ველოსიპედი, რომელიც მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ წინასწარ გაფრთხილებთ

ნიდერლანდებში ჭკვიანი ველოსიპედი შექმნეს.

ახალი მოდელის ველოსიპედი მოსალოდნელი საფრთხეების და დაბრკოლებების შესახებ წინასწარ იტყობინება. ჰოლანდიელი მეცნიერების მიერ შექმნილ ველოსიპედს რადარების სისტემა საჭის ქვეშ აქვს მიმაგრებული. აღნიშნული სისტემა წინასწარ ამოწმებს გზას და დამაბრკოლებელი ობიექტების ამოცნობას ახერხებს. ველოსიპედისტი კი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებას ვიბრაციით იღებს.

"ვიბრაცია ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ველოსიპედისტი გავაფრთხილოთ. ვიბრაციის სისტემა საჭესთან და სავარძელთან დავუმაგრეთ, ამგვარად ძალიან ეფექტურად ხდება საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება" - აღნიშნა ერთ-ერთმა მეცნიერმა, მორის კუაკერნაატმა.

ჭკვიანი ველოსიპედის შექმნის მიზანს ნიდერლანდებში უბედური შემთხვევების რიცხვის შემცირება წარმოადგენს, ვინაიდან ველოსიპედების ავარიის შედეგად გასულ წელს ნიდერლანდებში 184 ადამიანი დაიღუპა. მოდერნიზებული ველოსიპედის შემქმნელები ამჟამად ველოსიპედის დიზაინის დახვეწაზე მუშაობენ, ისინი ცდილობენ ახალი მოდელის სატრანსპორტო საშუალების წონა შეამცირონ, იგი ამჟამად 25 კილოგრამს იწონის.

ჭკვიანი ველოსიპედები ბაზარზე გასაყიდად დაახლოებით ორ წელიწადში გამოჩნდება. იგი 1 700-დან 3 200 ევრომდე ეღირება.