წარუმატებლობით დაწყებული გზა მილიარდებამდე

სარა ბლეიკლის დაარსებული Spanx-ის პროდუქცია წარმატებით იყიდება მსოფლიოს 40 ქვეყნის ათი ათასზე მეტ მაღაზიაში.

ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალისთვის, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის ხარჯზე გახდა მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი, წარმატების მთავარი საიდუმლო წარუმატებლობაშია. 43 წლის სარა ბლეიკლი ფიქრობს, რომ სწორედ დიდ წარუმატებლობებზე კონცენტრაციის წყალობით შეძლო მიმხვდარიყო, რომ მარცხი - საბოლოო შედეგი კი არა, არასაკმარისად გაწეული ძალისხმევაა. ”წინსვლას მაშინ ვეღარ ახერხებ, როცა კომფორტის საკუთარ ზონაში ხარ მოქცეული და არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ იმაზე უკეთესი გახდე, ვიდრე გუშინ იყავი”, - ამბობს სარა ბლეიკლი.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც 29 წლის ამერიკელმა სარა ბლეიკლმა ელასტიური კოლგოტების მწარმოებელი ფირმის Spanx-ის დაპატენტება მოინდომა, იურისტებმა ეჭვის თვალით შეხედეს და მისი იდეა არადამაჯერებლად, აკვიატებულ აზრად მიიჩნიეს.

თუმცა, გამოცდილი იურისტების უარს სარა არ შეუშინებია. მან თავად გადაწყვიტა ფირმის დაპატენტებაზე განაცხადის დაწერა. ფირმის დაპატენტებიდან თითქმის 15 წლის შემდეგ სარა ბლეიკლის დაარსებული Spanx-ის პროდუქცია წარმატებით იყიდება მსოფლიოს 40 ქვეყნის ათი ათასზე მეტ მაღაზიაში. თავად სარა კი 2012 წელს ”ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერ ქალად დაასახელა, რომელმაც წარმატებას დამოუკიდებლად - მეუღლის, მამის ან მემკვიდრეობის გარეშე მიაღწია.

bpn

იმავე წელს ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა ელასტიური კოლგოტების ფირმის დამაარსებელი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა, წელს კი იგივე ”ფორბსმა” სარა ბლეიკლი მსოფლიოს გავლენიანი ქალბატონების ასეულში შეიყვანა.

ამერიკაში სარა ბლეიკლზე საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ Spanx-ის დამაარსებელი იმ იშვიათ ქალბატონებს შორისაა, რომელმაც თავად მოიფიქრა იდეა, შეიმუშავა პროტოტიპი, ჩაუშვა წარმოება, მოიგონა სახელწოდება, თავად შექმნა შეფუთვის დიზაინი, თითქმის დამოუკიდებლად გააფორმა სავაჭრო მარკა, თავად ახდენდა თავისი გამოგონების რეკლამირებას და წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ავრცელებდა საკუთარ პროდუქტს.

ის ასევე ერთადერთი ქალია, რომელიც 2013 წელს უორენ ბაფეტისა და ბილ გეითსის ფილანტროპულ კამპანიას, ”შემოწირულობის ფიცი”, შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები თავიანთი ქონების სულ მცირე, ნახევარს მაინც ქველმოქმედებას სწირავენ. გარდა ამისა, სარა ბლეიკლმა 2006 წელს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელიც ქალბატონებს განათლების მიღებასა და სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში ეხმარება.

სარა ბლეიკლი 1971 წელს ფლორიდის შტატის ქალაქ ქლეაუოთერში, იურისტისა და მხატვრის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სარა მამის კვალზე გაყოლას გეგმავდა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. იურიდიულ კოლეჯს მიღმა დარჩენილმა სარამ მუშაობა ”დისნეილენდში” , მისული სტუმრების დამხვედრად დაიწყო, მოგვიანებით კი ფაქსების კომპანიაში გააგრძელა მუშაობა და მოსახლეობას ტელეფონით სთავაზობდა ფაქსების შეძენას. ”დანკას” გიგანტურ კორპორაციაში ახალგაზრდა სარა მალე გახდა ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი, რამდენიმე წელიწადში კი დამწყებ თანამშრომლებს გაყიდვებში სემინარებს უტარებდა.

ელასტიური კოლგოტების წარმოების იდეა სარა ბლეიკლს შემთხვევითობამ უკარნახა - როდესაც ერთ-ერთ წვეულებაზე მყოფმა აღმოაჩინა, რომ კოლგოტები, რომელიც იმ წვეულზე ეცვა, დისკომფორტს უქმნიდა. სწორედ იმ საღამოს შემდეგ სარამ მტკიცედ გადაწყვიტა, კოლგოტების ბაზარი შეესწავლა და როგორც გაირკვა, ბაზარზე არსებულ ყველა ფირმას, რომელიც ელასტიურ კოლგოტებს უშვებდა, მამაკაცები ხელმძღვანელობდნენ. მისთვის ეს ერთგვარი შოკი იყო. იმავე დღეს დაებადა იდეა - თავად დაეწყო ქალბატონებისთვის კომფორტული, ელასტიური კოლგოტების წარმოება.

