ათი ბიზნესრჩევა ადამიანისგან, რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა და ფინანსურ სპეკულანტს უწოდებენ

ჯორჯ სოროსი: ფული წარმატების მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია

ჯორჯ სოროსი თანამედროვეობის ერთ-ერთი ცნობილი ფინანსისტი და ფილანთროპია. ამ ადამიანმა უდიდესი ფული დააგროვა. მისი ქონება დღეს 39,6 მლრდ დოლარია.

დაიბადა 1930 წელს ბუდაპეშტში, საშუალო შეძლების ებრაულ ოჯახში - მისი ნამდვილი გვარი შვარცია. მამამისი ადვოკატი იყო. ოჯახმა გვარი უნგრული ვარიანტით შეიცვალა და ჯერ შოროშად იქცა, მერე კი - ამერიკულად სოროსად.

ჯორჯ სოროსმა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა დაამთავრა. ინგლისში საგალანტერეო ფაბრიკაში მუშაობდა. მერე კი - კომივოიაჟორად, თუმცა გამუდმებით ეძებდა სამუშაოს ბანკში. ბანკში მუშაობის დაწყებისთანავე დაინტერესდა ბირჟით და სწორედ აქ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა. სოროსი აშშ-ში გადაბარგდა, უოლ-სტრიტზე საბროკერო ფირმაში დაიწყო მუშაობა. აშშ-ში მისი კარიერა საერთაშორისო არბიტრაჟით დაიწყო - ფასიან ქაღალდებს ყიდულობდა ერთ ქვეყანაში და ყიდდა - მეორეში. საბირჟო მაქინაციებით მალე გამდიდრდა, რასაც მოჰყვა უამრავი საქველმოქმედო პროექტი თუ ფონდი, მათ შორის უმთავრესი -"სოროსის ფონდი". მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აკრიტიკებენ, ფინანსურ სპეკულანტს უწოდებენ. ადამიანს, რომელმაც ინგლისის ბანკი გატეხა, ბრალად სდებენ სხვადასხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მოვლენებში ჩარევას, ის დღეს უდავოდ ერთ-ერთი წარმატებული და გავლენიანი ადამიანია.

ჯორჯ სოროსის ათი ბიზნესციტატა:

1. სრულიადაც არა აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა მართალი. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რამდენ ფულს შოულობ, როცა მართალი ხარ, და რამდენ ფულს კარგავ, როცა ცდები.

2. ჩემი პრინციპია - უპირველესად ისწრაფე იმისკენ, რომ გადარჩე, და მხოლოდ შემდეგ იშოვე ფული.

3. ბიზნესი არც ისე რთულია. ბევრი ადამიანი, რომელსაც საშუალო ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვს, საკმაო ფულს შოულობს. ნამდვილად ჭკვიან ადამიანებს კი შეუძლიათ გამდიდრება, თუ მართლა მიუძღვნიან თავს ამ მიზანს.

4. ფული წარმატების მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ზოგჯერ ფულს შეუძლია მეტი ზიანიც კი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.

5. მე არ ვთამაშობ დადგენილი წესებით, პირიქით, ვცდილობ, თამაშის წესები შევცვალო.

6. ღმერთმა მოკლე მეხსიერება მომცა, რაც მაძლევს საშუალებას, საქმე მქონდეს არა წარსულთან, არამედ მომავალთან.

7. არ მეშინია ყველაფრის დაკარგვის. მე ხომ ჯერ კიდევ მაბია თავი მხრებზე, ამ თავში კი ტვინიც არის.

8. თუ ინვესტირება საინტერესო საქმიანობად მიგაჩნიათ და მისგან სიამოვნებას იღებთ, როგორც ჩანს, ვერაფერს შოულობთ. ნამდვილი ინვესტირება საშინლად მოსაწყენი რამ არის.

9. წარმატების მისაღწევად აუცილებელია დასვენებაც. საჭიროა დრო, რომელიც მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ.

10. თქვენი პრობლემა ის არის, რომ საინტერესო საქმის გაკეთება გინდათ. ადამიანისთვის, რომელსაც გამდიდრება უნდა, სულერთია, რას აკეთებს. ის მხოლოდ საბოლოო მოგებაზე ფიქრობს. მთელი დღე ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ იშოვოს მეტი ფული. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავ დახლს დადგამს ფეხსაცმლის საწმენდად, მაშინ სწორედ ეს იქნება მისი საქმე.