რა ქონებას ფლობს პუტინის კარზე აღიარებული ქართველი მხატვარი

ზურაბ წერეთელი საყოველთაო ყურადღების ცენტრში, სხვა არტისტებისგან განსხვავებით, თავისი ქონებითაც ხვდება

საქართველოში რუსეთში მოღვაწე სკულპტორის, ზურაბ წერეთლის შესახებ აზრი ორად იყოფა - ის ან ძალიან არ მოსწონთ და რუსული იმპერიალისტური კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ან თავგამოდებით უჭერენ მხარს მისი მონუმენტების ქალაქის სხვადასხვა უბნებში აღმართვას. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთი რამ ფაქტია - ზურაბ წერეთლის შემოქმედების გავლენა აჩრდილივით დასდევს ქართულ ხელოვნებას და არ შორდება.

კრიტიკოსები მის ნამუშევრებს ერთფეროვნად, მოსაწყენად, უგემოვნოდ მიიჩნევენ. წლების განმავლობაში მისი თითქმის ყველა ცნობილი სკულპტურა მწვავე კრიტიკის საგანი ხდებოდა, იქნებოდა ეს თბილისში აღმართული წმინდა გიროგის ქანდაკება, თუ მოსკოვის ცენტრში პეტრე პირველის 98-მეტრიანი სკულპტურა.

ზურაბ წერეთელი საყოველთაო ყურადღების ცენტრში, სხვა არტისტებისგან განსხვავებით, თავისი ქონებითაც ხვდება - რამდენიმე წლის წინ ქართველ მილიარდერთა ათეულში ორი მილიარდი დოლარით მოხვდა. თუმცა, თავად ქართველმა მონუმენტალისტმა უარყო მედიაში გავრცელებული ეს ცნობა და გამოცემას სასამართლოში ჩივილითაც კი დაემუქრა. დღემდე უცნობია, რეალურად რა ქონების პატრონია რუსეთში მცხოვრები, პუტინის კარზე აღიარებული მხატვარი, რადგან ამ თემაზე საუბარს წერეთელი ყოველთვის თავს არიდებს. ამბობს, რომ მისი ქონება თავისი ხელოვნების ნიმუშებია.

თუმცა, ფაქტია, რომ 80 წლის მხატვარი პომპეზურობით გამოირჩევა - ცხოვრობს ფეშენებელურ სახლში, დადის ძვირადღირებული მანქანებით, მუდამ ელეგანტურად აცვია, მაჯას ოქროს საათი და სამაჯურები უმშვენებს, ხელს კი დიდი ზომის ოქროს ბეჭდები. წერეთელი მოოქროვილ, ბრინჯაოს უზარმაზარ ქანდაკებებს უსასყიდლოდ ჩუქნის სხვადასხვა ქალაქის მთავრობებს.

ასაკის მიუხედავად მის შრომისუნარიანობაზე ლეგენდები დადის. ”ამას მარტივი საიდუმლო აქვს - ძალიან მიყვარს მუშაობა. უბრალოდ გაჩერება არ შემიძლია”, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბ წერეთელმა.

ზურაბ წერეთელი თბილისში, ინჟინერ-მშენებლისა და ყოფილი არისტოკრატების ოჯახში 1934 წელს დაიბადა. მისი პროფესიის არჩევაზე დიდი როლი ითამაშა ოჯახმა, სადაც ხშირად იკრიბებოდა შემოქმედებითი ინტელიგენცია და ცნობილი მხატვრები - დავით კაკაბაძე, აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე და სხვები. მხატვარი იყო ბიძაც - გიორგი ნიჟარაძე, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია სკულპტორის მომავალ არჩევანზე.

თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ წერეთელმა თავდაპირველად მუშაობა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში დაიწყო, მოგვიანებით კი სწავლა საფრანგეთში გააგრძელა, სადაც როგორც ამბობენ, პიკასოსთან და მარკ შაგალთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა. “ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა, როდესაც პირველად მოვხვდი საზღვარგარეთ. საფრანგეთში მივხვდი, რომ მხატვარს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს - სკულპტურაც, ფაიფურიც, ვიტრაჟიც და მოზაიკაც”, - იხსენებდა მოგვიანებით ზურაბ წერეთელი.

