ალექსანდრე მაშკევიჩს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდნენ

60 წლის მაშკევიჩი ისრაელის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა, მისი ქონება კი ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით 2,1 მილიარდ დოლარს შეადგენს

კვირის დასაწყისში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ისრაელის ყველაზე მდიდარი მოქალაქე, მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი ესტუმრა. ექსპრემიერის მაგნატი მეგობრის ვიზიტი და მისი სტუმრობა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, შესაძლოა, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რომ არა გარცელებული ინფორმაცია ალექსანდრე მაშკევიჩის მიერ ქართული ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესების შესახებ.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, შესაძლოა ალქსანდრე მაშკევიჩმა საქართველოში 100 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელოს, თუმცა კონკრეტულად როდის და რა სფეროში, ეს ამ დროისთვის უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ფარმაცევტული ბაზრით არის დაინტერესებული. ამის შესახებ გასულ წელს რუსული ”ფორბსისთვის” მიცემულ ინტერვიუში თავად საქართველოს პრემიერმაც კი აღნიშნა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ მის მეგობარს ყოფილმა ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა.

”არც უცხოელ მეწარმეებს ინდობდნენ. ჰკითხეთ საშა მაშკევიჩს. მას საქართველოში ფარმაცევტულ სფეროში პროექტი აქვს. მას და მის მეგობრებს საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნეს. ერთი პერიოდი საქართველოში ჩამოსვლაც კი არ შეეძლო, მისი შემოტყუება და ციხეში ჩასმა უნდოდათ”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა რუსულ ”ფორბსთან” ყოფილი ხელისუფლების მიერ ბიზნესმენებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრისას.

საქართველოში ინვესტირების მსურველი ალუმინის მაგნატი ყირგიზეთში დაიბადა. ბიზნესით დაინტერესებამდე, ალექსანდრე მაშკევიჩმა პროფესიად ფილოლოგობა აირჩია და სკოლის დამთავრების შემდეგ ყირგიზეთის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, მოგვიანებით კი დისერტაცია დაიცვა თემაზე ”პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის თეორია და ისტორია”, 1981 წელს კი საბჭოთა კავშირში ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერების კანდიდატი გახდა თავის სფეროში.

ბიზნესმა მომავალი მაგნატი 80-იანი წლების ბოლოს გაიტაცა და დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, არჩევანში არ შემცდარა - დღეს 60 წლის მაშკევიჩი ისრაელის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა, მისი ქონება კი ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით 2,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად აღნიშნა, ბიზნესი ყოველთვის იტაცებდა, მაშინაც კი, როცა ყირგიზეთის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესახებ ლექციებს კითხულობდა. ბიზნესში წარმატებას კი მეტწილად რწმენას უმადლის. ”ჩემმა ცხოვრებამ რწმენამდე მიმიყვანა. ყოველდღიურად ვგრძნობ ლოცვის აუცილებლობას და ტორას წესების შესაბამისად ცხოვრებას. თუმცა ივრითის სწავლა დღემდე ვერ მოვახერხე. ჩემი ახალი ცხოვრება რწმენით 6-7 წლის წინ დაიწყო და მისი სარგებელს ყოველდღიურად ვგრძნობ”, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ალექსანდრე მაშკევიჩმა.

რამდენიმე წლის წინ ალექსანდრე მაშკევიჩმა ისტორიული სამშობლოს - ისრაელის მოქალაქეობა მიიღო და როგორც ისრაელის მედიაში წერენ, უცხოეთის ქვეყნებში როგორც წესი, ისრაელის პასპორტით მოგზაურობს და ყოველთვიურად სტუმრობს ყაზახეთს, თუმცა იშვიათად ატარებს იქ ერთ კვირაზე მეტს.

პროფესიით ფილოლოგმა ბიზნესმენმა ქონების დიდი ნაწილი ყაზახეთში ”გარდაქმნის” პერიოდში დააგროვა ყაზახელ მილიარდერ პარტნიორებთან - პატოხ შოდიევთან და ალიან იბრაჰიმოვთან ერთად. ამჟამად ალექსანდრე მაშკევიჩი ტრანსნაციონალური სამთომომპოვებელი კომპანია Eurasian Natural Resources Corporation (ENRC)-ის აქციონერია, მისი და მისი ორი პარტნიორის - ყაზახელი ხელმძღვანელობით მოქმედი კომპანიები კი ყაზახეთის ალუმინის, რკინისა და ქრომის წარმოებას აკონტროლებენ, ასევე მონაწილეობას იღებენ ამ დარგების განვითარებაში რუსეთსა და უკრაინაში.

ENRC-ის აქციონერთა ტრიოს წინააღმდეგ ბელგიის სასამართლოში რამდენიმე წლის წინ ფულის გათეთრების ბრალდებით და თითქოსდა ბელგიური საინჟინრო ჯგუფისთვის Tractebel-ისთვის კონსულტაციების სანაცვლოდ 55 მილიონი დოლარის მიღებისთვის საქმე იყო აღძრული. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი,  ეს თანხა კომპანია ”ტრაკტებელს” მილიარდერებმა ქრთამის სახით გადასცეს.

2011 წელს ბრიტანულმა გამოცემა The Financial Times-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15-წლიანი გამოძიების შემდეგ ბელგიის სასამართლომ მილიარდერების სამეულის წინააღმდეგ აღძრული საქმე დაასრულა. გამოცემა წერდა, რომ სასამართლომ ალექსანდრე მაშკევიჩს, ალიჯან იბრაჰიმოვსა და პატოხ შოდიევს ჯარიმა დაუწესა, რომლის თანხაც ამ დრომდე უცნობია.

ყაზახურ და ებრაულ მედიაში ასევე ხშირად წერენ ალექსანდრე მაშკევიჩის მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, მეტწილად ებრაელი ხალხის კეთილდღეობისთვის აკეთებს. ასევე ამბობენ, რომ მილიარდერმა ბიზნესმენმა უამრავი სინაგოგის, მართლმადიდებლური ეკლესიისა და მეჩეთის მშენებლობა დააფინანსა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, საჯაროდ საკუთარ ქველმოქმედებაზე საუბარი მაინცდამაინც არ უყვარს და ყოველთვის თავს არიდებს ამ თემას.

მარი ჯავახიშვილი