Windows 10 ამ ზაფხულს გამოვა

Windows 10 მსოფლიოს 190 ქვეყანაში და 111 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

კორპორაცია  Microsoft-ის განცხადებით, ახალი ოპერაციული სისტემა Windows 10 ზაფხულში გამოვა. ბრიტანული გამოცემა ”ინდეპენდენტის” ინფორმაციით, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ტერი მეიერსონს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ Windows 10 მსოფლიოს 190 ქვეყანაში და 111 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

”Windows 10  კიდევ უფრო პერსონალიზირებული კომპიუტერებისა და მობილური მოწყობილობების ახალი ერის დასაწყისი იქნება. ჩვენ საკუთარ თავს მიზნად დავუსახეთ, რომ იმ ნახევარ მილიარდ ადამიანს, რომელიც უკვე არის Windows-ის მომხმარებელი, უფრო მეტად შეუყვარდეს Windows 10, ხოლო დანარჩენი რამდენიმე მილიარდი ადამიანი ჩვენი მომხმარებელი გახდეს”, - აღნიშნა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელერმა.

პირველი წლის განმავლობაში ახალი ოპერაციული სისტემა ხელმისაწვდომი იქნება Windows 7-ის, Windows 8.1-ისა და Windows Phone 8.1-სთვის.  Windows 10-ს რამდენიმე ინოვაციური ფუნქცია და სრულიად შეცვლილი აპლიკაციები ექნება. ოპერაციული სისტემის შემადგენლობაში შევა Cortana - ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი. Windows 10-ს ასევე ექნება ახალი ბრაუზერი. კომპანიამ უარი თქვა 90-იან წლებში შემუშავებულ Internet Explorer-ზე და სპეციალურად ახალი სისტემისთვის შექმნა ახალი ბრაუზერი Spartan. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება Windows-ში „Start მენიუს“ დაბრუნება იქნება, რომელიც Windows 8-ში აღარ იყო და ამის გამო ბევრი მომხმარებელი განაწყენდა.

Microsoft-მა ახალი ოპერაციული სისტემა გასული წლის სექტემბერში წარადგინა, მისი ოფიციალური პრეზენტაცია კი იანვარში გამართა.