ერთ ოთახში გახსნილი სტომატოლოგიურიდან „მედის“ კლინიკამდე

„იფიქრო მხოლოდ ფულის შოვნაზე, ეს იგივეა, დღევანდელი დღით იცხოვრო.”

ქართველი სტომატოლოგი თამაზ მჭედლიძე რამდენიმე ათეულ წელზე მეტია რუსეთის მეორე დედაქალაქში ცხოვრობს. სწორედ აქ, სანკტ პეტერბურგში დააარსა ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა სტომატოლოგმა სამედიცინო ქსელი ”მედი”, რომელიც მალე იქცა მსხვილ ბიზნესად, „მედის“ სახელი კი კარგა ხანია გასცდა რუსეთს.

ხაშურის სკოლის დამთვრების შემდეგ, ახალგაზრდა თამაზ მჭედლიძეს ძმის მსგავსად, სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში ჩაბარება უნდოდა - ნეიროფიზიოლოგობაზე ოცნებობდა. თუმცა უფროსმა ძმამ გადააფიქრებინა და ძალების მოსინჯვა ყბა-სახის ქირურგიაში ურჩია. „ძმამ მირჩია, ჯერ სტომატოლოგიურზე ჩამებარებინა, რადგან ყბა-სახის ქირურგიიდან პლასტიკურ ქირურგიას იოლად დავეუფლებოდი. დავუჯერე. მეოთხე კურსამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ პლასტიკური ქირურგი ვიქნებოდი. მეოთხე კურსზე, სტომატოლოგიაში პრაქტიკების დროს ერთი ლამაზი გოგონა მოვიდა. წინა კბილი გატეხილი ჰქონდა. მაშინდელი მასალებით ვიწვალე და ისეთი ლამაზი კბილი გამომივიდა, გახარებული გადამეხვია. მეც გამიხარდა და ვიფიქრე, რაღად მინდა პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგად დავრჩები-მეთქი“, -იხსენებს ერთ-ერთი ინტერვიუში თამაზ მჭედლიძე.

ასე „შემორჩა“ სტომატოლოგიას. პირველი სტომატოლოგიური კაბინეტი კი ხაშურში, საკუთრი სახლის პირველ სართულზე გახსნა. პატარა ოთახში გახსნილი სტომატოლოგიური მალე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კაბინეტად იქცა ხაშურში. თუმცა, პეტერბურგში ნაცხოვრებ ადამიანს, რომელიც სამშობლოში მხოლოდ მამის დაჟინებული თხოვნით დაბრუნდა, გული ისევ რუსეთისკენ მოუწევდა.  „მშობლებს ვუთხარი, მასალები გამითავდა, წავალ ლენინგრადში და ჩამოვიტან-მეთქი. ბოლოს მამა მიხვდა, რომ დამბრუნებელი აღარ ვიყავი”, - არ მალავს თამაზ მჭედლიძე.

პეტერბურგში „გაპარულმა“ და იქ საცხოვრებლად დარჩენილმა, ყველაფერი ისევ ნულიდან, ისევ პირველ სართულზე გახსნილი პატარა კაბინეტიდან დაიწყო, რომელიც თითქმის საკუთარი ხელით გაარემონტა. ორი წლის შემდეგ კი, 90-იანი წლების შუა პერიოდში თამაზ მჭედლიძემ პეტერბურგში საკუთარი პირველი სერიოზული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა გახსნა. პატარა სტომატოლოგიური კაბინეტით დაწყებულმა საქმიანობამ მალე სხვა მასშტაბები შეიძინა. „მაშინ არ იყო მარკეტინგი და არც განსხვავებული ფასები. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ექიმებს ახალი ტექნოლოგიების სწავლა აღარ აინტერესებთ, პაციენტები რიგში ჩასაწერად ადმინისტრატორებს ქრთამებს აძლევენ. მივხვდი, რომ საბჭოთა კავშირისკენ ვბრუნდებოდი მაშინ, როდესაც მინდოდა მსოფლიო დონის სტომატოლოგიური კლინიკა მქონოდა. ამიტომაც ფასები 10-ჯერ გავზარდე და რიგი ერთ თვემდე შემცირდა. ფასები რომ გავზარდეთ, შემოსავალიც კარგად წამოვიდა, - იხსენებს თამაზ მჭედლიძე.

სტომატოლოგიურ საქმიანობას ჯერ ესთეტიკური მედიცინა მოჰყვა, მერე პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა, ლაზერული კორექცია. „მედი“ მალე საქართველოშიც პოპულარული გახდა. დღეს მისი სახელის ქვეშ რამდენიმე კლინიკაა გაერთიანებული, კომპანიის წლიური მოგება კი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად თამაზ მჭედლიძე „საკუთარ თავთან დაბრუნებას“ მიიჩნევს. სწორედ ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ქართველი ექიმი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს იმ ადამიანებს, ვისაც ჭარბი წონის დამარცხება სურს. წლების წინ მან სწორედ საკუთრ თავზე გამოსცდა, რა პრობლემებს იწვევს ზედმეტი კილოგრამები და როგორ შეიძლება მათი წარმატებით დამარცხება. ათიოდე წლის წინ ახალგაზრდა სტომატოლოგი 164 კილოგრამს იწონიდა, თუმცა, თამაზ მჭედლიძემ თითქმის შეუძლებელი შეძლო - ერთ წელიწადში 74 კილოგრამის დაკლება შეძლო. „ზედმეტად ჭარბ წონას რომ მივაღწიე, მივხვდი, ჩემთან მოსულ პაციენტს არ მოუნდებოდა იმ ექიმის რჩევა გაეზიარებინა, ვინც თავად ვერ უმკლავდება საკუთარ პრობლემებს. ამიტომ ექიმების გუნდთან ერთად შევიმუშავე გამაჯანსაღებელი და არა გასახდომი სისტემა. გაჯანსაღება ავტომატურად გახდომასაც იწვევს. გაჯანსაღებით გახდომა სხვაა და დიეტით წონის მოკლება – სხვა“, - ამბობს ქართველი სტომატოლოგი.

ახლა მისი მთავარი მიზანი სრულიად ახალი გამაჯანსაღებელი სისტემის შექმნაა, რომელიც სწორ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ესთეტიკურ მედიცინას, გენეტიკურ ანალიზს და ბევრ სხვა მეთოდს მოიცავს. „იფიქრო მხოლოდ ფულის შოვნაზე ეს იგივეა, დღევანდელი დღით იცხოვრო. ბაზრის პირობებში პაციენტი მხოლოდ მაშინ მოვა ჩემთან, თუ იგრძნობს, რომ მისთვის თხემით ტერფამდე ვიხარჯებით. დაუშვებელია პაციენტის პირის ღრუში მხოლოდ დოლარებს ხედავდე“, - თამაზ მჭედლიძე.

მარი ჯავახიშვილი