სემუელ უოლტონი - სუპერმარკეტების მეფე

შვიდი წლის ასაკში სემმა ჟურნალებზე ხელმოწერების გაყიდვას მიჰყო ხელი, მეშვიდე კლასიდან კი ჯიბის ფულს გაზეთების ბინაზე მიტანით შოულობდა

უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის - Wal-Mart-ის შემქმნელი და ამერიკის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეთერთმეტე ადგილმიჩენილი სემუელ მურ უოლტონი 1918 წელს, ოკლაჰომის შტატის პატარა ქალაქ კინგფიშერში, ფერმერების - თომას და ნენ უოლტონების ოჯახში დაიბადა.

XX საუკუნის დასაწყისის პატარა ამერიკული ქალაქები ერთმანეთს ლამის გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდა. მათ ცენტრალურ ქუჩაზე ბანკი, მერია, პოლიციის განყოფილება, სახანძრო ნაწილი და ქალაქის ყველაზე დიდი მაღაზია მდებარეობდა. ცენტრალურს უამრავი პატარა ქუჩა და შესახვევი უერდებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა სახლები და ათობით პაწაწინა მაღაზია იყო ჩამწკრივებული. მალე უოლტონების ოჯახი საცხოვრებლად მისურის შტატის ასეთსავე პატარა ქალაქ სპრინგფილში გადავიდა. ეს ქალაქი კინგფიშერისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სტადიონი, სადაც სემი ხშირად დარბოდა და სკაუტების სახლი, სადაც ორატორული ხელოვნების საფუძვლებს ეუფლებოდა, ქალაქის ცენტრში კი არა, მის გარეუბანში მდეობარეობდა.

შვიდი წლის ასაკში სემმა ჟურნალებზე ხელმოწერების გაყიდვას მიჰყო ხელი, მეშვიდე კლასიდან კი ჯიბის ფულს გაზეთების ბინაზე მიტანით შოულობდა. სწავლის პერიოდში სემი გასაყიდად კურდღლებსა და მტრედებსაც აშენებდა. ერთხანს აქტიურად იყო ჩართული საოჯახო ბიზნესშიც და ძროხების მოწველა და კლიენტებთან რძის მიტანა ევალებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთმანეთის მოძულე მშობლების გამუდმებული ქიშპითა და კინკლაობით ჩამწარებული საკუთარი ბავშვობის გახსენება სემ უოლტონს დიდად როდი უყვარდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ მისი დაწვრილებითი ბიოგრაფიები ჩვეულებრივ, 1940 წლიდან ანუ იმ დროიდან იწყება, როცა მისურის შტატის უნივერსიტეტი დაამთავრა, ბიზნესის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სამუშაოდ სავაჭრო კომპანიას - J.C. Penney-ს მიაშურა. მაგრამ იქაური ატმოსფერო არ მოეწონა, ამიტომ მალე სავაჭრო კომპანიაში - ჩლარემორე გადაინაცვლა. სწორედ ამ დროს გაიცნო მომავალი მეუღლე - ჰელენ რობსონი, რომელზეც 1943 წელს იქორწინა. ახალშეუღლებულ წყვილს ერთად ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოკავშირეო ვალდებულების შესრულება და მეორე ფრონტის გახსნა სწორედ იმ პერიოდში გადაწყვიტა და სემიც ჯარში გაიწვიეს. თუმცა, ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ექიმებმა გულთან დაკავშირებული პრობლემები აღმოუჩინეს, ხოლო როცა გასაწვევ პუნქტში ისიც შეიტყეს, რომ უოლტონს ვაჭრობის გარკეული გამოცდილება ჰქონდა, მაშინვე საავიაციო ნაწილის ინტენდანტად გაამწესეს. სწორედ არმიაში სამსახურისას დაასკვნა სემ უოლტონმა, რომ ვაჭრობა მისი მოწოდება იყო.

