ქართველი ”ამოუცნობი მაგნატი” ისრაელიდან

ნანიკაშვილი და მისი პარტნიორი საქართველოში გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს

ისრაელში ”ამოუცნობ მაგნატს” უწოდებენ, რადგან მიუხედავად მისი მასშტაბური ბიზნეს საქმიანობისა, ქართველი ბიზნესმენის შესახებ პრესისთვის ცოტა რამ თუ არის ცნობილი.

ისრაელელ მილიარდერებს შორის აბრაამ ნანიკაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა - ქართველი ბიზნესმენი ერთბაშად რამდენიმე სფეროში მოღვაწეობს, მისი საქმიანი ინტერესები კი ისრაელის გარდა, აშშ-ს, ყაზახეთსა და რუსეთს წვდება. საქართველოში დაბადებული აბრაამ ნანიკაშვილი 10 წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა ისრაელში რეპატრიაცია გადაწყვიტა და ქალაქ აშდოდში დასახლდა - ქალაქში, რომელიც ქართველი ებრაელების დედაქალაქად არის ცნობილი და სადაც დაახლოებით 40 ათასი ქართველი ებრაელი ცხოვრობს.

ახალგაზრდა აბრაამ ნანიკაშვილის პირველი სამსახური საბანკო სფეროს მიეკუთვნებოდა - ქართველმა მაგნატმა აშდოდში, იმ ხანისთვის ერთადერთ საბანკო განყოფილება ”დისკონტში” კლერკად დაიწყო მუშაობა. მის სხვა კლიენტებს შორის იყო ასევე საქართველოში დაბადებული და ისრაელში გადაბარგებული აშდოდის ვიცე-მერი და ”შეთავსებით” კერძო სადაზღვევო კომპანიის მფლობელი ეფრაიმ გური. სწორედ ამ უკანასკნელთან ნაცნობისა და შემდგომში მეგობრობის ხარჯზე დაადგა აბრაამ ნანიკაშვილი წარმატებული ბიზნესმენის გზას.

80-იანი წლების ბოლოს ახალგაზრდა აშოდელმა პოლიტიკოსმა და ქნესეთის ახალბედა დეპუტატმა ეფრაიმ გურმა, რომელიც ისრაელის პარლამენტში ქართულ თემს წარმოადგენდა, ქართველ მეგობარს თავისი სადაზღვევო კომპანიის მმართველობა ჩააბარა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა აბრაამ ნანიკაშვილის ბიზნეს კარიერასა და წარმატებაში ებრაელი ბიზნესმენი, უძრავი ქონების მაგნატი და საფეხბურთო კლუბ ”აშდოდის” მფლობელი ჯეკი ბენ-ზაკენი გამოდგა. ისრაელში ამობენ, რომ ბენ-ზაკენის ბევრი პროექტის ”ფინანსური ხერხემალი” სწორედ აბრაამ ნანიკაშვილია.

”ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობები გვაქვს. უკვე 30 წელია, მეგობრები ვართ და ამ ხნის განმავლობაში ჩვენს შორის უთანხმოება არასდროს ყოფილა”, - გამოუტყდა აშდოდელი ”რუხი კარდინალი” ბენ-ზაკი ერთ-ერთ ებრაულ გამოცემას აბრაამ ნანიკაშვილზე საუბრისას. და მართლაც, გაცნობის დღიდან დღემდე ისინი უახლოეს მეგობრებად და კარგ ბიზნესპარტნიორებად რჩებიან, მათ შორის, მშობლიური საპორტო ქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე.

აბრაამ ნანიკაშვილისა და ბენ-ზაკენის პირველი საქმიანი ურთიერთობა 90-იანი წლების ბოლო შედგა. მას შემდეგ საქმიანმა პარტნიორებმა აშდოდში ნამდილი იმპერია შექმნეს. 1997 წელს ქართველმა მილიარდერმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა, ყოფილ ფეხბურთელ ჰაიმ რევივოსთან ერთად უძრავი ქონების კომპანია ”ფილგარ ლტდ” დააფუძნეს, რომელმაც წარმატებული საქმიანობა მთელი ისრაელის მასშტაბით წამოიწყო.

