როგორ გახდა "კაფე-კაფე მოსიარულე" ვერელი გოგონა წარმატებული ფერმერი

ნინო ზამბახიძის ფერმერულ მეურნეობას ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია.

ახალციხის რაიონის სოფელ წნისში მისი მეურნეობა უკვე რძის გადამამუშავებელ საწარმოს, ფერმას, ხელოვნურ ტბას, პირუტყვის საკვების მწარმოებელ საწარმოს, ვაშლის ბაღს 5 ჰექტარზე, ვაშლის სამაცივრე მეურნეობასა და ტრენინგ-ცენტრს მოიცავს. ზამბახიძე სამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, მათ შორის - საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, რომლის დამფუძნებელი თავად გახლავთ.

ნინო ზამბახიძე:

1997 წელს, ინგლისური ენის შესასწავლად ამერიკაში წავედი. აქედან ჩასული გავოცდი, როცა დავინახე, როგორ ყიდულობდნენ ყავას ჯიხურებში და სამსახურში მიჰქონდათ. ძალიან მომინდა, იგივე საქართველოში გამეკეთებინა. ამერიკელ მეგობართან ერთად ვმუშაობდი. ხშირად საქართველოში ბავშვთა სახლებში ჰუმანიტარულ დახმარებას ვგზავნიდით. მალე GAP-ის ჯინსების გამოგზავნა დავიწყე. საქმეს აქ მამას მეგობარი უძღვებოდა. როცა მშობლების დაჟინებული თხოვნით საქართველოში დავბრუნდი, მამას მეგობარი აღარ დამხვდა - მთელი თანხით გაუჩინარდა. ყველაფრის გაყიდვა მომიხდა, რომ ვალები დამეფარა. მოგვიანებით მუშაობა თარჯიმნად, ბერძენთან დავიწყე. მალე მისი მოადგილეც გავხდი, მაგრამ მეუბნებოდა, - ვატყობ, შენი საქმე გინდა გქონდესო. მარკეტინგი მასთან ვისწავლე. 2005 წელს ჩაისა და ყავის სადისტრიბუციო ქსელი შევქმენი. ამ მიზნით პირველი "თან წაიღე" ჯიხურები ჩვენ დავდგით. ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა და დღემდე გრძელდება. პარალელურად, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მარკეტინგის განყოფილების უფროსი ვიყავი.

2007 წელს ჩემი ბიზნესპარტნიორი შემთხვევით ახალციხეში მოხვდა. ნასვამმა დამირეკა და მითხრა, - ორი ძროხა ვიყიდე და დღეიდან შენს შვილებს ნატურალური რძის ნაწარმს აჭმევო. ძროხების შეძენიდან ერთ თვეში სოფლიდან დარეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი პირუტყვი საკვებს, მოვლას საჭიროებდა. დამიჯერეთ, სოფელი მხოლოდ ზღვაზე მიმავალს, მანქანის ფანჯრიდან მქონდა დანახული. ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. სოფელში რომ ჩავედი, შოკის მომგვრელი აღმოჩნდა იმ პირობების ნახვა, სადაც რძის ნაწარმს ამზადებდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ადამიანები ასეთ რთულ პირობებში ცხოვრობდნენ და სოფლის პროდუქტები ასეთ არაჰიგიენურ პირობებში მზადდებოდა. რომ დავიანგარიშეთ, აღმოჩნდა, რომ ორ და ორმოცდაათ ძროხას ზუსტად ერთნაიარი მოვლა სჭირდებოდა - საძოვრად მიწის ფართო მასივებს აქირავებდნენ, მწყემსისთვის კი ერთი თუ ათეულობით ძროხისთვის ერთნაირი ანაზღაურება უნდა მიგეცა. ვიფიქრე, ფერმას გავაკეთებ-მეთქი. გადავწყვიტეთ, პატარა მიწის ნაკვეთი გვეყიდა. მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი იყო. საერთო ნაცნობები გვყავდა, მაგრამ შეხვედრის მოწყობა გაჭიანურდა. ალბათ ფიქრობდა, რომ მისთვის სამსახური უნდა მეთხოვა (იცინის). როგორც იქნა, პეტრეს შევხვდი. არასოდეს დამავიწყდება მისი გაოცებული სახე, როცა ვუთხარი, მაღალპროდუქტიული ძროხების ყიდვა მინდა-მეთქი. მირჩია, "ათასწლეულის გამოწვევის ფონდში" მივსულიყავი. იქ მისულს მითხრეს, სულ ერთი კვირაა დარჩენილი, ბიზნესგეგმა დაწერეთ და თუ მოიგებთ, დაგაფინანსებთო. ბიზნესგეგმა ვარაუდით დავწერეთ და რძის გადამამუშავებელი ქარხნისთვის თანაინვესტირებით განცხადება 125 000 დოლარზე შევიტანეთ. მთავარი იდეა იყო, როგორ უნდა გადამექცია კუსტარული, სახლში წარმოებული პროდუქცია ინდუსტრიად. მალე გვითხრეს, რომ მოვიგეთ და შეგვეძლო, გეგმის შესრულებას შევდგომოდით. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა დაგვეწყო... ინტერნეტით ვიპოვე გზამკვლევი, როგორ უნდა ამეშენებინა საწარმო. ამოვაშენებდი ერთ კედელს, ვნახავდი, რომ შეცდომით იყო, დავანგრევინებდი ისევ... ეს რამდენჯერმე მოხდა. საბოლოოდ, დიდი ძალისხმევის შედეგად, საწარმო ავაშენეთ. ყველის წარმოების შესასწავლად ერთი თვე კონიაში წავედი. ჩამოვედი, ხალხი გადავამზადეთ და სოფელში რძის შემგროვებელი კონტეინერები დავდგით. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ დადგა სექტემბერი და გვითხრეს, ამ სეზონზე ძროხები აღარ იწველებიან, საკვები არ აქვთო. ბინები ჩავდეთ იპოთეკაში, ავიღეთ სესხი და პირუტყვის საკვების მწარმოებელი ქარხანა ავაშენეთ. იქ დამზადებულ საკვებს ფერმერებს ვაძლევდით. გავიდა ერთი წელი და ახლა პრობლემა ჩვენი ძროხების გენეტიკა აღმოჩნდა - თურმე ბევრს ვერ იწველებიან. ავაშენეთ საერთაშორისო სტანდარტების ფერმა, სადაც დღეს უკვე 70 მეწველი ძროხა გვყავს.

- ფერმერთა ასოციაცია რა მიზნით შეიქმნა?

- მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი სანაცნობო წრე მყავდა, ძალიან გამიჭირდა მარტოს პრობლემების მოგვარება. შეიძლებოდა, რაღაც დადებითად გადაწყვეტილიყო, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჩემს და არა - რეგიონის სასიკეთოდ. მსგავსი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, 2012 წელს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც სათავეში ჩავუდექი. დღეს უკვე ბიზნესზე ორიენტირებული 1000 წევრი ფერმერი გვყავს.

იხილეთ სრულად