"ჰაინეკენი" - დედიკოს ფულებით დაწყებული ბიზნესი

ჰოლანდიური ლუდსახარში ბავარიელი მელუდეების გამოცდილებაზე აშენდა

ევროპული ლუდის მარკებიდან აშშ-ში ყველაზე პოპულარული ლუდი "ჰაინეკენია". მომხმარებელი მიიჩნევს, რომ ეს გერმანული ლუდია და ამის საფუძველიც აქვთ - თითქოსდა ტიპური გერმანული სახელწოდება. ჰაინეკენების ოჯახს მართლაც ჰქონდა გერმანული ფესვები, თუმცა ისინი ჰოლანდიელები იყვნენ. გარდა იმისა, რომ "ჰაინეკენი" დღესდღეობით ერთ-ერთი უმსხვილესი ლუდსახარში კომპანიაა მსოფლიოში, ის ასევე ცნობილია, როგორც ოჯახური ბიზნესის შესანიშნავი მაგალითი. მთელი ისტორიის განმავლობაში კომპანია ჰაინეკენების ოჯახს ეკუთვნოდა. და დღესაც, როცა კომპანია უკვე სააქციო საზოგადოებაა, აქციების საკონტროლო პაკეტი ოჯახის ხელში რჩება.

"ჰაინეკენის" ისტორია სათავეს XIX საუკუნიდან იწყებს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიის სათავეში ჰაინეკენების ოთხი თაობა იდგა. დღეს მათ წარმოადგენს შარლინ დე კარვალიუ-ჰაინეკენი - პირველი ქალი, ვისაც ეს პატივი ერგო.

დედის ფული

ყველაფერი დაიწყო 1863 წელს. ჰოლანდიაში ნამდვილი ლოთობა მეფობდა. უმრავლესობა ერთადერთ სასმელს - ჯინს სვამდა. ჯერარდ ჰაინეკენის საკმაოდ შეძლებულ დედას ძალიან აღიზიანებდა ლოთები. ყმაწვილმა გადაწყვიტა, ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაეჭირა - დედა დაეშოშმინებინა, მისი ფულის გამოყენებით და თავისი ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის გაკეთებით, თავადაც ეშოვნა ფულიც. ჯერარდმა დედას ფული სთხოვა ლუდსახარშის საყიდლად. მაშინდელი ჰოლანდიური ლუდი შარდს უფრო ჰგავდა და გასაკვირიც არ იყო ჯინის არჩევა, რომელიც მსმელებს მალე წყვეტდა კისერს. ამიტომაც ჯერარდმა მიზნად ხარისხიანი ლუდის დამზადება დაისახა. დედამ მას ქვეყნის ყველაზე დიდი ლუდსახარში კომპანია უყიდა, რაც იმედის მომცემად ჟღერდა, მაგრამ ქარხანა ცუდ მდგომარეობაში იყო. ყმაწვილს კი საუკეთესო ლუდის შექმნა სურდა.

22 წლის ახალგაზრდას კარგად ესმოდა, რომ De Hooiberg-ის ლუდის ხარშვის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მას ჰოლანდიაში არ სვამდნენ და არც მომავალში დალევდნენ. ამიტომაც მთავარით დაიწყო - პროდუქტით. უპირველეს ყოვლისა, მან ყურადღება მიაქცია ცნობილი ბავარიელი მელუდეების გამოცდილებას - იქაური ლუდი მართლაც შესანიშნავი გახლდათ. ბავარიაში, ჰოლანდიისგან განსხვავებით, დადუღების ე.წ. დაბალ სისტემას იყენებდნენ, განსხვავებით ჰოლანდიისგან, სადაც მაღალი დადუღება იყო დამკვიდრებული. ტექნოლოგიური ცვლილების წყალობით ახალგაზრდა ჰაინეკენის ლუდი გაცილებით ღია ფერის და რბილი გამოვიდა. მან სახელწოდებაც შეუცვალა საკუთარ პროდუქციას და "მუშის ლუდის" ნაცვლად "ჯენტლმენის ლუდი" უწოდა. ეს იყო 1869 წელს. ფასის მომატების მიუხედავად, გაყიდვა იზრდებოდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჯერარდმა კარგი საქმიანი თვისებები გამოავლინა და წმინდა მოგებაზე გასვლა ლუდის თავდაპირველი ბრენდითაც კი მოახერხა. წინსვლამ მეწარმეს საშუალება მისცა, კიდევ ერთი ქარხანა გაეხსნა.

