როგორ გავმდიდრდეთ- რეკომენდაციები დამწყებ მეწარმეებს

დონალდ ტრამპი: გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტი

დონალდ ტრამპის ქონება 3,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და ექსცენტრიკული მილიარდერია, რომელიც აქტიურად არის ჩართული მსოფლიო შოუბიზნესში. ამ ადამიანს აქვს სამშენებლო კომპანიები, კაზინოები, სასტუმროები, თუმცა, სახელი გაითქვა ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილით, ემოციურობით, ცნობილი რეალითი-შოუებითა და სილამაზის კონკურსებით, რომლებსაც თვითონვე კურირებს.

1946 წელს დაბადებულმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ბიზნესი სასტუმრო "კომოდორის" რეკონსტრუქციით დაიწყო, მერე კი ცნობილი "ტრამპ-თაუერი" ააგო ნიუ-იორკში და სხვა სამშენებლო პროექტებიც განახორციელა.

დონალდ ტრამპს უყვარს რჩევების მიცემა, წიგნიც კი გამოსცა "ტრამპი-როგორ გავმდიდრდეთ", რომელშიც დაწვრილებით რეკომენდაციებს აძლევს დამწყებ მეწარმეებს.

დონალდ ტრამპის რჩევები:

1. ყოველთვის კარგად ჩაიცვით - ოდესღაც ვამაყობდი იმით, რომ იაფ კოსტიუმებსა და სხვა სამოსს ვყიდულობდი. მეჩვენებოდა, რომ სულაც არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ათასობით დოლარის ხარჯვას კარგ კოსტიუმში, როცა შეიძლებოდა, 100 დოლარადაც მეყიდა. ვინ გაიგებდა? თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი. ახლა ძალიან ხარისხიან ფეხსაცმელს ვყიდულობ და შემიძლია, სამუდამოდ ვატარო, როცა იაფფასიანი ფეხსაცმელი მალე ცვდება და ყოველთვის ზუსტად იმ ღირებულებისა ჩანს, რამედნიც მასში გადახდილი გვაქვს. ის, თუ როგორ ვიცვამთ, ბევრ რამეს მეტყველებს ჩვენ შესახებ მანამ, სანამ საუბარს დავიწყებთ და რაც უფრო სოლიდურად გამოვიყურებით, მით უფრო მეტ ნდობასა და პატივისცემას ვიმსახურებთ საქმიან წრეებში.

2. მოახდინეთ თანამოსაუბრეების პროვოცირება - შეთავაზეთ კარგად მოფიქრებული უცნაური ინფორმაცია ან პროვოკაციული მოსაზრება, რათა დააკვირდეთ მათ რეაქციას. რაღაც უჩვეულოს თუ იტყვით, შეძლებთ პარტნიორების გამოსააშკარავებელი ინფორმაციის მიღებას. მე შემეძლო აღმაშფოთებელი კომენტარების გაკეთება შეხვედრაზე მხოლოდ იმისთვის, რომ მენახა, დამსწრეები ამყვებოდნენ თუ არ დამეთანხმებოდნენ. ეს შესანიშნავი საშუალებაა ადამიანების შესაფასებლად.

3. იყავით საკუთარი თავის ფინანსური მრჩეველი - ბევრი ადამიანი ქირაობს ფინანსურ კონსულტანტს, მაგრამ ხშირად მინახავს, კონსულტანტები როგორ ანგრევდნენ მთელ ბიზნესს. არჩევანის გაკეთებისას საკუთარ მოსაზრებებს ენდეთ, რომლებიც იმაზე იქნება დაფუძნებული, რაც წაგიკითხავთ საიმედო გამოცემების ბიზნესგვერდებზე. ამ პუბლიკაციების წაკითხვისას ყოველთვის იგრძნობთ, რა ხდება ბაზარზე და ვინ არის საუკეთესო მრჩეველი. იყავით გამარჯვებულების გვერდით.

4. ნუ შეგეშინდებათ ხურდის დაბრუნების - თუ ვიღაც გავიწროებთ, იმავეთი უპასუხეთ. როცა ვიღაც გაწყენინებთ, ასეთივე ძალითა და მრისხანებით უპასუხეთ. თვალი თვალისა წილ... ნუ იქნებით მიმნდობი. ვიცი, რომ ეს მოსაზრება არც ისე კარგად ჟღერს, მაგრამ თქვენს საუკეთესო მეგობარსაც კი შეუძლია, თქვენი ფული ან ცოლი მოიპაროს.

