დუბაიში ”მომავლის მუზეუმს” ააშენებენ

მუზეუმის მშენებლობა 136 მილიონი დოლარი დაჯდება.

დუბაიში ”მომავლის მუზეუმს” ააშენებენ. ბრიტანული გამოცემა ”ტელეგრაფის” ინფორმაციით, მუზეუმი 2017 წელს გაიხსნება. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეები, განთავსდება სპეციალური ინოვაციური ლაბორატორიები, სადაც მკვლევარები საკუთარი პროექტების რეალიზებას მოახდენენ.

”მომავლის მუზეუმის” გახსნის შესახებ დუბაის შეიხმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმ მოსახლეობას ”ტვიტერის” მეშვეობით აცნობა.

”მსოფლიო დაჩქარებული ცოდნისა და დიდი ტექნოლოგიური რევოლუციების ახალ ერაში შედის. ჩვენი მიზანია, წინ წარვუძღვეთ ამ ეპოქას და არა - უკან მივდიოთ მას და ჩამოვრჩეთ”, - დაწერა დუბაის შეიხმა ”ტვიტერზე”.

მისივე ინფორმაციით, მუზეუმის მშენებლობა 136 მილიონი დოლარი დაჯდება. ”მომავლის მუზეუმი” მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, საქვეყნოდ ცნობილ ”ბურჯ ხალიფასთან” ახლოს განთავსდება.

2015 წელი არაბთა გაერთიანებული საამიეროების პრეზიდენტმა ინოვაციების წლად გამოაცხადა. მომავლის მუზეუმი, რომლის დევიზიც ”დაინახე მომავალი, შექმენი მომავალი” გახლავთ, იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომლითაც დუბაი მსოფლიო გამოფენისთვის World Expo 2020 ემზადება.

დუბაის ხელისუფლება World Expo 2020-ს ფარგლებში აპირებს სამეცნიერო ქალაქის გაშენებას, სადაც მკვლევარები და გამომგონებლები იცხოვრებენ. პროექტის რეალიზებისთვის ქვეყნის ხელისუფლება ხუთი წლის განმავლობაში ჯამში 7,16 მილიარდი დოლარის მიზიდვას გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, World Expo 2020 ექვსი თვის განმავლობაში გაიმართება და წინასწარი პროგნოზით, მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 25 მილიონი სტუმარი ეწვევა.