დიდი პრივატიზაციის მამა

საქართველოში ჩამოსვლამდე, 2003 წელს რუსი სპეციალისტები კახა ბენდუქიძის ქონებას 64 მილიონ დოლარად აფასებდნენ

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ”საქართველოს ცოდნის ფონდის” დამფუძნებელი, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში, გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

58 წლის კახა ბენდუქიძემ დაახლოებით ორი კვირის წინ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ კი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, სწორედ გადატანილი ოპერაციის გართულების შემდეგ გარდაიცვალა.

რუსეთში მრავალი წლის განმავლობაში მცხოვრები ბენდუქიძე საქართველოში ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაბრუნდა და 2004 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის წევრი გახდა - იყო ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მოგვიანებით კი რეფორმების კოორდინირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.

გამინისტრებამდე პროფესიით ბიოლოგსა და რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს, საქართველოში ცოტა თუ იცნობდა. მოსკოვში ახალგაზრდა წავიდა ასპირანტურაში სასწავლებლად. ცოტა ხანს პროფესიით იმუშავა - ლაბორატორიის გამგე იყო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ამ საქმიდან ხეირი არ იქნებოდა და რუსეთში სამეწარმეო საქმიანობას მიჰყო ხელი. შექმნა მძიმე ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია -„გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნები”. ხელმძღვანელობდა ნავთობის სახალხო საინვესტიციო-სამრეწველო გაერთიანება "ნიპეკს", "პრომტორგბანკის" დირექტორთა საბჭოს, გემთმშენებელი გაერთიანება "ალმაზის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო. ხელმძღვანელობდა "ურალმაშის" დირექტორთა საბჭოსაც. იყო რუსეთის მეწარმეთა და მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და ხელმძღვანელობდა საგადასახადო-საბიუჯეტო კომიტეტს.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, კახა ბენდუქიძე რუსეთში საქმიანობას ჩამოშორდა. იქიდან მოყოლებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თაოსნობით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი და საჭირო რეფორმა განახორციელა, მათ შორის ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ფინანსური სექტორის, შრომის ბაზრისა და სხვა მრავალ სფეროში.

მიუხედავად წარმატებული რეფორმებისა, საქართველოში მას ხშირად ადანაშაულებდნენ არასწორი რეფორმების გატარებასა და საქართველოს ქონების გაყიდვაში. ეკონომიკის მინისტრობისას მან თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი გაყიდა: "მადნეული", "თბილისის წყალი", "თელასი" და მასთან მიბმული ენერგოსადგურები, აგრეთვე "კვარციტი", ფეროშენადნობთა ქარხანა, "აზოტი", "ყაზტრანსგაზი", "ელმავალმშენი", საკომუნიკაციო სისტემები და "რაო ეესისთვის" გადაცემული სადგურები. ბენდუქიძემ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გაყიდა ბათუმისა და ფოთის პორტები, ენგურჰესი. ამის თაობაზე ”უხერხულ” შეკითხვებს კი კახა ბენდუქიძე თავისი ცნობილი ფრაზით პასუხობდა - იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა.

სახელმწიფო სამსახურიდან საგანმანათლებლო სექტორში გადასული ბენდუქიძე საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მანამდე, ვიდრე 2013 წლის მაისში აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია არ შეუწყვიტეს, რასაც სტუდენტთა პროტესტი მოჰყვა. ავტორიზაცია უნივერსიტეტს მალევე აღუდგა, თუმცა ბენდუქიძის წინააღმდეგ ბრალდებების სერია გაგრძელდა. ზესტაფონის მოსახლეობა კახა ბენდუქიძეს სოფელ საქარის ღვინის უნიკალური ენოთეკის გამო დაუპირისპირდა. მოსახლეობის თქმით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა 17 000 ღვინის ბოთლი ჩალის ფასად - თითო 23 თეთრად - შეიძინა და რაიონიდან მათ გატანას გეგმავდა. ენოთეკის დამცველები ამბობდნენ, რომ საქარის მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო ცენტრი 130 წლისაა და მასში ჩამოსხმული ღვინის პირველი ბოთლი 1905 წლით თარიღდება. 2011 წელს პრემიერ ნიკა გილაურის ბრძანებით, საქარის საცდელი სადგური აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდა და ის ბენდუქიძის ხელში აღმოჩნდა. 

საქართველოში ჩამოსვლამდე, 2003 წელს რუსი სპეციალისტები კახა ბენდუქიძის ქონებას 64 მილიონ დოლარად აფასებდნენ. 2004 წელს ეკონომიკის მინისტრის რანგში შევსებულ დეკლარაციაში კი კახა ბენდუქიძის საკუთრებაში იყო ბინა მოსკოვში, რომელიც იმ ხანად 444 ათას დოლარად იყო შეფასებული, მოსკოვის სამრეწველო-სავაჭრო ბანკის დეპოზიტზე კი 170 მილიონი რუბლი ერიცხებოდა.

”საქართველოს ცოდნის ფონდის” დამფუძნებელი, სამშობლოს გარდა, ყველაზე მეტად ალბათ უკრაინაში უყვარდათ, სადაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიწვევით, კახა ბენდუქიძე უკრაინის მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი გახდა. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ კახა ბენდუქიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისი აღმოჩნდა უკრაინის მთავრობისთვისაც.

”მწუხარებას გამოვთქვამ კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ახლობლებს, ასევე იმ მილიონობით ადამიანს, ვისთვისაც კახა ბენდუქიძე იყო და არის დიდი ცვლილებების მამოძრავებელი ძალა”, - დაწერა პეტრო პოროშენკომ ”ტვიტერზე”.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კი აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობის ქართველი მრჩეველის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვისაც.

”არასდროს დამავიწყდება მისი ფრაზები - თუ არ დაიწყებთ რეფორმების გატარებას, ხალხი ამ კაბინეტებიდან გამოგიტანთ”, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას.

მარი ჯავახიშვილი

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ლინკზე: Father of the Great Privatization