დიდ ბიზნესს იღბალი მუდამ თან სდევს. ასე მოხდა კომპანია "ჰაინეკენის" შემთხვევაშიც - 1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომი დაიწყო. ამის გამო ბავარიიდან ჰოლანდიაში ლუდის მიწოდება შეწყდა. ასე შეწყვიტა განსაზღვრული დროით ბაზარზე შემოსვლა "ჰაინეკენის" მთავარმა და ყველაზე ძლიერმა კონკურენტმა. გაყიდვა მკვეთრად გაიზარდა და სამი წლის შემდეგ ჯერარდ ჰაინეკენმა ჩამოაყალიბა კომპანია Heinekens Bierbrouwerij Maatschappij N.V. ეს იმისთვის გაკეთდა, რათა ოჯახს დაქვემდებარებული ყველა ლუდსახარში ოფიციალურად გაერთიანებულიყო. ამას მოჰყვა ტექნოლოგიების სრულყოფა. ჯერარდ ჰაინეკენის ხელმძღვანელობისას აშენდა ლუდის მწარმოებელი ინოვაციური ქარხანა როტერდამში. ჰოლანდიურ ლუდის წარმოებაში პირველად დაინერგა ისეთი ცნება, როგორიცაა ხარისხის კონტროლი.

"საფუარი" ბიზნესისთვის

მოგების ზრდასთან ერთად მიმდინარეობდა კომპანიის სხვა ქარხნების ტექნიკური გადაიარაღება. შიდა ბაზრის დაპყრობის შემდეგ კი ფირმა ევროპულ ბაზარზეც შევიდა და საკმაო წარმატებითაც.

ლუდი "ჰაინეკენი" ნამდვილად გამოირჩეოდა შესანიშნავი გემოთი, ამიტომაც გასაკვირი არ იყო, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ჯილდო მოიპოვა, ეს კი კომპანიისთვის დამატებითი რეკლამა გახლდათ.

1870-იან წლებში კომპანიაში მოვიდა ექიმი ელიონი, თვით ლუი პასტერის მოწაფე. მისი ამოცანა იყო ლუდისთვის სპეციალური საფუვრის შემუშავება. მან ეს შეძლო და დღეს საფუარი "ჰაინეკენის" ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, რომელიც მის წარმატებას განაპირობებს. ის დაპატენტებულია და ლუდის არც ერთ მწარმოებელს ამ საიდუმლოზე ხელი არ მიუწვდება... მოგვიანებით კომპანიაში გაჩნდა ქარხნების გაგრილების ახალი სისტემა. მანამდე კომპანიები ჩვეულებრივ ყინულსა და მის მომწოდებლებზე იყო დამოკიდებული. XIX საუკუნის ბოლოსთვის კი ჰაინეკენების ქარხნებში ელექტროგანათება გამოჩნდა.

ჯერარდ ჰაინეკენი იმასაც მოესწრო, რომ ოჯახური ლუდსახარში კომპანია უმსხვილესი გახდა ნიდერლანდების ტერიტორიაზე. მთელ ქვეყანაში მას კონკურენციის ვერავინ უწევდა. ამასთან, მარკა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო მთელ ევროპაშიც.

ჯერარდის გარდაცვალების შემდეგ კომპანია მისი ვაჟის, ჰენრის ხელში გადავიდა. მას კარგი განათლება ჰქონდა, შესანიშნავად ერკვეოდა ქიმიაში და ხალხის მართვაც ემარჯვებოდა. სწორედ მისი გონიერება გახდა გადამწყვეტი კომპანიის მომავლისთვის. ჰენრი ჰაინეკენის მმართველობისას კომპანია არაერთ სიძნელეს შეეჯახა. ჯერ იყო პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ - დიდი დეპრესია. თუმცა იყო სასიკეთო ამბებიც. ჯერ ერთი, ჰენრის დროს ჩამოყალიბდა საპენსიო ფონდი და კომპანიაში თანამშრომლებზე ზრუნვა დაიწყეს. მეორე, "ჰაინეკენი" ერთ-ერთი პირველი ლუდი იყო, რომელიც "მშრალი კანონის" გაუქმების შემდეგ ამერიკაში გამოჩნდა. გარდა აშშ-ისა, ჰენრი ჰაინეკენმა აქტიურად დაიწყო ლუდის საექსპორტოდ გატანა იაპონიაში, ავსტრალიაში, კანადაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.