დემობილიზაციის შემდეგ უოლტონების ოჯახში გაფართოებული საოჯახო საბჭო შედგა, რომელშიც ჰელენის მამაც აქტიურად მონაწილეობდა. სემმაც ამ მომენტით ისარგებლა და სიმამრს პირდაპირ განუცხადა, ან შენს ქალიშვილს სიცოცხლის ბოლომდე სავაჭრო აგენტი ქმრის მიზერულ შემოსავალზე ცხოვრება მოუწევს, ან ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრა და ფეხზე დადგომაში დაგვეხმაროო. ჰელენი მამას ძალიან უყვარდა და ამიტომაც, სემ უოლტონს 20.000 დოლარი ასესხა. ამ ფულით სემმა და ჰელენმა არკანზასის შტატის ქალაქ ნიუპორტში პატარა, მაგრამ ამბიციური სახელის მქონე მაღაზია - Ben Franklin (მხოლოდ სპეციალისტებმა თუ იცოდნენ, რომ ეს ამერიკის პრეზიდენტის სახელი და გვარი კი არა, ამავე სახელწოდების კომპანიის სავაჭრო ნიშანი იყო) გახსნეს. ხუთ წელიწადში უოლტონმა თავისი პატარა მაღაზია Ben Franklin-ის ქსელის ყველაზე შემოსავლიან სავაჭრო ობიექტად აქცია. მაგრამ სავაჭრო ქსელის წინდაუხედავმა მფლობელმა იფიქრა, ეს სემისა და მისი მეუღლის მუხლჩაუხრელი შრომის კი არა, მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ნიშნის წყალობით მოხდაო, და უოლტონს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. თუმცა საკუთარ შეცდომას მალევე მიხვდა, რადგან უოლტონს ქალაქ ბენტოლვილში მდებარე ახალ მაღაზია Five&Ten Cents-შიც ჩინებულად წაუვიდა საქმე.

ამჟამად ამ შენობაში Wal-Mart Stores-ის მუზეუმია გახსნილი, სადაც ნახევარი საუკუნის წინანდელი სავაჭრო ნიმუშებია გამოფენილი. მათ შორისაა დიდი თერმომეტრი, რომელიც ერთმა მყიდველმა უოლტონს იმ მიზეზით დაუბრუნა უკან, რომ მისი აზრით, ის დროს(?!) არასწორად უჩვენებდა. აღდგენილია უოლტონის პირველი კაბინეტის მოწყობილობაც: ხის მაგიდა, სკამი და ტელეფონი.

შემდგომი ათი წლის განმავლობაში უოლტონმა არკანზასსა და მისურიში კიდევ ათი მაღაზია გახსნა, შეისწავლა სავაჭრო საქმის თეორია და პრაქტიკაში გამოცადა მაღაზიების მართვის დამოუკიდებლად შემუშავებული პრინციპები. ასე რომ, 1962 წლისთვის, როცა სემმა პირველი სუპერმარკეტი გახსნა, საკუთარი სავაჭრო კრედო უკვე მთლიანად ჰქონდა ჩამოყალიბებული. როგორც ჰელენ უოლტონი იხსენებს, სემში ერთმანეთს ყოველთვის ორი მისწრაფება ებრძოდა. პირველი ქალაქის გარეუბნებში მიმობნეული Mom&Pop-ის ("დედა და მამა") პატარა მაღაზიებთან (სადაც დედა ბუღალტრის, მამა კი დირექტორისა და მტვირთავის საქმიანობას ითავსებდნენ), მეორე კი ქალაქის ცენტრში მდებარე სუპერმარკეტებთან იყო დაკავშირებული. სემი ორივე ტიპის სავაჭრო ობიექტების მუშაობას გულმოდგინედ აკვირდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში უოლტონის ყველა მაღაზია Mom&Pop-ის ტიპის იყო, ქალაქის ცენტრში სუპერმარკეტის გახსნაზე მეოცნებე სხვა პატარა მაღაზიების მფლობელებისგან განსხვავებით, მას უკვე ასეთი მსხვილი სავაჭრო ობიექტის გარეუბანში გახსნა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და მალე ასეც მოიქცა.

იხილეთ სტატია სრულად