ეფრაიმ გური- ებრაელი პოლიტიკოსი ქართული ფესვებით

ისრაელში ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ისრაელი-საქართველოს დაახლოებაში.

იმერეთის ერთი პატარა და ბევრისთვის ნაკლებად ცნობილი სოფელ კულაშის მცხოვრებლები დიდი ხნის წინ ალბათ, ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მათ სოფელში დაბადებული ბიჭი ისრაელში ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა. წლების განმავლობაში ეფრაიმ გური, იგივე ეფრემ გორელაშვილი, იყო ისრაელის პარლამენტის წევრი, აშდოდის ვიცე-მერი, კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე.

ებრაელი პოლიტიკოსი სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში დაიბადა. მომავალმა პოლიტიკოსმა სკოლაც საქართველოში დაამთავრა, თუმცა 1972 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. ეფრაიმ გურმა უმაღლესი განათლება მეორე სამშობლოში მიიღო, მისი პროფესიული საქმიანობა კი სადაზღვევო აგენტობით დაიწყო.

ეფრაიმ გურის პოლიტიკოსის კარიერა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, როცა ახალგაზრდა გური ისრაელის პარლამენტში აირჩიეს. პარლამენტარობამდე კულაშში დაბადებული ეფრაიმ გური ისრაელის ქალაქ აშდოდის ვიცე-მერი იყო, თუმცა ”შეთავსებით” ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიის მფლობელი. ისრაელის მედია ხშირად წერდა, რომ ეფრაიმ გურს ბიზნესი არც პარლამენტარობის დროს მიუტოვებია, თუმცა რა თქმა უნდა, ამას საჯაროდ არ აკეთებდა. კუთვნილი სადაზღვევო კომპანია მან ახალ მეგობარს, კიდევ ერთ ქართველს, საქართველოში დაბადებულ და ისრაელში გადაბარგებულ აბრაამ ნანიკაშვილს ჩააბარა.

”მცირე საოჯახო ბიზნესი მაქვს - ექსპორტი, იმპორტი... კომპანიაში ხელფასს არ ვიღებ, არც კომპანიის კუთვნილი მანქანით ვსარგებლობ და არც დანახარჯებს მინაზღაურებს ვინმე. მხოლოდ და მხოლოდ აქციების მცირე ნაწილის მფლობელი ვარ და ვიღებ დივიდენდებს. ამას კი კანონი არ კრძალავს”, - მოკრძალებით აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ეფრაიმ გურიმ.

თუმცა, 90-იან წლებში, როდესაც ქართველ პოლიტიკოსს ისრაელის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, მან ”მცირე ოჯახური ბიზნესი” პოსტსაბჭოთა სივრცეში გააფართოვა. ეფრაიმ გურმა, აბრაამ ნანიკაშვილთან და ისრაელის პარლამენტში მის ყოფილ თანაშემწესთან, მილიარდერ ჯეკი ბენ ზაკენთან ერთად ნედლეულის, პირველ რიგში კი ნავთობის ექსპორტი დაიწყო.

საქართველოში ებრაელი პოლიტიკოსის სახელი და გვარი განსაკუთრებით ”პოპულარული” გახდა გასულ წელს, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე ისრაელის მოქალაქისთვის ამორტიზებული შენობის იძულებით მიყიდვის გამო დაიბარეს. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2011-2012 წლებში მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული ბიზნესმენებისათვის ამორტიზებული და გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების იძულებით შეძენის გზით დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას.

აღნიშნული საქმის ერთი ეპიზოდი ეფრაიმ გურის მიერ სოფელ ტატანისში 168 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის (კულტურის სახლი) 412 000 ლარად შეძენას ეხება. ქართველი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ 2010 წელს ეფრაიმ გურის შვილის, რონენ გურის ბრალდების საქმეზე იგი რონენ გურის ინტერესებს იცავდა. ეფრაიმ გური მიიჩნევდა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო და სურდა, მის მიმართ საქმის შეწყვეტის მიღწევა.

"გიორგი ყავლაშვილმა, რონენ გურის ბრალდების საქმის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეფრაიმ გური შეახვედრა მთავარი პროკურორის იმჟამინდელ მოადგილეს დავით საყვარელიძეს, რომელთანაც ეფრაიმ გურმა დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ გადაეხადა თანხა. კერძოდ, გ. ყავლაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ ეფრაიმ გურმა თავისი შვილის, რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ საერთო ჯამში გადაიხადა 1 000 000 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში და მცხეთაში ამორტიზებული უძრავი ქონების შეძენის გზით. გადახდის ქვითრები კი წარუდგინა მთავარ პროკურატურას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მიუხედავად გასულ წელს მომხდარი ინციდენტისა, ფაქტია, რომ პოლიტიკისა და ბიზნესის მიღმა, ეფრემ გორელაშვილი ”მეორე სამშობლოში” მშობლიურ საქართველოს და ქართველ ებრაელებს არასოდეს ივიწყებდა.

ჯერ კიდევ 80-იან წლებში მისი ძალისხმევით აშდოდში საფუძველი ჩაეყარა ქართველი ებრაელების ხელოვნებისა და კულტურის ყოველწლიურ ფესტივალს, რომლის ორგანიზებაც გურის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ კიდევ ერთმა ქართველმა ითავა. ”მიხარია, რომ მოშე ჩემს გზას, ჩემს მიერ დაწყებულ საქმეს, ჩემს იდეებსა და პროექტებს აგრძელებს”, - გამოტყდა ერთ-ერთ ინტერვიუში ეფრაიმ გური.

ისრაელში ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ისრაელი-საქართველოს დაახლოებაში. გაწეული საქმიანობა საქართველოში ეფრაიმ გურს დაუფასეს და 1995 წელს იაკობ გოგებაშვილის პრემიით დააჯილდოვეს.

მარი ჯავახიშვილი