ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, იტალიის ერთ-ერთი ქალაქის სკოლებში Wi-Fi გათიშეს

ტურინის ჩრდილოეთით, პიემონტის რეგიონში მდებარე ქალაქ ბორგოფრანკო დივრეას სკოლები Wi-Fi-თ ვეღარ ისარგებლებენ.

ქალაქის მერის განცხადებით, უკაბელო ინტერნეტის შედეგად წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ტალღები ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია. Wi-Fi პიემონტის რეგიონში მდებარე ორ სკოლაში სწორედ მერის, ლივიო ტოლას მითითებით გათიშეს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ტექნოლოგიებს ვეწინააღმდეგებით. ჩვენი გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიღებულ ზომას წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ დარწმუნებით, არის თუ არა ელექტრომაგნიტური ტალღები ნამდვილად საშიში ბავშვებისთვის, მაგრამ ვინ იცის, 20 წლის შემდეგ, შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა ამისთვის მადლობაც გადაგვიხადოს“, - განაცხადა მერმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად საშიშია უკაბელო ინტერნეტის გამავრცელებელი მოწყობილობა ადამიანისთვის.

სპეციალისტთა განცხადებით, თუ აღნიშნულ მოწყობილობას იმ კატეგორიაში შევიყვანთ, რომელიც „შესაძლოა კარცენოგენული“ იყოს, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ყავაც აღნიშნულ კლასიფიკაციას ეკუთვნის. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია კი ამ საკითხზე კვლევას აგრძელებს.