Google თვითმავალ ავტომობილს სატესტო რეჟიმში გამოუშვებს

თვითმავალი ავტომობილების მოძრაობის სიჩქარე საათში 25 მილი იქნება

ინტერნეტ საძიებო გიგანტი Google ზაფხულში საკუთარი წარმოების რამდენიმე თვითმავალ ავტომობილს სატესტო რეჟიმში გამოუშვებს.

”გუგლის” წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმავალი ავტომობილების მოძრაობის სიჩქარე საათში 25 მილი იქნება. თუმცა, თავდაპირველად უსაფრთხოების მიზნით, ავტომობილში მძღოლებიც იქნებიან. მათივე თქმით, ინჟინერები Lexus RX450h-ის 25 მოდელს დატესტავენ, რომლებსაც იგივე პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, რაც თვითონ ”გუგლს”.

პირველ ეტაპზე ”გუგლი” 25 უპილოტო ავტომობილს გამოუშვებს და კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს საჭე და მუხრუჭები ექნება.

რამდენიმე დღის წინ, ”გუგლში” განაცხადეს, რომ პროექტის არსებობის ექვსი წლის განმავლობაში კომპანიის უპილოტო ავტომობილებს მხოლოდ 11 უმნიშვნელო საგზაო ინციდენტი შეემთხვათ.

”ინციდენტების დროს არავინ დაშავებულა. დამნაშავეები კი სხვა მანქანის მძღოლები იყვნენ”, - აღნიშნეს ”გუგლში”.

იხილეთ ვიდეო