Windows 10-ის მეშვეობით Microsoft მომხმარებელს უთვალთვალებს

კორპორაცია Microsoft-მა ოფიციალურად გაასაჯაროა ინფორმაცია ახალი ოპერატიული სისტემა Windows 10-ის მეშვეობით მომხმარებელთა ზოგიერთი მონაცემების თვალთვალის შესახებ.

საკუთარ ბლოგში კორპორაცია აქვეყნებს სტატისტიკას, თუ რამდენ წუთს ატარებს მომხმარებელი Edge-ის ბრაუზერში, რამდენ ფოტოსურათს ათვალიერებს ”ფოტოსურათის” აპლიკაციით, რა ინფორმაციას ეძებს Cortana-ს პროგრამით და Bing-ის საძიებო სისტემით, ასევე რამდენ საათს ხარჯავს კომპიუტერულ თამაშებზე.

ზოგიერთი მომხმარებელი შიშობს, რომ „მაიკროსოფტის“ მხრიდან აღნიშნული მონიტორინგი მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს საფრთხეს უქმნის. ბიბისი-სთან საუბარში კიბერუსაფრთხოების სფეროში ექსპერტი, პროფესორი ალან ვუდვორდი აცხადებს, რომ როგორც კი ეს მონაცემები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ გაიგზავნება, მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ამ ინფორმაციაზე აღარ გავრცელდება.

კომპანიამ საკუთარ ბლოგზე შეგროვებული მონაცემების რამდენიმე მაგალითი გამოაქვეყნა: მომხმარებელმა 44,5 მილიარდი წუთი გაატარა Windows 10-ით; ვირტუალურ დამხმარე Cortana-ს 2,4 მილიარდი შეკითხვა დაუსვეს; აპლიკაცია „ფოტოს“ მეშვეობით 82 მილიარდი ფოტო დაათვალიერეს; კომპიუტერულ თამაშებზე მომხმარებლებმა 4 მილიარდ საათზე მეტი დახარჯეს.

„მაიკროსოფტის“ განცხადებით, Windows 10 კვლავ რჩება Windows-ის ყველაზე პოპულარულ ვერსიად.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე