მილიარდერი, რომელიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს

15 წლის განმავლობაში მისი ქველმოქმედების შესახებ არავისთვის იყო ცნობილი, ამერიკაში კი წლების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ქვეყანას ერთით მეტი მილიარდერი ჰყავდა.

Duty Free-ის დამაარსებლის, 84 წლის მილიარდერი ჩაკ ფინის ”აღმოჩენა” იოლი საქმე მართლაც არ იყო, რადგან მას არ აქვს საკუთარი სახლი, არ ჰყავს საკუთარი მანქანა, ხშირად მგზავრობს მეტროთი, ზოგჯერ ტაქსითაც, არასდროს მჯდარა ბიზნეს კლასში, მდიდრულ და ელიტრულ რესტორნებს პატარა, მყუდრო საკვებ ობიექტებს ამჯობინებს, მის გარდერობში არ მოიძებნება არცერთი ცნობილი დიზაინერის სამოსი, მისი საყვარელი მაჯის საათი კი არც მეტი, არც ნაკლები 15 დოლარი ღირს. სინამდვილეში კი ამერიკელი მილიარდერის ქველმოქმედების ისტორია აბსოლუტურად უნიკალურია - ბოლო 32 წლის განმავლობაში Duty Free-ის დამაარსებელმა ქველმოქმედებისთვის 6,5 მილიარდი დოლარი გაიღო. ფინის მილიარდები განათლების, ჯანდაცვის, მეცნიერების სფეროს, აშშ-ს, ვიეტნამის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ირლანდიისა და ბერმუდის კუნძულებზე არსებულ მოხუცთა სახლების დაფინანსებას მოხმარდა. თუმცა, ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს - 2016 წლისთვის დარჩენილი ქონების - 1,3 მილიარდისგან „გათავისუფლებასაც“ გეგმავს, 2020 წელს კი, როცა ამერიკელი ფილანთროპი 90 წელს მიაღწევს, მისი საქველმოქმედო ფონდი, 1982 წელს დაარსებული The Atlantic Philanthropies-ი საქმიანობას ოფიციალურად დაასრულებს.

„ფინი იდეალური პიროვნებაა, რომელსაც უნდა მიბაძო. ის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება სიკეთის კეთება სიცოცხლეშიც. ეს ადამიანი არ ელოდება სიკვდილს, რათა გაიღოს ყველაფერი, რაც მას ეკუთვნის“, - ბილ გეითსი.

ოფიციალურად ჩაკ ფინი ამერიკელ მილიარდერებს შორის 1988 წელს დასახელდა, როდესაც ჟურნალმა ”ფორბსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ”ახალი მილიარდერი” აღმოაჩინა და Duty Free-ის დამაარსებელი ყველაზე მდიდარი ამერიკელების რეიტინგში 31-ე პოზიციაზე დაასახელა. 2012 წელს კი ამავე ჟურნალმა ჩაკ ფინის უწოდა ადამიანი, რომელმაც წმინდა პატრიკის შემდეგ ირლანდიისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე სხვა ნებისმიერმა. 1997 წელს კი ”ნიუ იორკ თაიმსმა” ნათელი მოჰფინა ჩრდილში მყოფი ფილანთროპის ფარულ ქველმოქმედებას - ამერიკული გამოცემის ჟურნალისტმა იუდით მილერმა სტატია ”მან 600 მილიონი დოლარი გაიღო ისე, რომ არავინ იცოდა” გამოაქვეყნა, რომელმაც მილიონობით მკითხველი გააოცა.

მიუხედავად საქვეყნო აღიარებისა, მოხუც ქველმოქმედს არ უყვარს საკუთარ სიკეთეზე საჯაროდ საუბარი და იშვიათად თანხმდება ინტერვიუებს. „დავრწმუნდი, რომ უფრო მეტ სიამოვნებას მაშინ იღებ, როცა ხედავ, რომ შენს მიერ გაღებული თანხებით, ვიღაცას სიცოცხლეს უხანგრძლივებენ, ვიღაც განათლებას იღებს, სადღაც რაღაც შენდება, მაგალითად კლინიკა. ეს ლოგიკურიცაა, რომ თუ ფული გაქვს, კეთილ საქმეში დააბანდო და არა ბანკის ანგარიშზე“, - ამბობს ფინი.

წარმოშობით ირლანდიელი მეცენატი დღემდე ფონდის მიერ ნაქირავებ კორპორატიულ ბინებში ჩერდება. მის კუთვნილებში წლების წინ არსებული რამდენიმე სახლი კი განქორწინების შემდეგ ყოფილ მეუღლესა და ხუთ შვილს დარჩა. მიუხედავად მილიარდერი მამისა, ხუთივე მისი შვილი სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლისას საზაფხულო სამუშაოების დროს მიმტანად, მოლარედ და მომვლელად მუშაობდნენ.