დინასტია

ჰენრი მისმა ვაჟიშვილმა, ალფრედ ჰაინეკენმა 1942 წელს შეცვალა, თუმცა ჰენრი კომპანიიდან არ წასულა, იგი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. საქმეს ალფრედიც წარმატებით გაუძღვა. სწორედ მის სახელს უკავშირდება რამდენიმე კომპანიის შთანთქმა საუკუნის შუა წლებში. ასევე წარმატებული იყო მისი სარეკლამო კომპანია, რომლის წყალობითაც "ჰაინეკენი" საბოლოოდ დამკვიდრდა მსოფლიოს ლუდის ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე მარკა.

"ჰაინეკენმა" 1969 წელს შთანთქა თავისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი -"ამსტელი", აგრეთვე სხვა ნაკლებად ცნობილი ფირმები. მაგრამ ალფრედის მთავარ მიღწევად მაინც ლუდის ბოთლებში ჩამოსხმა მიიჩნევა. მანამდე ჰაინეკენი მხოლოდ ჩამოსასხმელი იყო. ალფრედმა, შეიძლება ასეც ითქვას, პატარა ჰოლანდიური რევოლუცია მოაწყო, გაყიდვის თითქმის მთლიანი მოცულობა მან ბოთლებზე გადაიყვანა. ცხადია, "ჰაინეკენის" დღემდე საკულტო ბოთლის დიზაინიც სწორედ მის დროს შემუშავდა.

XX ს-ის 70-იანი წლებიდან კომპანია აქტიურად აშენებს თავის ქარხნებს მთელ მსოფლიოში. დღეს "ჰაინეკენის" ქარხნებია: იამაიკაზე, ტრინიდადში, ესპანეთში, რუსეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, საბერძნეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ირლანდიაში, იტალიაში, აშშ-ში და სხვ. სულ 135 ლუდსახარში 65-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთანავე, საინტერესოა, რომ ოდესღაც კომპანიის უმსხვილესი ლუდსახარში ქარხნები ამსტერდამში დაიხურა და დღეს მათ ადგილზე კომპანიის ოფისები და ლუდ "ჰაინეკენის" მუზეუმია.

დღესდღეობით 150 წელიწადზე მეტი ხნის ისტორიის მქონე "ჰაინეკენი" მსოფლიოს ლუდის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. ის 170-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი მარკის მფლობელიცაა. მისი წლიური შემოსავალი 11 მლრდ ევროს აჭარბებს. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჰოლანდიური ოჯახის პირმშო ყველაზე პოპულარული ლუდია აშშ-ში.

ამჟამად ფირმის აღმასრულებელი დირექტორი ჟან-ფრანცისკ ვან ბოომეერია. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელთა შორის არის ჰაინეკენების ოჯახის წარმომადგენელიც. შარლინ დე კარვალიუ-ჰაინეკენი ფირმის აქციების ყველაზე მსხვილ პაკეტს ფლობს და მმართველობის სხდომებს ესწრება, ხოლო მისი მეუღლე დამკვირვებელთა საბჭოს წევრია. ხუთი შვილის დედას საკონტროლო პაკეტი მამისგან, ფრედი ჰაინეკენისგან ერგო, რომელმაც თითქმის დაკარგული საოჯახო ბიზნესის სათავეში ჩადგომა და მისი ხელახლა ფეხზე დაყენება დასჭირდა.

მსოფლიოს 2000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის "ფორბსის" ბოლო, 2012 წლის აპრილის რეიტინგში "ჰაინეკენ ჰოლდინგზი" 421-ე ადგილზეა $13,25-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. მისი წლიური გაყიდვა $22,18 მილიარდი იყო და ფირმას 64 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ნატა ენუქიძე

bpn