2005 წელს ჯეკი ბენ-ზაკენმა და აბრაამ ნანიკაშვილმა კომპანია Israel’s Financial Levers-ის აქციები შეიძინეს და მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში აშდოდში უძრავი ქონების ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების შეძენით იყვნენ დაკავებული. იმავე წელს ისრაელის მედიამ ქართველი ბიზნესმენი ადგილობრივი მილიარდერებს შორის დაასახელა - აბრაამ ნანიკაშვილი 3,5 მილიარდი დოლარით საპატიო ოცეულში მოხვდა.

თანდათანობით, წლების განმავლობაში ქართველმა მილიარდერლმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა საქმიანობა გააფართოვეს და უძრავის ქონების შესყიდვა ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი ყაზახეთში დაიწყეს. პარტნიორები ამაზე არ გაჩერებულან და გადაწყვიტეს, ისეთი სხვა მნიშვნელოვანი სფეროებიც მოეცვათ, როგორებიც ენერგეტიკა, თანამედროვე ტექნილოგიები, მშენებლობა და მედიაა. ბიზნესპარტნიორები რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ადგილობრივი, ყოველკვირეული გამოცემა ”მაღაზიის” თანამფლობელები გახდნენ, მათ ასევე შეიძინეს კონსორციუმ Chemon Oil & Gas Resources-ის აქციები, რომელიც აზერბაიჯანულ კომპანიასთან ერთად აშდოდის სანაპირო წყლებში ნავთობის საბადოების დამუშავებას აწარმოებს.

ამგვარად, აბრაამ ნანიკაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორი ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სამ სფეროში მთავრი რესურსების მფლობელები გახდნენ - მათ განკარგულებაში აღმოჩნდა უძრავი ქონებისა და მიწის ბიზნესი, ენერგეტიკა და მედია. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამ ნანიკაშვილი თავად პირდაპირ არასდროს ერევა პოლიტიკაში და არც მედიასთან გამოირჩევა სიტყვაუხვობით, ებრაული მედია მას ხშირად აკრიტიკებს, რომ მისი კომპანია პოლიტიკოსებთან მეგობრობის წყალობით სხვადასხვა ტენდერებში იმარჯვებს.

წარმატებული ბიზნესის და ბიზნესმასშტაბების გაფართოების მიუხედავად, ყველასთვის უცნობია რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ”ამოუცნობი მაგნატის” მილიარდებმა შემცირება დაიწყო. 2009 წელს ისრაელის მედიამ აბრაამ ნანიკაშვილის ქონება 3,5 მილიარდი დოლარიდან 450 მილიონ დოლარად შეაფასა და ისრაელის ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 49-ე ადგილზე დაასახელა. ყველაზე მდიდრების რეიტინგებში პოზიციიების დაკარგვას აბრაამ ნანიკაშვილის ბიზნეს ინტერესების გაფართოების სურვილზე არ უმოქმედია. 2010 წელს ქართველმა მაგნატმა ძველ მეგობარ, ასევე წარმოშობით ქართველ ეფრაიმ გურისთან ერთად ბიზნეს საქმიანობა საქართველოში წამოიწყო. თუმცა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებასთან ებრაელმა პარტნიორებმა ურთიერთობა ვერ ააწყეს. ნანიკაშვილი და მისი პარტნიორი საქართველოში გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს.

მართალია, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია პრესაში იშვიათად ჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ დროის უმეტეს ნაწილს აშდოდში, ლონდონსა და მოსკოვში ატარებს, საქართველოს კი ბოლო ხანებში იშვიათად სტუმრობს.

მარი ჯავახიშვილი