10 უმდიდრესი ქართველი პარლამენტარი

ცოტა ხნის წინ, ”ლეიბორისტულმა პარტიამ” საზოგადოებას ყველაზე მდიდარი პარლამენტარების სია წარუდგინა.

ეს ადამიანები წლების განმავლობაში საქმიანობდნენ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს კი მათ სახელს მილიონებად შეფასებული ქონება უკავშირდება... ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაზე მდიდარი ქართველი პარლამენტარების ქონებას უფრო დეტალურად გავცნობოდით და ამისთვის სხვადასხვა ოფიციალური და კულუარული ინფორმაცია მოვიშველიეთ.

დავით ბეჟუაშვილი - თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, 2008 და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით გახდა, თუმცა ”ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობიდან” წამოვიდა. მას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ გაუმჭვირვალე ბიზნესსაქმიანობის გამო. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით ბეჟუაშვილი 1994 წლიდან არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის - CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD-ის პარტნიორი. CHEMEXIM INTERNATIONAL LTD ფლობს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომლის საკუთრებაში არაერთი მსხვილი ქართული კომპანიაა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ბეჟუაშვილის კომპანიები მარშალის კუნძულებსა და კვიპროსზეა რეგისტრირებული. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ფლობს 8 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგურს, შპს ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფს”, რომელიც ამუშავებს ტყიბულში ძიძიგურისა და მინდელის სახელობის ქვანახშირის საბადოებს, ასევე ფლობს შპს ”ტიფლის სითის”, ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას, ”ქართული ლუდის კომპანიას” და ”ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას”. ჰოლდინგის მონაცემებით, ენერგოკომპანიების გამოკლებით, სხვა შვილობილი კომპანიების შემოსავლებმა მარტო 2011 წელს 52 მილიონი ლარი შეადგინა, აქტივებმა კი - 105 მილიონი ლარი. ”ლეიბორისტების” მიერ შედგენილ სიაში ის 1 მილიარდიანი ქონებით მოხვდა.

კობა ნაყოფია - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ჩვენს პარლამენტარებს შორის ყველაზე მეტი ანუ 7 ავტომობილი კობა ნაყოფიას და მისი ოჯახის წევრებს აქვთ. კობა ნაყოფია კანარის კუნძულებზე 300 კვ.მ ფართის აგარაკს ფლობს. გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის მოსკოვში 55 კვ.მ ფართის ბინას ფლობს, მასვე ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი გალში და მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის მასივში, რომლის ფართობიც 11 301 კვ.მ-ია. ნაყოფია ჭავჭავაძის გამზირზე 198 კვ.მ ფართის ბინის მფლობელია, ხოლო მისი მეუღლე ელგა სოფია მოსკოვში, 167 კვ.მ ფართის ბინის მფლობელი. სოფია თბილისშიც ფლობს ორ საცხოვრებელ და ორ მშენებარე ბინას. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინის მფლობელია მისი ვაჟი - ნიკოლოზ ნაყოფია. კობა ნაყოფია დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში 1670 კვ.მ ფართის მშენებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეც არის. 1994-2004 წლებში ნაყოფია რუსეთში, კერძო სექტორში მუშაობდა. 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში და გახდა ოქროს მომპოვებელი საწარმოს "მადნეულის" გენერალური დირექტორი. საინტერესოა, რომ ის ფილმის "აგვისტოს 5 დღე" პროდიუსერია. არაოფიციალური მონაცემებით, მისი ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გოგი თოფაძე - 2013 წელს შედგენილ 50 უმდიდრესი ქართველის სიაში გოგი თოფაძე 33-ე ადგილზე მოხვდა. ის წლების განმავლობაში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და არაერთი კომპანიის პარტნიორი იყო, მანვე დააარსა კომპანია ”ყაზბეგი”, ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ მოძრაობას - ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, შემდეგ კი, ”მრეწველთა” ფრაქციის ხელმძღვანელი გახდა. ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2013 წლის დეკემბერშია შევსებული, ვკითხულობთ: თოფაძის მფლობელობაშია 10 ათასი კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთაში, ასევე - მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ბინა ვაკეში - მცხეთის ქუჩაზე. მისი მეუღლის, მარინა თოფაძის სახელზეა გაფორმებული მიწის ნაკვეთები წყნეთში. თოფაძეების ოჯახს ეკუთვნის ავტომანქანა ”მერსედეს ბენცი”, რომელიც 2010 წელს არის გამოშვებული და ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო. გოგი თოფაძე სს ”ყაზბეგის” აქციონერია. ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებს, რომ კომპანიაში მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულება 584 608 ლარია. გოგი თოფაძეს რამდენიმე ანგარიში აქვს გახსნილი ”ქართუ ბანკში”. თოფაძისა და მისი ოჯახის ქონება სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯამში 600 მილიონ დოლარად ფასდება.

