გია ვოლსკი - სჯობს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალარჩეულმა პარლამენტმა განიხილოს

“ქართული ოცნება“ მოქმედი პარლამენტის პირობებში, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის 15 ნოემბრამდე პლენარულ სხდომაზე გადატანასა და განხილვას არ აპირებს. ამის გაკეთებას კი, მმართველ პარტიას “საბიუჯეტო კოდექსი“ და პარლამენტის რეგლამენტი ავალდებულებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა, “ამ შემთხვევაში მთავარია არა რეგლამენტის მცირედით დარღვევა, არამედ რეალური ბიუჯეტის მიღება“.

ვოლსკის შეფასებით, მანდატი, რომელიც მოქმედ პარლამენტს გააჩნია, მნიშვნელოვანწილად ფორმალურია და ამიტომ სჯობს, საბიუჯეტო პროექტის განხილვა ახალარჩეულმა პარლამენტმა გააგრძელოს.

“მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მივიღოთ რეალური ბიუჯეტი, განხილული რეალური პარლამენტის მიერ. პარლამენტი კი არსებობს, პატივს ვცემთ, ქედს ვიხრით, მაგრამ რეალურად, რასაც ჰქვია ძალაუფლების მქონე პარლამენტი, შეიკრიბება მეორე ტურის არჩევნების შემდეგ. რომც დაგვიანდეს და ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოხდეს არა 15 ნოემბრამდე, არამედ 20-მდე ან 25-მდე... მთავარია ბიუჯეტი მივიღოთ და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ეს ის წელიწადია, როცა საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტის მიღებას დაემთხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მთავარია არა რეგლამენტის მცირედით დარღვევა, არამედ რეალური ბიუჯეტის მიღება. ასეთია მოცემულობა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2017 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გამართა, რითაც ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებში განხილვის ეტაპი დასრულდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრამდე მთავრობას უკან დაუბრუნდება, კომიტეტების სხდომებზე გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით.

თავის მხრივ, მთავრობამ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ ბიუჯეტის განხილვის პროცესი, “საბიუჯეტო კოდექსითა“ და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გრძელდება, სადაც პროექტს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე წევრი წარადგენს.

პლენარული სხდომის ფორმატში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ - არა უგვიანეს 15 ნოემბრისა უკან დაუბრუნდება, ხოლო მთავრობა ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრისა შეიტანს.

ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა პარლამენტს დეკემბრის ბოლო პარასკევამდე აქვს.

ამასთან, პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის განრიგის გათვალისწინებით, დღეს უმცირესობისა და უმრავლესობის სხდომები უნდა გამართულიყო, თუმცა საფინანსო დოკუმენტზე არც უმცირესობის და არც უმრავლესობის ფორმატში არ შეკრებილან. ბიუჯეტის პროექტის განხილვა არც ფრაქციების ფარგლებში გამართულა.