ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თავი რუსი ჰგონია

„მიხეილ ხუბუტიას რუსეთში ბიზნესის კეთებაში ხელს არაფერი უშლის: მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა“

ბიზნესზე არასდროს ლაპარაკობს, ცდილობს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის როლი მოირგოს და როგორც ქართველთა კავშირის პრეზიდენტი რუსეთში, ბევრს საუბრობს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის ხალხთა მრავალსაუკუნოვან ძმობაზე, კულტურულ კავშირებზე და ამის დასამტკიცებლად ხშირად ჩაჰყავს მოსკოვში ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაში საკუთარი წვლილის შეტანის გარდა, მიხეილ ხუბუტია 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული, მაგრამ ქართველი ბიზნესმენი ერთხელაც არ დასახელებულა დეველოპერთა რომელიმე რეიტინგში. მეტიც, რუსეთში ის ერთ-ერთია იმ მილიონერ ბიზნესმენთა შორის, რომელმაც იცის, როდის უნდა გადაკვეთოს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გაბმული წვრილი ხაზი.

მიხეილ ხუბუტია ერთ-ერთია იმ არცთუ მრავალ ქართველ ბიზნესმენს შორისაც, ვინც ძალიან უყვართ კრემლის კარზე და როგორც ამბობენ, მჭიდრო ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ქართველი ბიზნესმენი საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლას ტრადიციულად ასე იწყებს ხოლმე - დავიბადე და გავიზარდე როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთში გავრუსდი: საუზმეზე შვრიის ფაფას მივირთმევ, ღვინო კი წვენებმა შეცვალაო. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ქართულ ღვინოს იტალიურს ამჯობინებს. „სულის სიღრმეში რუსი ვარ და ქართული მენტალიტეტის უკვე აღარაფერი გამეგება. ყველა მეგობარი აქ მყავს“, - „გამოტყდა“ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ხუბუტია.

მომავალი ბიზნესმენი და ქართველთა კავშირის დირექტორი დიდ რუსეთში სამხედრო სამსახურის შედეგად მოხვდა, მოსკოვთან ახლოს სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა სამშობლოში დაბრუნება გადაიფიქრა. მოსკოვში დარჩენილმა პლეხანოვის ინსტიტუტში ჩააბარა და სწორედ იქ გაიცნო მომავალი ბიზნეს პარტნიორები - ანდრეი კარპოვსკი და რაფიკ ატუმიანი, რომელთან ერთადაც 1989 წელს კოოპერატიული კაფე გახსნა. უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ სამმა მეგობარმა რუსულ-ფრანგული ფირმა დააფუძნეს და რუსეთში საფრანგეთიდან ფართო მოხმარების საქონელი შეჰქონდათ ბითუმად. ახალდაფუძნებულმა ფირმამ მეგობრებს პირველი სოლიდური შემოსავალი მოუტანა. რამდენიმე წელიწადში კი, 90-იანი წლების შუაში მიხეილ ხუბუტიამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა მოსკოვის ბიზნეს-ელიტაში. იმავე პერიოდში წამოიწყო იარაღით ვაჭრობა და იარაღის პირველი მაღაზია „კოლჩუგა“ გახსნა, რაც იმ დროისთვის არცთუ ადვილად დასაწყისი ბიზნესი იყო საჭირო კავშირების გარეშე, მით უმეტეს კი რუსეთში. 15 წლის განმავლობაში „კოლჩუგას“ ბრენდმა 24 მაღაზია გააერთიანა. დღეისთვის რუსეთში გაყიდული უცხოური ფირმის სანადირო და სპორტული იარაღის 50%-ზე მეტი სწორედ „კოლჩუგას“ ქსელზე მოდის, 2008 წელს კი მისმა ბრუნვამ, Earns & Young-ის მონაცემებით 250 მილიონს გადააჭარბა.