პარლამენტარ გოგი ლიპარტელიანის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში, ხოლო მისი მეუღლის, ნაზი ლიპარტელიანის მფლობელობაში - მსუბუქი ავტომანქანა, საცხოვრებელი სახლი თბილისში, საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, ასევე მიწის ნაკვეთები თბილისში, წავკისსა და მცხეთაში. გოგი ლიპარტელიანი ს/ს ,,ელექტროავტომატში” 57 430 დოლარის ღირებულების აქციის მფლობელია, მისი მეუღლე კი - ამავე კომპანიაში 34 714 დოლარის აქციისა. მიმდინარე ანგარიშზე დეპუტატს 2 300 ლარი ერიცხებოდა. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული 165 000 ლარის ოდენობით ჰქონდა. გოგი ლიპარტელიანის მეუღლე, ნაზი ლიპარტელიანი არის პარტნიორი რამდენიმე კომპანიაში: შპს ,,სპეროზა", შპს ,,გამა+", შპს "გამა", შპს ,,ტრანს გაზი", შპს ,,ბიოსფერო+". ამიტომაც არის, რომ ლიპარტელიანის სახელს 500 მილიონიან ქონებას უკავშირებენ.

”ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს ვალერი გელაშვილს ვენესუელაში, მარგარიტის კუნძულზე 160 კვ.მეტრი ფართობის ბინა და 53 300 კვ.მ მიწის ფართობი ეკუთვნის. მისი მეუღლის, დანგუოლე გელაშვილის სახელზეა გაფორმებული ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში არსებული 720 კვ.მ. ფართობის ბინა. ვალერი გელაშვილი ხაშურში დაიბადა და იქაც აქვს სახლი და მიწის ნაკვეთი. მის დეკლარირებულ ქონებაში შედის ”ტოიოტასა” და ”ჰამერის” მარკის ავტომობილები. ვალერი გელაშვილის ქონებაში შედის აგრეთევ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 14 ნომერში არსებული საცხოვრებელი ფართი, სადაც მან რამდენიმე ბინა შეისყიდა. მისი მეუღლის სახელზეა გაფორმებული კიდევ ერთი ბინა თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე. დეკლარაციაში, ნაღდი ფულის გრაფაში გელაშვილმა 1 მილიონ 300 ათასი ლარი მიუთითა, ხოლო კრედიტად - 353 ათასი დოლარი. მის მიერ ლიტვაში დაფუძნებული კომპანიის მფლობელი ამჟამად მისი მეუღლეა, ხოლო შვილობილი კომპანიების მფლობელი მისივე ვაჟი - ვალერი გელაშვილია, რადგან მას, როგორც საჯარო მოხელეს, ბიზნესში მონაწილეობის უფლება არა აქვს. ”ლეიბორისტებმა” მას 400 მილიონი დაუთვალეს.

მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ორი ბინა დმანისში, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ განთიადში, ასევე - საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი წავკისში. მეუღლის, ლინა თოფურიას საკუთრებაშია ბინა და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. კახა ოქრიაშვილი აქციონერია სს ”ელექტრონიკაში”. დეკლარაციის შევსების დროს მიმდინარე ანგარიშზე ერიცხებოდა 16 811 ლარი. მისი მეუღლე ლინა თოფურია სს ”ეგისის” დირექტორია. ამ საქმიანობიდან მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში 76 669 ლარი მიიღო. კახაბერ ოქრიაშვილის დაფუძნებულია შპს ”პსპ ფარმა” და შპს ”ჯეომედი”. მხოლოდ "პსპ" -დან მიღებულმა შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პარლამენტის წევრობიდან ერთი წლის განმავლობაში შემოსავალი 46 860 ლარი მიიღო. ”ლეიბორისტების” მიერ შედგენილ სიაში ის 300 მილიონიანი ქონებით მოხვდა.

