იტალიელი მაგნატი, რომელიც სამეგრელოში მიწებს ფლობს

Bloomberg Billionaires Index-ის ბოლო მონაცემებით, ”ნუთელასა” და ”ქინდერის” მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ქონებამ 23,4 მილიარდი შეადგინა

50 წელზე მეტია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობისთვის იტალიური სამზარეულო, პიცასთან და პასტასთან ერთად, შოკოლადის უგემრიელეს ნუგბართან ასოცირდება, რომელსაც გასული საუკუნის შუა წელში იტალიელმა კონდიტერმა პიეტრო ფერერომ ჩაუყარა საფუძველი.

Bloomberg Billionaires Index-ის ბოლო მონაცემებით, ”ნუთელასა” და ”ქინდერის” მწარმოებელი კომპანიის მფლობელის ქონებამ 23,4 მილიარდი შეადგინა, რისი წყალობითაც მიკელე ფერერო მსოფლიოში ყველაზე მდიდარ იტალიელად დასახელდა, მსოფლიოს მილიარდერებს შორის კი 30-ე პოზიციაზეა.

იტალიური შოკოლადის მწარმოებელი საქვეყნოდ ცნობილი 1956 წელს, კომპანია Ferrero SpA-ს პირველი ფაბრიკის იტალიის საზღვრებს მიღმა, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გახსნის შემდეგ გახდა, რომელსაც წლების განმავლობაში ფაბრიკები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოჰყვა. დღეს ”ფერერო” მსოფლიო მასშტაბით 38 სავაჭრო კომპანიას, 70-ზე მეტ შვილობილ კომპანიასა და 18 ფაბრიკას აერთიანებს, რომელშიც 22 000 ადამიანია დასაქმებული.

ფერეროების შოკოლადის დინასტიას საფუძველი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩაეყარა, როცა პიეტრო და ჯოვანი ფერეროებმა მამის დანატოვარი საფუნთუშის საკონდიტროდ გადაკეთება გადაწყვიტეს. იტალიელმა ძმებმა ბიზნესი თავდაპირველად პურის ცხობით დაიწყეს, თუმცა პიეტრო ფერერო მალე მიხვდა, რომ მხოლოდ პურის გაყიდვა დიდ სარგებელს ვერ მოიტანდა და საფუნთუშე საკონდიტროდ აქცია. სწორედ აქ, პატარა საკონდიტროში დაიწყო ისტორია, რომელიც დღემდე წარმატებით გრძელდება.

ახალგახსნილ საკონდიტროში პიეტრო ფერერო მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს ყოველდღიურობას იტალიის პატარა ქალაქ ალბას მცხოვრებლებს თაფლის, კაკაოს ფხვნილისა და ცოტაოდენი ზეითუნის ზეთისგან დამზადებული ტკბილი ჩხირებით უმსუბუქებდა. თუმცა გაუსაძლისი სიცხეები უმალ ადნობდა შოკოლადის გემრიელ ჩხირებს, რომელსაც პიეტრო ფერერომ ”ჯანდუიო” დაარქვა. მცირეწლოვანმა მიკელემ მამას დამდნარი შოკოლადის პურზე გადასმა შესთავაზა, რაც ძალიან გემრიელი აღმოჩდა. ასე გაჩნდა მსოფლიოში საქვეყნოდ ცნობილი შოკოლადის კარაქი ”ნუთელა”.

bpn

კრემის ექსპორზე გატანის პირველმა წელმა კი პიეტრო და ჯოვანი ფერეროებს პირველი მილიონი მოუტანა. ოჯახურ ბიზნესს მიკელე ფერერო 24 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში და კომპანიაში ახალი იდეების განხორციელება დაიწყო. მისი ხელმძღვანელობით კომპანიამ ქინდერის შოკოლადის წარმოება დაიწყო, 1974 წლიდან კი ქინდერ-სიურპრიზის, რომლის პირველი პარტია ერთ საათში გაიყიდა. მას მერე მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიარდი ქინდერი გაყიდა, მასში მოთავსებული სათამაშოების ნაირსახეობამ კი 800 ათასი შეადგინა.

დღეს ”ნუთელა” ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ 2007 წლიდან მოყოლებული 5 თებერვალს ”ნუთელას” საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნის იდეა კი, რა თქმა უნდა, იტალიაში მოუვიდათ თავში.

საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, ჰაეროვანი ”რაფაელოს”, ”ფერერო როშეს”, შოკოლადის ნომერ პირველი კარაქის, ”ტიკ-ტაკის” ტკბილი აბების, ბავშვების უსაყვარლესი ”ქინდერის” კვერცხისა და შოკოლადის სხვა უგემრიელესი ნუგბარის მწარმოებელი იტალიელი მაგნატი მიიჩნევს, რომ მისი წარმატების საიდუმლო სიახლეებია. შოკოლადის დამწყებ მწარმოებლებს კი ურჩევს, ყოველთვის სწორად შეაფასონ ბავშვები და მათი აზრები. ”რადგან ბავშვები შოკოლადის მთავარი მომხმარებლები არიან და მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია”, - ამბობს იტალიელი მაგნატი.

სწორედ ”ნუთელას” უკავშირდება მიკელე ფერეროს საქართველოთი დაინტერესებაც.

2007 წელს ”ფერერომ” სამეგრელოში თხილის პლანტაციების გასაშენებლად და ორი გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად მიწა შეისყიდა. იტალიურ კომპანიას თხილიანი ”ნუთელას” დასამზადებლად ყოველწლიურად 25 ათას ტონაზე მეტი თხილი სჭირდება.

მარი ჯავახიშვილი