5. ნუ უგულებელყოფთ დალაქების ხელოვნებას - ხშირად მაკრიტიკებენ ვარცხნილობის გამო. New York Magazine-მაც კი დაწერა, რომ ჩემი ვარცხნილობა "რთული აღჭურვილობაა, არქიტექტურის კრიტიკოსების ოცნება". მე კი მიმაჩნია, რომ კარგი ვარცხნილობა მაქვს და არც არასდროს მითქვამს, რომ ის ჩემი კოზირია. მაოცებს, როცა მეკითხებიან, მართლა ვატარებ თუ არა შინიონს. პასუხი გულწრფელია: არა, პარიკს არ ვატარებ.

6. ყოველთვის თავი აარიდეთ ხელის ჩამორთმევას - ზოგიერთ ადამიანს სჯერა ხელის ჩამორთმევის. ხშირად გაცივებული ადამიანი მიახლოვდება და მეუბნება: "ბატონო ტრამპ, მინდა, ხელი ჩამოგართვათ". მედიცინამ დაადასტურა, რომ სწორედ ასე გადაეცემა მიკრობები.

ერთხელ ერთი კაცი ტუალეტიდან გამოვიდა, ხელები ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. დამინახა, მოვიდა ჩემს მაგიდასთან და მითხრა: "ბატონო ტრამპ, თქვენ დიდებული ადამიანი ხართ. შეიძლება, ხელი ჩამოგართვათ?" ამ შემთხვევაში გადავწვიტე, არ მეთქვა უარი ხელის ჩამორთმევაზე, რადგან იმ მომენტში წონაში ოდნავ მომატებული ვიყავი და ვიცოდი, თუ ამ ადამიანს ხელს ჩამოვართმევდი, იმ დღეს აღარ ვისადილებდი.

7. მიენდეთ ინტუიციას - თუ გინდათ, დიდი ბიზნესმენი იყოთ, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ. შეიძლება, აკადემიკოსის დიპლომი გქონდეთ, მაგრამ ინტუიციის გარეშე მეტისმეტად ბევრი დრო დაგჭირდებათ მწვერვალზე ასასვლელად და იქ გასაჩერებლად.

ეს ერთ-ერთი ის სფეროა, რომელიც გამოცანად რჩება იმ ადამიანებისთვისაც კი, რომელთაც აშკარად აქვთ საქმოსნური თვისებები. არსებობს აუხსნელი ნიშნები, რომლებიც გიკარნახებთ, გააფორმოთ თუ არა ესა თუ ის ხელშეკრულება და ღირს თუ არა გქონდეთ საქმე ამა თუ იმ ადამიანთან.

8. დარჩით ოპტიმისტად, მაგრამ მზად იყავით მარცხისთვის - ნებისმიერ აღმაფრენასა და დაცემას გადაიტანთ, თუ ამისათვის მზად იქნებით. ჩემმა უნარმა, ყოველთვის მზად ვყოფილიყავი სირთულეებისთვის, გადამარჩინა ენერგიის უაზროდ ფლანგვისგან. ეს თქვენც დაგეხმარებათ უსიამოვნო სიურპრიზების დროს. აღმაფრენა და დაცემა გარდაუვალია. საერთოდ კი, ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პესიმისტი ვარ. ვუწოდოთ ამას პოზიტიური აზროვნება, რეალურთან მიახლოებული.

9. გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე - თუ არ იცით თქვენი საქმის ყველა წვრილმანი, ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი გელით. ერთხელ ვკითხულობდი პატივცემულ ნეიროქირურგზე, რომელიც დეტალებზე იყო გადარეული. როდესაც დილით დარბოდა, თავში მოსალოდნელ ოპერაციას ატრიალებდა. ხედავდა ყველა დეტალს, თითოეულ წვრილმანს თუ გართულებას, რომელიც შეიძლებოდა, შეხვედროდა. აუცილებელი არ არის, ნეიროქირურგი იყო, რომ დეტალებზე გაამახვილო ყურადღება.

10. გააფორმეთ საქორწინო კონტრაქტი - მე რომ საქორწინო კონტრაქტი არ გამეფორმებინა, ამ წიგნს დავწერდი იმ ადამიანის პოზიციიდან, რომელმაც ბევრი დაკარგა. ერთი ავტობუსი დაგვჭირდა, რომ ივონას (ტრამპის ყოფილი ცოლი - ავტ.) ადვოკატები სასამართლოში მოგვეყვანა. ეს კატასტროფა იყო, მაგრამ მე საქორწინო კონტრაქტი მქონდა გაფორმებული.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც მეხუთედ დაქორწინდა, მითხრა: "დოლანდ, ისე მიყვარს ეს ქალი, საქორწინო კონტრაქტი არ მჭირდება". ერთ წელიწადში ოჯახი დაენგრა და ჯოჯოხეთის გავლამ მოუწია. შეშინებულ ლეკვს ჰგავდა. ვერ გავბედე, მეთქვა, რასაც მისი შემხედვარე ვფიქრობდი: "უიღბლო!"