გაიცანით რომეოს ახალი ჯულია

”ალფა რომეომ” ”ჯულია” დაიბრუნა. უფრო სწორად, დაგვიბრუნა!

იტალიელებმა თავიანთი ახალი ”ჯულიას” ოფიციალური ფოტოები ფრანკფურტის ავტოშოუმდე (17-27 სექტემბერი) ორთვენახევრით ადრე გვიჩვენეს. ეს არის ავტომობილი, რომელზეც ”ალფა რომეოში” უდიდეს იმედებს ამყარებენ და რომლითაც ”ალფას” ძველი დიდების დაბრუნება უნდა. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ Giulia ჯერ კიდევ 1962 წლიდანაა ცნობილი ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის და ავტოისტორიაში თავისი საპატიო ადგილი აქვს მიკუთვნებული. ყველაზე კარგი და საინტერესო ის არის, რომ ახალი ”ჯულიათი” ალფა რომეო საშუალო კლასში უკანა ამძრაობას დაუბრუნდა.

”თამამად ვიტყვი, რომ ახალი Giulia მარკის მანიფესტია, რომელიც დიზაინის, ტექნიკისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით თავის კლასში ახალ მასშტაბებს დაამკვიდრებს,” - ეს ”ალფა რომეოს” შეფის, ჰარალდ ვესტერის სიტყვებია, რომელიც მან იმ დროს წარმოთქვა, როცა ახალ ”ჯულიას” ფარდა გადახადეს.

ინჟინრებმა ბევრი იშრომეს საიმისოდ, რომ ახალი ”ჯულია” მძიმე არ ყოფილიყო. ტოპ-მოდელის (Quadrifoglio Verde) კაპოტი და სახურავი მსუბუქი და ძვირად ღირებული კარბონისაა. აი, საბაზო ”ჯულიაში” ნაკლებად ძვირფას ”კაბას” უნდა ველოდოთ - სავარაუდოდ, ალუმინს. მსუბუქ მეტალს მიაგნებთ კარებზეც, სამუხრუჭე სისტემასა და ზოგადად სავალ ნაწილშიც.

იმისათვის, რომ უდიდესი მოლოდინი ძრავების თვალსაზრისითაც გამართლებულიყო, ”ალფა რომეო” ტოპ-ვერსია Quadrifoglio Verde-ში გვთავაზობს 6-ცილინდრიან Turbo-ძრავას, რომელიც სრულიად ალუმინისაა და რომელიც თანაკონცერნელ ”ფერარიში” დაამუშავეს - 510 ცხენის ძალით. ამ აგრეგატით იტალიელები 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3,9 წამში გვპირდებიან, ხოლო მათთვის, ვისაც ეკონომიურობა უნდათ, არსებობს ცილინდრების გათიშვის ფუნქცია.

იხილეთ სრულად