მილიარდერი ქალი, რომელიც საქართველოში ბიზნესს ფლობს

64 წლის სავიტრი ჯინდალის ქონება 6,4 მილიარდს შეადგენს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კი ინდოელი ქალბატონი 155-ე პოზიციაზეა

ბოლო რამდენიმე წელია საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და გახსნილი ქვეყანა გახდა. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ბოლო ერთობლივ კვლევაში Doing Business საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივით 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილს იკავებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, 2013 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 914 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, უკვე წლებია საქართველოსთან წარმატებული ბიზნესი თუ საზოგადოებრივი საქმიანობა აკავშირებთ ბევრ ცნობილ უცხოელ მილიარდერს, მათ შორის დონალდ ტრამპსა და ჯორჯ სოროსს. თუმცა ეს უკანასკნელი საქართველოში მხოლოდ საზოგადოებრივი საქმიანობით შემოიფარგლება. საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მილიარდერის, ინდოეთის უმდირესი ქალბატონის სავიტრი ჯინდალის კუთვნილი „ჯინდალ გრუფიც“. ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 64 წლის სავიტრი ჯინდალის ქონება 6,4 მილიარდს შეადგენს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კი ინდოელი ქალბატონი 155-ე პოზიციაზეა.

ინდოეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონის კუთვნილ უმსხვილეს ბიზნესჯგუფში შემავალი კომპანია ”ჯინდალ პეტროლეუმი” საქართველოში ხუთ ნავთობსაძიებო ბლოკს ფლობს, რაშიც საერთო ჯამში 17,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ინდოეთის უმსხვილეს მეტალურგიულ-ენერგეტიკულ კონგლომერატს O.P. JindalGroup-ს სათავე ინდოეთის პატარა სოფელში დაბადებულმა ომ პრაკაშ ჯინდალმა 1952 წელს დაუდო.

პროფესიით ინჟინერმა ომ პრაკაშმა ბიზნესში პირველი ნაბიჯები 22 წლის ასაკში გადადგა, როდესაც სათლების (ვედროების) მწარმოებელი მცირე საწარმო გახსნა. ხუთი წლის შემდეგ კი ლითონის მილების მწარმოებელი პირველი ქარხანა გახსნა კალკუტაში. სწორედ მას შემდეგ დაიწყო ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამრეწველო იმპერიის მშენებლობა, რომელიც დღეს უკვე თითქმის მთელს ინდოეთში ფლობს ქარხნებს, მისი საერთო აქტივები კი 18 მილიარდ დოლარს აღწევს.

ცხრა შვილის დედა სავიტრი ჯინდალი ოჯახურ ბიზნესს მაშინ ჩაუდგა სათავეში, როდესაც 2005 წელს მეუღლე ავიაკატასტროფის შედეგად დაეღუპა. მეუღლის გარდაცვალებამდე კი სავიტრი, რომელსაც არანაირი ბიზნეს განათლება არ აქვს, ტრადიციული ინდოელი ქალის ცხოვრებით ცხოვრობდა და ალბათ, ვერც კი იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც საოჯახო ბიზნესის სათავეში ყოფნა მოუწევდა. თუმცა მარტოდ დარჩენილ სავიტრის ქმრის წარმატებული ბიზნესის გაძღოლა არ გაჭირვებია. მით უმეტეს, რომ ინდოეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონს გვერდში შვილებიც ამოუდგნენ - სავიტრის ოთხი ვაჟი: პრიტვირაჯი, საჯანი, რათანი და ნავინი ბიზნესჯგუფში შემავალ კომპანიებში სხვადახვა მიმართულებებს კურირებენ.

”ჩვენ მეგობრული ოჯახი გვაქვს. მამის გარდაცვალების შემდეგ დედა ის ღერძი გახდა, რომელმაც გაგვაერთიანა, ძალა შეგვმატა და დაგვეხმარა ერთად გადაგვეტანა მამის დაღუპვით გამოწვეული დიდი ტრაგედია”, - ამბობს სავიტრის უმცროსი შვილი, ინდოეთის პარლამენტის წევრი ნავინ ჯინდალი, რომელიც ჯინდალების ოჯახის ყველაზე დიდ აქტივს Jindal Steel & Power-ს ხელმძღვანელობს. თუმცა, კომპანიას პრობლემები აქვს ინდოეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რომელიც მას აღმოსავლეთ ინდოეთში საკუთარი ენერგოპროექტების განხორციელების მიზნით ეკოლოგიური კანონების დარღვევაში ადანაშაულებს.

ოჯახის ერთიანობამ და სიმტკიცემ წარმატება ბიზნესშიც მოიტანა - სავიტრი ჯინდალის სათავეში ყოფნის შემდეგ ბოლო ხუთის წლის განმავლობაში კორპორაციის მოგება ოთხჯერ გაიზარდა. ბიზნესის პარალელურად, სავიტრი ჯინდალმა გარდაცვლილი მეუღლის გზა პოლიტიკაშიც გააგრძელა. მსოფლიოს ყველაზე მრავალშვილიანი მდიდარი ქალბატონი 2005-2009 წლებში თავისი მშობლიური შტატის ჰარიანას მინისტრი იყო, დღეს კი ჰარიანას საკანონმდებლო ორგანოში ჰიზარის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელია.

როგორც თავად ამბობს, ბიზნესზე მეტად საზოგადოებრივი საქმიანობა იტაცებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სავარძელში ჯდომას კი ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრასა და სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებას ამჯობინებს. 64 წლის სავიტრი კვირაში სამჯერ ხვდება თავისი ოლქის სოფლის მაცხოვრებლებს და მათ პრობლემებსა და სურვილებს ისმენს.

„ჯინდალ გრუპი“ კი წარმატებით აგრძელებს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული დამფუძნებლის გზას და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამთო წარმოებაში, მეტალურგიაში, ინდუსტრიული გაზისა და პორტების სფეროში ახორციელებს ინვესტირებას.

საქართველოში „ჯინდალ გრუპი“ ხუთი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც მის მფლობელობაში შემავალმა კომპანია Jindal Petroleum-მა საქართველოს ოთხ ნავთობსაძიებო ბლოკზე გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მოგვიანებით კი „ჯინდალ პეტროლიუმმა“ საქართველოს მაშინდელ მთავრობასთან 5 სალიცენზიო პროექტზე შეთანხმებას მოაწერა ხელი. შედეგად ინდური კომპანია საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების უფლებას 5 სალიცენზიო ბლოკზე: კახეთის, შიდა ქართლის, თბილისისპირა, გურიისა და ზემო აჭარის რეგიონებში ფლობს, სამომავლოდ კი ინდოეთის ყველაზე მდიდარი ქალის სავიტრი ჯინდალის ბიზნესჯგუფში შემავალი კომპანია საქართველოში 100-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

მარი ჯავახიშვილი