ხობის მაჟორიტარმა გოდერძი ბუკიამ ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 23 მაისს შეავსო. ოჯახის წევრებში მითითებულია მუღლე - მანანა კვირიკაშვილი, რომლის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი წავკისში. დეპუტატს დეკლარაციის შევსების დროს სახელფასო ანგარიშზე 2 500 ლარი ერიცხებოდა. დანარჩენ ანგარიშებზე - 12 000 და 1700 ლარი. მის მეუღლეს მიმდინარე საბარათე ანგარშზე 10 000 ლარი ჰქონდა. გოდერძი ბუკია 2008 წლიდან შპს. "სისტემ ნეტის" პარტნიორია. თუმცა დეკლარაციაში კომპანიიდან მიღებული შემოსავალი აღრიცხული არ არის. პარლამენტიდან ხელფასის სახით გასულ წელს მან 55 485 ლარი მიიღო. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მისი ქონება 250 მილიონ დოლარად ფასდება.

ზურაბ ტყემალაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა, მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. ის არის ოცამდე სამეცნიერო შრომის ავტორი, გამომგონებელი და 15-მდე ქართული ღვინის მარკის ავტორი. ტყემალაძე არის საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, ბიზნეს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მას ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის დეკემბერში აქვს შევსებული, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე აქვს ბინა, რომლის ფართობი 205 კვ. მეტრია, მის მფლობელობაში შედის მიწის ნაკვეთი და ავტოფარეხი, აგრეთვე მსუბუქი ავტომანქანა ”პეჟო 607” და სს ”თბილხელსაწყოს” ფასიანი ქაღალდები 68 500 დოლარის ოდენობით. ნაღდი ფულის რაოდენობა, რომელიც დეკლარაციაში აქვს მითითებული, ასე გამოიყურება: 17 ათასი დოლარი, 3 500 ევრო, 75 ათასი ლარი. იქვე მითითებულია, რომ ბატონი ზურაბი შპს ”საამოსა” და შპს ”აგუნას” პარტნიორია. ზურაბ ტყემელაძის ქონება არაოფიციალურად დაახლოებით 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატია. მან ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 24 მაისს შეავსო. დეპუტატის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, წყნეთსა და ბათუმში. მის მფლობელობაშია არასაცხოვრებელი ფართი აბაშიძის ქუჩაზე, არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი ყიფშიძის ქუჩაზე, ასევე, მიწის ნაკვეთი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში და საგურამოში. მისი მეუღლის, დეა ენუქიძის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთები ბაკურიანსა და საგურამოში. ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Volkcwagen.2012. FXF101. გოჩა ენუქიძეს რამდენიმე ბანკში აქვს ანაბარი. ერთ-ერთ ბანკში 60 000 ევრო, დანარჩენებში - 100 000 ევრო, 50 000 ევრო, 9 710 ლარი. დეპუტატი წილებს ფლობს არაერთ კომპანიაში, მაგრამ ქონებრივ დეკლარაციაში მხოლოდ რამდენიმე კომპანიიდან მიღებული შემოსავალია აღრიცხული. იქვე წერია, რომ პარლამენტის წევრობით მიღებულმა შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 50 844 ლარი შეადგინა. ცოტა ხნის წინ, "ლეიბორისტული პარტიის " მიერ შედგენილ ნუსხაში ენუქიძის ქონება 200 მილიონ დოლარად შეფასდა.

ნაული ჯანაშია საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. ის 18 წლიდან ყაზახეთში, ხოლო მოგვიანებით პეტერბურგსა და მოსკოვში მოღვაწეობდა. ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ ყველაფერი დაკარგა და თავისი ქონება რუსეთში, იქაური მეგობრების დახმარებითა და ხელშეწყობით დააგროვა. საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა. ნაული ჯანაშიას თავის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ფლობს ბინას მოსკოვში, ბალდაის გზატკეცილზე, მის საკუთრებაში შედის 200 კვ. მეტრი ფართობის მქონე სახლი და 1200 კვ. მეტრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოსკოვში - ”პასიოლოკ დრუჟბაში”. კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც დეპუტატის დეკლარაციაშია მითითებული, 528 კვ.მეტრს შეადგენს და მარტვილში მდებარეობს. მასვე ეკუთვნის 73 200 დოლარად ღირებული ავტომობილი ”ტოიოტა”, ”ვოლვოსა” და ”მერსედესის” მარკის ავტომობილები, სამსართულიანი სახლი და 3000 კვ, მეტრი მიწის ფართობი თბილისში, დიდ დიღომში. დეპუტატს თავის რაიონში ორი ეკლესია აქვს აგებული, მანვე გაარემონტა დადიანების სახელობის რეზიდენცია, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარეობს. ჯანაშიას ქონება "ლეიბორისტების" სიაში ბოლო პოზიციაზე 100 მილიონი დოლარით მოხვდა.

ხათუნა ჩიგოგიძე