management-მა.

5.3-ათასკაციანი კომპანიის საბაზრო ფასმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. წლიური შემოსავალი მილიარდს აღემატებოდა. სუფთა მოგება 349%-ით გაიზარდა და 175 მილიონი დოლარი გახდა. ანალიტიკოსთა აზრით, თუ დღეს ქაღალდის გლობალურ ბაზარზე კომპანია Smurfit Stone ლიდერობს, შესაძლოა, მას Nine Dragons Paper-მა გაუსწროს. ერთადერთი რისკი - პეკინსა და ვაშინგტონს შორის შესაძლო ურთიერთობის გაფუჭებაა, მაგრამ ჩინელ ქალბატონს პოლიტიკური რისკი არ ანაღვლებს.

თინა მარგველაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”