ჩარლზ ფინი 1931 წელს, „დიდი დეპრესიის“ ეპოქაში, ნიუ ჯერსიში, ირლანდიელების ღარიბ ოჯახში დაიბადა. ოჯახს რომ დახმარებოდა, 10 წლის ჩარლზმა პირველი სამსახური იშოვა - საშობაო ბარათებს ჰყიდდა კარდაკარ, მერე მუშაობდა თოვლის მხვეტავად, გაზონების მომვლელად, გოლფის მოედანზე ბურთების დამჭერად და მიმწოდებლად. 17 წლის ჩაკ ფინი არმიაში გაიწვიეს, სადაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა კორეის ომის დროს. არმიაში მსახურის შემდეგ კორენელის სკოლა დაამთავრა და პოლიტილოგიის შესასწავლად საფრანგეთს მიაშურა. სწორედ საფრანგეთში მოსინჯა ჩაკ ფინიმ პირველი ძალები ბიზნესში - მეზღვაურებზე სასმელებს და სიგარეტს ჰყიდდა. 1960 წელს ძველ თანაკურსელთან - რობერტ მილერთან ერთად Duty Free Shoppers ჩაუყარა საფუძველი, რომლის პირველი მაღაზიებიც ჰონოლულუსა და ჰონგ კონგში გახსნა. ოთხი წლის შემდეგ Duty Free-ის მაღაზიები მსოფლიოს 27 ქვეყანაში იყო.

მალე იაპონიის ეკონომიკური ბუმის წყალობით, ფინისა და მილერის არცთუ დიდი ბიზნესი საცალო ვაჭრობის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი საქმე გახდა. 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის დროს, იაპონიამ საზღვარგარეთ წამსვლელთათვის შეზღუდვები გააუქმა, რომელიც იაპონიას მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ჰქონდა დაწესებული. ხელისუფლების გადაწყვეტილებით გახარებული იაპონელი ტურისტები სამოგზაუროდ გაიჭრნენ. თუმცა, თავდაპირველად მათთვის ყველაზე საინტერესო ქვეყანა ჰონგ კონგი და ჰავაი იქცა. იაპონელმა კლიენტებმა ფინის მაღაზიებს დიდი მოგება მოუტანეს. ამერიკელი ბიზნესმენი ”იძულებული გახდა” ანალიტიკოსები დაექირავებინა და იმის პროგნოზი გაეკეთებინა, რომელ ქალაქებს დალაშქრავდნენ იაპონელი ტურისტები. შედეგად Duty Free Shoppers-ის მაღაზიები მალე ანკორიჯაში, სან-ფრანცისკოში და გუამში გაჩნდა. ანალიტიკოსები ასევე პროგნოზირებდნენ, რომ იაპონელების მომდევნო გატაცება პატარა კუნძული საიპანი იქნებოდა. თუმცა, აქ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი - საიპანზე არ იყო აეროპორტი. ფინი მიხვდა, რომ კუნძულზე იაპონელების მისაზიდად აეროპორტი იყო საჭირო და ამ მიზნით Duty Free Shoppers-მა 5 მილიონი გაიღო. მისმა გათვლებმა გაამართლა. საბოლოოდ, 1967 წელს ჩაკ ფინიმ 12 ათასი დოლარის ოდენობის დივიდენდები მიიღო, 1977 წელს კი ამ ციფრმა 12 მილიონ დოლარს მიაღწია. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში Duty Free Shoppers-ის დამაარსებელმა 334 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რომელიც სასტუმროებში, მაღაზიებში, ტანსაცმლის წარმოებასა და შემდეგომში ტექნოლოგიურ სტარტაპებში დააბანდა.

84 წლის ჩარლზ ფინის მთავარი მიზანი უახლოესი წლების განმავლობაში დარჩენილი მილიარდისგან გათავისუფლებაა. ის მონაწილეობს ბილ გეითსისა და უორენ ბაფეტის საქველმოქმედო პროექტში Giving Pledge, რომლის მონაწილეების მთავარი „ვალდებულებაა“ ქონების სულ მცირე ნახევარი ქველმოქმედებისთვის გაიღონ. ბილ გეითსმა ჩაკ ფინის პროექტის ”სულიერი ლიდერი” უწოდა. ჰოლივუდში კი, სადაც რამდენიმე წლის წინ ჩაკის უნიკალური ცხოვრების წესის შესახებ ფილმის გადაღების სურვილი ჯორჯ კლუნიმ გამოთქვა, მოხუც ფილანთროპს ”ქველმოქმედების ჯეიმს ბონდი” უწოდეს.

მარი ჯავახიშვილი