თავდაპირველად თავისი იდეა ჩრდილოეთ კაროლინაში კოლგოტების მწარმოებელ ფაბრიკებს შესთავაზა, თუმცა ყველა უარს ეუბნებოდა და უცნაურად ეჩვენებოდათ სარას იდეა, რომელიც კოლგოტების ფეხზე დამაგრებას ელასტიური მაქმანით, ნემსისა და ძაფის მეშვეობით სთავაზობდა. თუმცა, ბევრი წარუმატებლობის შემდეგ, ერთ-ერთი ფაბრიკის მეპატრონესთან შეხვედრა წარმატებული გამოდგა - შეხვედრიდან რამდენიმე დღეში Highland Mills-ის მფლობელმა დაურეკა და თანამშრომლობა შესთავაზა, რადგან ელასტიური კოლგოტებით მისი ახალგაზრდა გოგონები დაინტერესდნენ.

სარა ბლეიკლის სასტარტო კაპიტალი მთელი მისი დანაზოგი - 5 ათასი დოლარი იყო. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი დღეს უკვე მსოფლიოში საქვეყნოდ ცნობილ Spanx-ის ისტორიას. თუმცა, სარა ბლეიკლის დაპატენტებული ელასტიური კოლგოტებით ქალბატონები კარგა ხანს არ ინტერესდებოდნენ, ვიდრე 2000 წელს სარამ თავისი პროდუქციის ერთ-ერთი ნიმუში ოპრა უინფრის არ გაუგზავნა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა წამყვანმა რამდენიმე დღეში თავის შოუში სარა ბლეიკლის ელასტიურ კოლგოტებს წლის რევოლუციური პროდუქტი უწოდა.

იმავე წლის ბოლოსთვის სარას კომპანიის შემოსავალმა, რომელსაც ოფისი ჯერაც სარა ბლეიკლის ბინაში ჰქონდა, 400 ათასი დოლარი შეადგინა. ერთი სახეობის პროდუქტით დაწყებული ბიზნესი, 12 წლის განმავლობაში თითქმის 200-მდე პროდუქტით გაიზარდა. დღეს Spanx-ის ასორტიმენტი არა მხოლოდ ელასტიური კოლგოტებისგან, არამედ საცურაო კოსტიუმებისგან, ბიდებისგან, ბიუსჰალტერებისგან, შორტებისგან, სპორტული ტანსაცმლისა და მამაკაცების მაისურებისგან შედგება.

კომპანიის მოგება 2001 წლის 400 ათას დოლარიდან 250 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, დღეს Spanx-ში 125 ადამიანია დასაქმებული და მათგან მხოლოდ 16 მამაკაცი. ამერიკული ”ფორბსი” სარა ბლეიკლის კომპანიის რენტაბელურობას 20%-ით აფასებს, რამდენიმე წლის წინ კი უოლ სტრიტის ოთხმა საინვესტიციო ბანკმა Spanx-ის ღირებულება, რომლის ერთადერთი მფლობელი სარა ბლეიკლია, 1 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

”გწამდეთ თქვენი იდეის, ენდეთ თქვენს ინსტიქტებს, ნუ შეუშინდებით მარცხს. ელასტიური კოლგოტების გამოშვების იდეის განხორციელებას და პროდუქციის მაღაზიაში შეტანას ორი წელი მოვანდომე. ამ ხნის განმავლობაში თითქმის ათასჯერ მოვისმინე სიტყვა არა. თუ თქვენი იდეის 100 პროცენტით გწამთ, ვერაფერი შეგაჩერებთ. Spanx-ის წარმატების მთავარი ფაქტორი სწორედ ის იყო, რომ მე არ მეშინოდა წარუმატებლობის”, - სარა ბლეიკლი.

წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას Spanx-ის დამფუძნებლისთვის ხელი არ შეუშლია წარმატებული ოჯახური ცხოვრება ჰქონოდა. რამდენიმე წლის წინ ის ცოლად გაჰყვა ყოფილ რეპერს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. ”ის 50 პროცენტით ლიუსილ ბოლია (ცნობილი ამერიკელი კომედიური მსახიობი), 50 პროცენტით კი აინშტაინია”, - სწორედ ასე აფასებს სარას მეუღლე, ყოფილი რეპერი და მოქმედი მეწარმე ჯესი იცლერი.

მარი ჯავახიშვილი