"ქართულმა ოცნებამ" ბანკ "ქართუდან" მილიონი ლარი ისესხა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" ბანკ "ქართუდან" წინასაარჩევნო პერიოდში მილიონი ლარის ოდენობის სესხი აიღო. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ "ქართუდან" სესხის აღება 9 სექტემბერს მოხდა. მისი დაფარვის ვადა 4 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 11 %-ია. სესხის უზრუნველყოფად მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავის მხრივ იმ პარტიების მიერ მილიონ ლარამდე გაწეული ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას გულისხმობს, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში შემოვიდა პარტიების 3-კვირიანი დეკლარაცია. ამ შემთხვევაში უშუალოდ "ქართული ოცნების" ანგარიშები მოიცავს 31 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდს. ჩვენ ვსწავლობთ ამ დოკუმენტაციას და უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ შესწავლილ მონაცემებს, იქამდე კი გადმოგზავნილი ფინანსური დეკლარაციები, რომელიც მოიცავს პარტიების მიერ გაწეულ ხარჯებსა და მიღებულ შემოსავლებს, ჩვენს ვებ-გვერდზე ავტვირთეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.