Mercedes-Benz Concept IAA - დიდი მოულოდნელობა ფრანკფურტში

კომპანია Mercedes-Benz-მა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის წარდგენილი ტიზერების შემდეგ ფრანკფურტის ავტოშოუზე, რომელიც 14 სექტემბერს მედიისთვის გაიხსნა, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის - 17 სექტემბერს, დამსწრე პუბლიკას სრულიად ახალი, უცნაური და ულტრა თანამედროვე კონცეპტუალური მოდელი წარუდგინა, სახელწოდებით Concept IAA.

თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ IAA ეს იყო ფრანფურტის მოტორ შოუს აბრევიატურა, მაგრამ როგორც დაიმლერში განმარტეს, IAA იშიფრება როგორც Intelligent Aerodynamic Automobile. სწორედ აეროდინამიკის მიღწევებშია ამ მოდელის საიდუმლო და არა მის განსხვავებულ ვიზუალში, თუმცა კომპანიის მესვეურების თქმით, გარეგნობაც მათი მოდელების არც თუ ისე შორეულ მომავალს ასახავს. ყველაზე მეტად საუბრობენ იმაზე, რომ სილუეტი გამოყენებული იქნება მომდევნო თაობის CLS-ში (2017 წელი). აი ინტერიერი კი ნამდვილად დაედება საფუძვლად ახალი თაობის E Class-ის ავტომობილს (2016 წელი).

რაც შეეხება თავად ამ სიახლის ”მიღწევებს” -  80კმ/სთ სიჩქარის მიღწევისას ავტომობილი ფორმას იცვლის, რის ხარჯზეც იზრდება მისი აეროდინამიზმი და უმჯობესდება მარგი ქმედების კოეფიციენტი. მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,19-ს უდრის (აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი 0,21 სერიული წარმოების ავტომობილებს შორის ასევე ”მერსედესის” კომპაქტურ მოდელს CLA-ს ეკუთვნოდა).

სტენდზე წარმოდგენილი კონცეპტი არ არის ელექტრომობილი, ის ჰიბრიდია, რომელსაც ელექტრო ძრავთან ერთად ტურბირებული შიგა წვის ძრავაც აქვს და მათი სიმძლავრე ჯამში 275 ცხენის ძალას უდრის.

კოკა კვირკველია