”დინამოს” პრეზიდენტი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მომავალშიც აპირებს

რომან ფიფია საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და საფეხბურთო კლუბის აღორძინებას შეუდგა.

საქართველომდე რომან ფიფია რუსეთში საქმიანობდა და საკუთარ ბიზნესს განაგებდა. თუმცა თავის დროზე რუსეთში ქართველი ბიზნესმენი აითვალწუნეს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან საქმიანი ურთიერთობები გააბა.

რუსულ პრესაში ხშირად წერდნენ, რომ რამდენიმე წლის წინ რუსეთში მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რის გამოც ფიფიამ ქვეყანა დატოვა და საფრანგეთში, კონკრეტულად კი ნიცის ლაჟვარდოვან სანაპიროზე გადაბარგდა. თუმცა, რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მილიარდერი ქართველი ბიზნესმენი რომან ფიფია 1966 წელს, გაგრაში დაიბადა. 17 წლის ასაკში, ბევრი მომავალი ქართველი მილიარდერის მსგავსად, ქონების დასაგროვებლად მანაც რუსეთს, კონკრეტულად კი ვოლგისპირეთის დედაქალაქს - სარატოვს მიაშურა და არც შემცდარა.სარატოვში ჩასულმა ახალგაზრდა ქართველმა ერთ-ერთ ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა პარალელურად მუშაობა დაიწყო - მისი პირველი სამსახური არც მეტი, არც ნაკლები მაღაზიის დირექტორის მოადგილეობა იყო. დირექტორი კი უკვე გამოცდილი ბიზნესმენი დიმიტრი აიაცკოვი გახლდათ, რომელიც მოგვიანებით სარატოვში ჩასული ახალგაზრდა რომან ფიფიას გავლენიან მფარველად, შემდგომში კი ბიზნესპარტნიორად იქცა.

რომან ფიფიას ბიოგრაფიაში ასევე აღნიშნულია, რომ გარდა სარატოვის უნივერსიტეტისა, 1996 წელს მან მოსკოვის სამომხმარებლო კორპორაციის უნივერსიტეტი დაამთავრა, სამი წლის შემდეგ სარატოვის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულიც გახდა. მიუხედავად რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლისა, რომან ფიფია აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობებში.

სარატოვში ცხოვრებისას ქართველი ბიზნესმენი სხვადასხვა ბიზნესს ფლობდა - მის კუთვნილებაში იყო ჰოლდინგი „აგროროსი“, რომელიც 15 მსხვილს საწარმოს აერთიანებდა. 90-იანი წლების ბოლოს კი რომან ფიფია სარატოვის ლიქიორისა და სპირტიანი სასმელების ქარხნის „ლიკსარის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. რომან ფიფიას ”ლიკსარში“ მისვლისთანავე, რომელსაც მანამდე არცთუ წარმატებული პერიოდი ჰქონდა, საწარმო გაიზარდა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მაღაზიების ქსელიც განავითარა.

წარმატებულ დირექტორობას მალე მოჰყვა ახალი ბიზნესები - ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოები, ავიაკომპანია "სარატოვის ავიახაზები", მეფრინველეობის საწარმოს პრივატიზაცია, სარატოვის მდინარის ტრანსპორტის საწარმოები, გემთმშენებელი ქარხანა, სარატოვის საფეხბურთო კლუბ „სოკოლის“ პრეზიდენტობა. სულ მალე გავლენიანმა ბიზნესმენმა სარატოვის წამყვანი ბიზნესმენების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება თავად რომან ფიფიას ქონებას, დაუზუსტებელი მონაცემებით, ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრებისას ის ქართველი მილიარდერების რეიტინგშია მოხვდა ნახევარი მილიარდი დოლარით.

რუსეთში საქმიანობის პარალელურად, ქართველი ბიზნესმენი კონტაქტებს არ წყვეტდა სამშობლოსთან და სხვადასხვა მსვილ ინვესტიციებს ახორციელებდა. 2011 წელს რომან ფიფიამ, სარატოვის საფეხბურთო კლუბში მიღებული გამოცდილების „დაბანდება“ ქართულ საფეხბურთო კლუბში სცადა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან თბილისის „დინამო“, როგორც ამბობენ, სიმბოლურ ფასად შეიძინა. ქართულ კლუბში რომან ფიფიას მოსვლას ძირეული ცვლილებები მოჰყვა - მოხდა კლუბის სრული მოდერნიზაცია, განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია, დინამოს საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში.

ბევრი მილიარდერის მსგავსად, რომან ფიფია აქტიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებსაც. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან სამი წლის წინ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გახსნა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით და მომავალ ფეხბურთელთა აღზრდისთვის საჭირო ყველა პირობითაა აღჭურვილი. აკადემიაში მყოფი ბავშვები უსასყიდლოდ ეუფლებიან ფეხბურთს. გარდა თბილისის „დინამოსი“, საქართველოში მილიარდერმა ბიზნესმენმა ინვესტიციები განახორციელა რუსთავის „აზოტის“ ქარხანაში. როგორც თავად ბიზნესმენი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო გააფართოვოს საქართველოში ბინზესსაქმიანობა და საკუთარი პორტფოლიო გაამდიდროს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არის რამდენიმე პერსპექტიული სექტორი, რომელიც ძალიან საინტერესოა. 2008 წლის ომის გამო ჩემი ინვესტიციების საკმაოდ მნიშნელოვანი თანხა დავკარგე, ამიტომ ძალიან მჭირდება სხვადასხვა პროექტებში ინვესტირების გაგრძელება. ერთადერთი რაც მეც და სხვა ინვესტორებს გვჭირდება, ეს იმედისმომცემი ხვალინდელი დღეა“, - აღნიშნავს რომან ფიფია.

მილიარდერი ბიზნესმენი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს და ამბობს, რომ სჯერა, საქართველო უახლოეს ათ წელიწადში ძალიან მიმზიდველი ქვეყანა და ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება.

მარი ჯავახიშვილი