პირველი ფული მხატვრობით საბჭოთა პერიოდში ”ნიანგისთვის” კარიკატურების ხატვით იშოვა, პირეველი პერსონალური გამოფენა კი 1998 წელს ჰქონდა, სახელწოდებით ”ინესა”, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა. ”აკადემიის დამთავრების შემდეგ ფული საერთოდ არ მქონდა - ვხატავდი, ესკიზებს ვაკეთებდი. ერთხელაც ვერტმფრენით მომაკითხეს, იქიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა და პირდაპირ მითხრა, ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე, გელოდებიან. სახელმწიფო აგარაკზე ჩავფრინდით. მომიახლოვდა ვიღაც მაღალი ჩინის წარმომადგენელი და მეუბნება - ყველა ეს შენობა ერთმანეთს ჰგავს და მოიფიქრე, რა შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ ლამაზად გამოიუყრებოდესო. ასე დაიწყო ჩემი კარიერის აღმავლობა. შემდეგ კი უამრავი შეთავაზებით მომმართავდნენ”, - იხსენებს წერეთელი.

ქართველმა მხატვარმა საქართველო ოჯახთან ერთად1989 წელს დატოვა და რუსეთის დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელ ლიდერთან, ზვიად გამსახურდიასთან კონფლიქტის გამო მიიღო. მოსკოვში მან მალე მოიპოვა ქალაქის მერის იური ლუჟკოვის მხარდაჭერა და ფაქტობრივად, ქალაქის ”ნომერ პირველ მონუმენტალისტად” იქცა.

დღეს მისი რამდენიმემეტრიანი, უზარმაზარი ქანდაკებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ამერიკაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელში დგას. მის ნამუშევრებს შორის არის წერეთლის ახლო მეგობრისა და მოსკოვის ყოფილი მერის ქანდაკება ”იური ლუჟკოვი, როგორც სპორტსმენი”, ასევე ვლადიმერ პუტინის სკულპტურა, რომელიც წლების განმავლობაში მისი სახლის ეზოს ”ამშვენებდა”. თუმცა, თავად ავტორი ჯიუტად ამბობს, რომ ეს არ არის პუტინის სკულპტურა, ეს არის სკულპტურა, სახელწოდებით ”ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”.

”ძალიან დიდი ხნის წინ პეტერბურგში, ბავშვთა შეჯიბრებას ვესწრებოდი, ტრიბუნაზე პუტინი დავინახე. მომეწონა მისი დგომის მანერა და მაშინვე ჩანახატი გავაკეთე, ხასიათი დავიჭირე”, - გამოტყდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი მონუმენტალისტი.

ზურაბ წერეთლის სკულპტურების აღმართვას თითქმის ყველა ქვეყანაში ხმაური ახლდა. ასე იყო ამერიკაშიც, საქართველოშიც და რუსეთშიც კი, სადაც თავის დროზე 98-მეტრიანი ”პეტრე პირველის” ქანდაკების აღმართვას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მოსკოვის მაშინდელი მერის ლუჟკოვის რჩეულს ნამუშევარს უწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი მორიგი უზარმაზარი სკულპტურა რაიონის არქიტექტურაში არ ჯდებოდა. ხელოვნებათმცოდნეები კი აცხადებდნენ, რომ ”პეტრე პირველი” თითქმის არაფრით განსხვავდებოდა ქრისტოფორე კოლუმბის ქანდაკებისგან, რომლის დადგმასაც 1992 წელს ზურაბ წერეთელი აშშ-ში გეგმავდა, თუმცა ამერიკელებმა მაშინ უარი თქვეს მის მიღებაზე.

ასე იყო თბილისშიც, წმინდა გიორგის ქანდაკების შემთხვევაშიც. თავისუფლების მოედანზე აღმართული 35-მეტრიანი, ბრინჯაოს მოოქროვილი მონუმენტი დღემდე რჩება ცხარე კამათის საგნად. საზოგადოების უმეტესი ნაწილი მას ერთ-ერთ ყველაზე უსახურ ქანდაკებად და მდარე გემოვნების ნიმუშად, კლასიკურ კიჩად მიიჩნევს. კრიტიკას წერეთელი მშვიდად ხვდება: "ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. ხელოვნებას ყოველთვის ან აქებენ, ან აძაგებენ, რადგან თანამედროვე ადამიანს მისი შეფასება არ შეუძლია. თუნდაც ეიფელის კოშკი გავიხსენოთ. თავიდან მის ავტორს ყველა ლანძღავდა, დღეს კი პარიზი უმისოდ წარმოუდგენელია. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს".

მარი ჯავახიშვილი