დეტროიტის ვარსკვლავები

ამერიკის ქალაქ დეტროიტში ქვეყნის უმთავრესი საავტომობილი შოუ - ”ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუ” (North American International Auto Show) მიმდინარეობს , რომელიც მსოფლიოს წამყვან ავტოსალონებს შორის თავისი გრანდიოზულობით და მნიშვნელობით გამოირჩევა.

წლევანდელი შოუ მსოფლიო პრემიერებით იყო განსაკუთრებული. სიახლეებით წარდგნენ წამყვანი პრემიუმ მწარმოებლები, ახალი ბიზნეს სედანები წარადგინეს ”მერსედესმა” - Mercedes-Benz E-Class, ”ვოლვომ” - Volvo S90 და ”ლინკოლნმა” - Lincoln Continental, ხოლო იაპონელმა პრემიუმ მწარმოებლებმა ლამაზი კუპეების დემონსტრირება მოახდინეს( Infiniti Q60, Lexus LC 500, Acura Precision Concept).

პრემიუმ ავტომწარმოებლების გარდა, სიახლეები წარმოადგინეს სხვა წამყვანმა ავტოკომპანიებმაც, რომელთაგან გამორჩეული იყო Buick Envision, Chrysler Pacifica, Ford F-150 Raptor SuperCrew, GMC Acadia და სხვები.

დეტროიტის ავტოსალონი ტრადიციულად სპორტული ავტომობილების პრემიერის ნაკლებობას განიცდის და ეს ტენდენცია წელსაც არ დარღვეულა, ვინაიდან ამ ტიპის ავტომობილების გამოფენა ძირითადად ჟენევის ავტოსალონზე ხდება, თუმცა გამონაკლისი იყო “პორშე”, რომელმაც Porsche 911 Turbo და Turbo S-ის განახლებული მოდელები წარმოადგინა.

ამასთან, როგორც ცნობილია, დეტროიტის ავტოშოუზე ვლინდებიან ჩრდილოეთ ამერიკის წლის ავტომობილი და SUV კატეგორიებში გამარჯვებულები. წელს ეს ტიტული Honda Civic-სა და Volvo XC90-ს ერგოთ.

კოკა კვირკველია