ქართველი მილიონერი ნაღვლიანი თვალებით და ოქროს საათით

მოსკოვში ქებურიას ერთ-ერთი რესტორანი სანიტარულმა სამსახურმა ყველის დასაჭრელი დაფის არარსებობის გამო დახურა.

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი ბევრისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც წინა ხელისუფლებამ თბილისში პარლამენტის შენობის გაყიდვა გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, პარლამენტის შენობაში 50 მილიონი დოლარის გადახდა ჰქონდა გადაწყვეტილი. როგორც ამბობენ, შენობის ღირებულების ნახევარი უკვე გადახდილი ჰქონდა, თუმცა შემდეგ მთავრობა შეიცვალა და პარლამენტის შენობაც გაყიდვას გადაურჩა...

ქებურია, რომლის ბიზნესისტორიიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, თბილისში რესტორან "ამბასადორისა" და საგამოფენო სახლის მფლობელია, რუსეთში კი საკმაოდ დიდი ქონება აქვს. მათ შორის რესტორნები: "ტიფლისი", "თავადი ბაგრატიონი", "ტიფლისკი დვორი", ბიზნესცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქებურ პალასი".

ქართველი ბიზნესმენი პარიზში რესტორან "ქართულ სახლს" ფლობს. საქართველოში საკუთარი ღვინის ქარხანა ჰქონია, სადაც აწარმოებს ექსკლუზიურ ღვინოებს, მათ შორის "კაჭრეთულს", "ტიფლისსა" და "თავად ბაგრატიონს". სწორედ საქართველოში ჩამოსხმული ღვინოებით ამარაგებს თავის რესტორნებსა და ბარებს მოსკოვში.

ბუბას მას მეგობრები და ახლობლები უწოდებენ, დოკუმენტებში კი ელგუჯა შალვას ძე ქებურიაა. მოსკოვში ის დიდი მეცენატისა და მეგობრის სახელითაა ცნობილი. საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს შემოქმედებით წრეებთან და ხშირად ეხმარება რუსულ ბომონდს. მას უზარმაზარი მამული აქვს კახეთში, სოფელ კაჭრეთში, სადაც რუსი და ქართველი მეგობრებისთვის წვეულებებს აწყობს. ქებურია, "ქართველი ნაღვლიანი თვალებითა და ოქროს საათით" (ასე უწოდებს მას რუსული პრესა ), თავის მამულში სტუმრებს ქართული ღვინით, ჩურჩხელებითა და მწვადით უმასპინძლდება.

2011 წლის მონაცემებით, ქებურიას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჰქონდა და ფლობდა წილებს შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრსა და შპს ”ჯორჯიან მედში”. რამდენიმე წლის წინ ქებურიამ, სასტუმრო ”ამბასადორის” გვერდით მდებარე თოჯინების მუზეუმის შენობა შეიძინა და მის ნაცვლად მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს.

ქებურიას ცხოვრების არასაჯარო წესის გამო უჩინარ ბიზნესმენსაც უწოდებენ, თუმცა მცირე დეტალები მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ დროდადრო მაინც ჟონავს. მაგალითად, როცა რუსეთიდან ქართველების დეპორტაცია ხდებოდა, მოსკოვში ქებურიას ერთ-ერთი რესტორანი სანიტარულმა სამსახურმა ყველის დასაჭრელი დაფის არარსებობის გამო დახურა.

ბიზნესმენი სასტუმრო ”ამბასადორ კაჭრეთსაც” ფლობს. თავიდან თურმე კაჭრეთში ღვინის ქარხანა შეუძენია, 50 ათასი ბოთლი ”საფერავიც” ჩამოუსხამს და მოსკოვში ექსპორტზეც გაუტანია. მაგრამ, ქებურიას ღვინის ბიზნესს ემბარგომ მოუსწრო და აუცილებელი გახდა ბიზნესკონცეფციისთვის გადაეხედა. სწორედ ამის შემდეგ ააშენა კაჭრეთში სასტუმრო კომპლექსი, განავითარა ინფრსტრუქტურა და ვენახის ფართობებიც გაზარდა. მის სასტუმრო კომპლექსს საკუთარი გოლფის მოედანი აქვს და შენდება ასაფრენი მოედანი მცირე ზომის თვითმფრინავებისთვის.

ძნელია დაითვალო ქებურიას მილიონები, რადგან საჯაროდ ამაზე საუბარი ქართველ ბიზნესმენს არ უყვარს, თუმცა საკუთარი სოციალური სტატუსის ხაზგასმა არ ავიწყდება მის ვაჟს, თორნიკეს, რომელსაც ახლობლები თურმე თოშასაც ეძახიან. მისი კუთვნილი მანქანა "ლამბორჯინი" საქართველოს ნომრებით (GLP-700) საზღვარგარეთ პარკირების წესებს ხშირად არღვევს. ჯერ იყო და, ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედის სავალ ნაწილზე გაჩერებული ავტომობილის ფოტოები ადგილობრივმა პრესამ გამოაქვეყნა. შემდეგ პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე, ასევე აშკარად და შეიძლება ითქვას, თავხედური დარღვევით გაჩერებული 460 000 ევროიანი ,,ლამბორჯინის" ფოტოები გავრცელდა.

წარმოშობით სოხუმელ ბიზნესმენს, თორნიკეს გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს, გიორგი და ლიკა...