„იარაღის ბიზნესი რუსეთში მომგებიანი არასდროს ყოფილა, ზოგჯერ ბევრისთვის წაგების მეტი არაფერი მოუტანია. მაგრამ ბევრისთვის ეს ბაზარი პრესტიჟის საქმეა, ქართველისთვის კი არსებობის აზრი“, - ირწმუნებიან რუსი ბიზნეს ექსპერტები ხუბუტიას იარაღის ბიზნესზე საუბრისას.

ქართველი ბიზნესმენი მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეობით ერგო სახლები ბათუმსა და თბილისში, მისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთშია, სადაც ხუბუტიას მფლობელობაში რამდენიმე სახლის გარდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სანადირო მეურნეობაა - სატყეო მეურნეობის 320 ჰექტარი. აქ მისი სტუმრები ხშრად არიან მისი საუკეთესო მეგობრები იოსებ კობზონი, იური ლუჟკოვი, ზურაბ წერეთელი. „მიხეილ ხუბუტიას რუსეთში ბიზნესის კეთებაში ხელს არაფერი უშლის: მისთვის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნების კაბინეტების კარი მუდამ ღიაა“, - ახასიათებს საუკეთესო მეგობარს კობზონი.

47 წლის მიხეილ ხუბუტიას რუსეთის მაღალჩინოსნებთან ახლო მეგობრობის გარდა, სხვა ბევრი და მნიშვნელოვანი ”მონაპოვარიც” აქვს - მოსკოვში მსხვილი საგამოფენო ობიექტების: ”მანეჟეისა” და ”სასტუმრო ეზოს”, იარაღის მაღაზიათა ქსელი „კოლჩუგას“ და ამავე სახელწოდების რესტორნების ქსელის მფლობელი და რამდენიმე სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელია. მოსკოვის თითქმის ყველა ელიტურ რაიონში სხვადასხვა ობიექტებს სწორედ მიხეილ ხუბუტიას კუთვნილი კომპანია აშენებს. ბიზნესით არის დაკავებული ხუბუტიას მეორე ნახევარიც - ქალბატონი ეკა ჯანაშია რესტორნების ქსელი „კოლჩუგას“ მმართველია.

მიხეილ ხუბუტიამ უფროსობისა და ლიდერობის ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოავლინა, როცა სკოლაში კლასის ჟურნალი სწორედ მას ჩააბარეს, სამხედრო სამსახურში კი ამხანაგური სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს და თანაკურსელებს დალევისა და ბუნტის მოწყობისთვის სჯიდა, კომკავშირის თავმჯდომარე იყო მოსკოვის ინსტიტუტში სწავლისასაც. კომკავშირის შემდეგ ბუნებრივია, კომუნისტთა რიგებს შუერთდა, მერე კი „ერთიანი რუსეთის“ რიგებში გაწევრიანდა. ალბათ ამიტომაც არის, რომ დიადი პარტიის ერთგულების წყალობით, დღეს მიხეილ ხუბუტიას რუსეთში ძალიან ბევრი გავლენიანი მეგობარი ჰყავს. მისი ერთ-ერთი საქმიანი პარტნიორია რომან აბრამოვიჩიც. როგორც რუსულ მედიაში აღნიშნავენ ხოლმე, ხუბუტიას აინტერესებს ყველა და ყველაფერი, რასაც შემოსავალი მოაქვს.

თუ მიხეილ ხუბუტიას ქონებას გადავხედავთ, რუსულ მედიაში მის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას უნდა დავეთანხმოთ - მიხეილ ხუბუტიას საქმიანობის 50%-ს სასტუმროს ბიზნესი და მოსკოვში, ადლერსა და სოჭში საინვესტიციო პროექტები შედგენს, 25% - დეველოპმენტი, 20%-ს - იარაღით ვაჭრობა, 5% - კომერციული უძრავი ქონების მართვა. საერთო ჯამში კი მისი ბიზნეს პროექტები რამდენიმე წლის წინ 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ანა წკრიალაძე