წარმატების პრინციპები კაცისგან, რომელიც 64 მლრდ დოლარს ფლობს

ამანსიო ორტეგა: აიღე სწორება მასებზე!

ამ ადამიანს დღეს 64 მლრდ დოლარი აქვს. ის ესპანეთში უმდიდრესი კაცია, რომლის ქონება მსოფლიო ბრენდ ”ზარას” დამსახურებაა. 2012 წელს სავაჭრო იმპერია Inditex-ის (იმავე ”ზარას”) დამაარსებელი ამანსიო ორტეგა მდიდართა რეიტინგის ყველაზე მოწინავე მონაწილედ აღიარეს. მაღაზიათა ქსელის ინტენსიური ზრდის წყალობით, მისი ქონება წლის განმავლობაში 19,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. ორტეგამ ბერნარ არნოს წაართვა ევროპის უმდიდრესი ბიზნესმენის სახელი და გლობალურ რეიტინგში თვით უორენ ბაფეტიც დაჩრდილა.

ორტეგა, ჩვენი რეიტინგის მილიარდერთა უმეტესობის მსგავსად, ე.წ. სელფ-მადე მან-ია, ანუ ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით შექმნა თავისი წარმატება. 13 წლისამ სკოლაში სწავლა მიატოვა და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. საკუთარი წარმოების პირველი პროდუქცია კი ყოფილ ცოლთან ერთად შექმნა, თავისივე მისაღებ ოთახში (მისი ყოფილი ცოლიც დღეს უმდიდრეს ქალთა სიის უცვლელი წევრია - ავტ.). მართალია, ”ზარას” ხშირად ადანაშაულებენ, მსოფლიოს ცნობილი კუტიურიეების კოლექციების კოპირებას ახდენს და მერე გაცილებით იაფად ყიდის თავისი ბრენდის სახელითო, მაგრამ ფაქტია, ”ზარა” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი გახდა მსოფლიოში.

ამანსიო ორტეგას წარმატების პრინციპები:

1. პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვის ყველა ეტაპის ერთ ხელში მოქცევა და გაკონტროლება.

როცა მშობლიურ ესპანეთში ბიზნესსაქმიანობას იწყებდა, ამანსიოს არ დაუქირავებია იაფფასიანი მუშახელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამა თუ იმ ამოცანის შესასრულებლად. მთელ საქმეს, თუნდაც დიდ ფასად, ასრულებდნენ თანამშრომლები უშუალოდ კომპანიის სიახლოვეს. ამიტომაც საქონელს 12-ჯერ სწრაფად აწვდიდნენ მყიდველს, ვიდრე კონკურენტები. თანაც, არ იყო საჭირო ფულის ხარჯვა შუამავლების მომსახურებისთვის, რაც საშუალებას იძლეოდა, საქონელი უფრო იაფად გაეყიდათ.

2. ამანსიო სამოსს მცირე პარტიებად აწარმოებდა. ეს მას აძლევდა საშუალებას, უარი ეთქვა დიდი ფართობის ძვირად ღირებული საწყობების საიჯარო გადასახადზე თუ ყიდვაზე.

3. ბრენდის ამოქმედებისთანავე ის მსოფლიოს მოდური სახლების კოლექციების კოპირებას ახდენდა და საკუთარ დიზაინერულ შტრიხებს ამატებდა, რაც საშუალებას აძლევდა, ყოველთვის აქტუალური და მოდური ყოფილიყო. ამისთვის გაკრიტიკებას ბიზნესმენი არასდროს შეუჩერებია.

4. სწორება მასებზე აიღო. ორტეგა მალე მიხვდა, რომ ძვირად ღირებულ ნივთებს მხოლოდ საზოგადოების შეძლებული ფენა ყიდულობს. შეძლებული ადამიანი კი არც ისე ბევრია. მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო ღირებულების ნივთებს არჩევს და თანაც, სურს, დახლზე ერთდროულად მოდური და არცთუ ძვირად ღირებული სამოსი ნახოს. სწორედ აქ გააკეთა სწორი გათვლა ორტეგამ და ამან აქცია ის ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენად.