მილიარდერები, რომლებიც ქონებას შვილებს არ უტოვებენ

არიან მილიარდერები, რომლებიც ქონების ნახევარზე მეტს ალტრუისტული მიზნებისთვის იყენებენ და მილიონობით თანხებს არ იშურებენ ქველმოქმედებისთვის

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბევრი მილიარდერი საკუთარ მილიონებს ძვირადღირებული ავტომობილების ექსკლუზიურ მოდელებზე, პირად თვითმფრინავებსა და მდიდრულ იახტებზე ხარჯავს. თუმცა არიან მილიარდერები, რომლებიც ქონების ნახევარზე მეტს ალტრუისტული მიზნებისთვის იყენებენ და მილიონობით თანხებს არ იშურებენ ქველმოქმედებისთვის. არიან ისეთი მილიარდერებიც, რომლებიც სიკვდილის შემდეგ თითქმის მთელი ქონების დატოვებას არა საკუთარი შვილებისთვის, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გეგმავენ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ცნობილი მილიარდერების მემკვიდრეები საერთოდ ქონების გარეშე დარჩებიან - მდიდარი და ქველმოქმედი მამების ქონებისგან მათ მხოლოდ მცირედი პროცენტი შეხვდებათ.

უორენ ბაფეტი

ქველმოქმედ მილიარდერთა ჩამონათვალში რა თქმა უნდა, უორენ ბაფეტია. ცნობილმა მილიარდერმა და ფილანტროპმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დადო პირობა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ქონების 90% ქველმოქმედებას მოხმარდება. ”მინდა ჩემს შვილებს იმდენი მივცე, რომ გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც უნდათ და არა იმდენი, რომ საერთოდ არაფერი გააკეთონ”, - ამბობს სამი შვილის მამა უორენ ბაფეტი, რომლის ქონება ”ფორბსის” ბოლო მონაცემებით, 73,5 მილიარდი დოლარია.

E-bay-ის დამაარსებელი პიერ ომიდიარი

31 წლის ასაკში გამილიარდერების შემდეგ, პიერ ომიდიარიმ ქველმოქმედება ცხოვრების მთავარ მიზნად გაიხადა. 2011 წელს კი ხელი მოაწერა ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის ფილანტროპულ ორგანიზაციაში ”ჩუქების ფიცი” გაწევრიანებას. მოგვიანებით კი თავად დააარსა ფილანტროპული საინვესტიციო კომპანია Omidyar Network. პიერ ომიდიარი და მისი მეუღლე ასევე დიდძალ თანხებს გასცემენ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ფრანგი მილიარდერის ქონება 2014 წლის ივლისის მონაცემებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი

ამერიკელი პოლიტიკოსის, ბიზნესმენისა და ფილანტროპის წლიური შემოსავალი ნიუ იორკის მერობის დროს 1 მილიონი დოლარი იყო. თუმცა, თითქმის მთელ შემოსავალს მდიდარი ამერიკელი მერი ქველმოქმედებას ახმარდა და რამდენიმე მილიონი დოლარი შესწირა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტს, კარნეგის კორპორაციასა და უამრავ არაკომერციულ ორგანიზაციას. ”თითქმის მთელ ჩემს პირად კაპიტალს ან ქველმოქმედებას მოვახმარ ან ჩემს საქველმოქმედო ფონდს დავუტოვებ”, - განაცხადა მაიკლ ბლუმბერგმა ორგანიზაცია ”ჩუქების ფიცში” გაწევრიანებისას. ნიუ იორკის ყოფილ მერს ორი ქალიშვილი ჰყავს, მისი ქონება კი 19,5 მილიარდი დოლარია.

ჯინა რაინჰარტი

შვილებისთვის ქონების დატოვებას არ აპირებს არც ავსტრალიის ყველაზე მდიდარი ქალი, ოთხი შვილის დედა ჯინა რაინჰარტი, რომელსაც ქონება მამისგან ერგო. როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჯინა რაინჰარტმა განაცხადა, შვილებს მისი ქონების მხოლოდ მცირედი ნაწილი დარჩებათ, დანარჩენი კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

ბილ გეითსი

”ყოველთვის ვიცოდი, რომ მთელი ქონების შვილებისთვის დატოვება, ცუდი იდეაა. ეს არც ჩემი ბავშვებისთვის იქნება სასარგებლო და არც - საზოგადოებისთვის”, - განაცხადა რამდენიმე წლის წინ Microsoft-ის დამაარსებელმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა. 1994 წელს კი ბილ გეითსმა და მისმა მეუღლე მელინდამ საქველმოქმედო ფონდი დააარსეს, რომლის კაპიტალიც დღეს 37 მილიარდ დოლარს შეადგენს. შემდგომში უორენ ბაფეტისთან ერთად კი დააფუძნა ორგანიზაცია ”ჩუქების ფიცი”, რომელშიც გაწევრიანების შემდეგ მდიდარი ადამიანები ქველმოქმედებაში მონაწილეობის პირობას დებენ.

ჯეკი ჩანი

ცნობილმა მსახიობმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დადო პირობა, რომ სიკვდილის შემდეგ ქონების ნახევარს საქველმოქმედო ორგანიზაციებს შესწირავდა, საკუთარ შვილს ჯეისის კი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ნაშოვნი მილიონებიდან არაფერს დაუტოვებდა. ”თუ მოინდომებს, თავადაც შეძლებს საკუთარი ფულის შოვნას. თუ არადა, ჩემს მილიონებს გაანიავებს”, - აღნიშნა ცნობილმა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ენდრიუ ლოიდ ვებერი

”ანდერძი - ეს დოკუმენტია, რომელზე ფიქრსაც ჩემს ასაკში იწყებ. ჩემი აზრით, ქონება ხელოვნებას უნდა მოახმარო”, - განაცხადა ბრიტანელმა კომპოზიტორმა. ენდრიუ ლოიდ ვებერი ხუთივე შვილზე ზრუნვის პირობას დებს, თუმცა ამბობს, რომ თითქმის მთელ ქონებას ხელოვნებას მოახმარს.

ჯორჯ ლუკასი

ცნობილმა რეჟისორმა და პროდიუსერმა ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის საქველმოქმედო ორგანიზაციაში ”ჩუქების ფიცი” გაწევრიანებისთანავე ფიცი დადო, რომ სიკვდილამდე ქონების მინიმუმ ნახევარს ორგანიზაციის სასარგებლოდ გაიღებს. ”ჩემი ქონების ნახევარს საგანმანათლებლო პროექტებს ვუანდერძებ”, - განაცხადა ოთხი შვილის მამამ.

მარი ჯავახიშვილი