ადამიანები, რომლებმაც ფულზე უარი თქვეს

წარსულში საკმაოდ წარმატებული ფსიქოთერაპევტი და პედაგოგი ჰაიდემარი შვერმერი უკვე 16 წელია, რაც ბარტერის სისტემით ცხოვრობს.

71 წლის გერმანელი არც ცდილობს საკუთარ ცხოვრებაში რაიმე სახის ცვლილებების შეტანას. 1990-იან წლებში იგი დორტმუნდში ფსიქოთერაპევტად მუშაობდა. სწორედ ამ დროს შეამჩნია, რომ მისი პაციენტების უამრავი პრობლემა ფულს უკავშირდებოდა. მოგვიანებით, მან სოციალური ქსელი ”აიღე და გაეცი” შექმნა. მისი წევრები ერთმანეთთან გაცვლა-გამოცვლას აწარმოებდნენ. მაგალითად, ზოგიერთები სხვებს ჭერის შეკეთებაში ეხმრებოდნენ, საპასუხოდ კი ძიძის დახმარებას იღებდნენ და ა.შ. თავდაპირველად, შვემერი საიტზე კონსულტანტის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა, მოგვიანებით, თვითონაც ჩაერთო სისტემაში. 1997 წელს მან უარი თქვა ფულზე, ამის შემდეგ იგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და ლექციებს კითხულობს. მთელი მისი ქონება ერთ ჩემოდანში ეტევა. ფინანსურ ოპერაციებს იგი ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებს. მაგალითად, სახლის ფულის გადახდის სანაცვლოდ, იგი ყარაულობს სახლს, რომელსაც ქირაობს. ქალი აცხადებს, რომ ასეთმა ცხოვრებამ იგი ბედნიერი ადამიანი გახადა. წარსულში ფსიქოთერაპევტი დოკუმენტური ფილმის გმირად იქცა და ავტობიოგრაფიული წიგნიც დაწერა სახელწოდებით - ”ექსპერიმენტი: ფული ციდან. ჩემი ცხოვრება ფულის გარეშე”.

52 წლის დანიელ შელაბარგერი, რომელიც ცნობლია ფსევდონიმით სუელო, ფულის გარეშე 2000 წლიდან ცხოვრობს. ამერიკელი მამაკაცი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მუშაობდა მზარეულად. ცხოვრების წესი სუელომ ეკვადორში მოგზაურობის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ნახა, როგორც მუშაობენ ადგილობრივი გლეხები საკუთარ ფერმებში, არ ყიდულობენ მავნე პროდუქტებს და არ უყურებენ ტელევიზორს. დენიელმა გადაწყვიტა, რომ არ სურს იყოს დამოკიდებული სავაჭრო სისტემაზე. მან მიატოვა სამსახური და საცხოვრებლად გამოქვაბულში გადავიდა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს. სუელო კენკრითა და ცხოველებით იკვებება, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს იღუპებიან. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს, იგი უფასო ბიბლიოთეკაში ატარებს, საიდანაც საკუთარ ბლოგს აწარმოებს. სუელო დარწმუნებულია, რომ ადამიანები იძულებულები ხდებიან, ფინანსური სისტემების მონებად იქცნენ, რომელთა ფუნქციონირებაში რაიმის შეცვლა არ შეუძლიათ. საკუთარი ექსპერიმენტით იგი ყველას მოუწოდებს დაბრუნდნენ გამოქვაბულებში, მიირთვან კენკრა. მისი თქმით, ფული აღარ უნდა წარმოადგენდეს ე.წ. აბსოლუტს.

ფინანსური კონსულტანტი ტორონტოდან, შენონ სიმონსი, 2010 წელს სამსახურიდან დაეთხოვა. 25 წლის სომონსმა გადაწყვიტა, მომსახურება მხოლოდ ბარტერულ სისტემაზე დაყრდნობით ეწარმოებინა. ერთ დღეს, კაფეში ყოფნის დროს, მან ორი გოგონას საუბარი მოისმინა, რომლებიც წუხდნენ, როგორ სწრაფად ქრება ფული. სიმონსმა გადაწყვიტა მათთვის დახმარება შეეთავაზებინა, რათა ბიუჯეტის გადანაწილებაში დახმარებოდა. მადლიერების მიზნით, გოგონებმა მას ლუდი უყიდეს და განაცხადეს, რომ ფინანსურ კონსულტანტთან წასვლის ფული არ ჰქონდათ. მსგავსი შემთხვევები შენონის ცხოვრებაში კიდევ რამდენჯერმე განმეორდა. სწორედ ამიტომ მან ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ერთი წლის განმავლობაში იგი ადამიანებს ფინანსებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს მისცემდა, ხოლო ანაზღაურების სახით ნებისმიერ ჯილდოს მიიღებდა, გარდა ფულადისა. თუმცა, ექსპერიმენტი დროზე ადრე დასრულდა. ფინანსისტმა აღიარა, რომ პრაქტიკაში მსგავსი იდეის რეალიზება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან არსებობს სიტუაციები, როდესაც შეუძლებელია ბარტერის გზით მოიპოვო საჭირო რამ. მაგალითად, ნაქირავები ბინის მფლობელთან მოლაპარაკება მან ვერ მოახერხა.

34 წლის ირლანდიელი მარკ ბოილია უკვე ხუთი წელია, რაც ინგლისის ერთ-ერთ ფერმაში ცხოვრობს და მხოლოდ ”ბუნების საჩუქრებით” იკვებება. ფერმაში საცხოვრებლად იგი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, 2002 წელს გადმოვიდა, სადაც მენეჯერად მუშაობდა. მაჰათმა განდის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მან შემდეგი ფრაზა მოისმინა - ”ადამიანი თვითონ უნდა იქცეს იმ ცვლილებად, რომლის ხილვაც მას სამყაროში სურს”.

როდესაც მარკმა ფულის გარეშე ცხოვრება გადაწყვიტა, მან ”ფეისბუქის” მეშვეობით ფურგონი ითხოვა, რომელიც მას მალევე აჩუქეს. ამის შემდეგ მან შეთანხმება დადო ფერმასთან, რომ მოხალისედ იმუშავებს, თუკი მეპატრონეები იქ ცხოვრების უფლებას მისცემენ. ექსპერიმენტი 2009 წელს დაიწყო, თუმცა, მარკი აცხადებს, რომ ფულისგან სრულიად თავის დახსნა შეუძლებელია. საკუთარ ბლოგზე ბოილი ხალხს ასწავლის, როგორ არის შესაძლებელი ფულის გარეშე სახლების შენება და მოგზაურობა. საკუთარ გამოცდილებაზე მან წიგნი დაწერა სახელწოდებით: ”The Moneyless Man: A Year of Freeconomic Living”.