MasterCard ონლაინ-გადახდის დადასტურების მიზნით სელფის მიიღებს

MasterCard სელფისა და თითის დასკანერებული ანაბეჭდების მიღებას დაიწყებს ონლაინ-გადახდების დადასტურების მიზნით.

კომპანიის განცხადებით, ეს იქნება პაროლის მეშვეობით გადახდის დადასტურების ალტერნატიული მეთოდი.

სელფისა და თითის ანაბეჭდების მეშვეობით გადახდის დადასტურებისთვის მომხმარებელმა სპეციალური აპლიკაცია უნდა დააყენოს. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა უახლოეს ხანებში გამოვა კომპიუტერებისთვის, ტაბლეტებისა და სმარტფონებისთვის. წინასწარ გადაღებული სელფის გამოყენება დაუშვებელია. გადახდის დადასტურებისთვის მომხმარებელმა კომპიუტერის კამერით უნდა გადაიღოს სელფი.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, აშშ-სა და ნიდერლანდებში სატესტო რეჟიმში ეს მეთოდი მომხმარებელთა 92%-მა აირჩია. აშშ-სთვის, დიდი ბრიტანეთისთვის, კანადისთვის, ნიდერლანდებისთვის, ბელგიისთვის და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის ეს სერვისი ხელმისაწვდომი ზაფხულიდან გახდება.