დუბაიში „ბურჯ ხალიფაზე“ მაღალ ცათამბჯენს ააშენებენ (+ვიდეო)

დუბაიში ახალი ცათამბჯენის მშენებლობას იწყებენ, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ „ბურჯ ხალიფას“ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობის ტიტულს წაართმევს.

ახალი ცათამბჯენი, სახელწოდებით Creek Harbour, მოძრავი აივნებითა და პეიზაჟით იქნება გამორჩეული, რომლის ინსპირაციაც ბაბილონის ცნობილი დაკიდებული ბაღები გახდება.

ადგილობრივი კომპანია Emaar Properties-ის ხელმძღვანელის მოჰამედ ალაბარის განცხადებით, მშენებლობის დანახარჯები მილიარდ დოლარს მიაღწევს. მისივე თქმით, შენობის საბოლოო სიმაღლე მშენებლობის დასასრულისკენ გამოცხადდება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ Creek Harbour 828-მეტრიან „ბურჯ ხალიფაზე“ მაღალი იქნება.

„შენობის „ჩუქება“ ქალაქისთვის 2020 წლისთვის იგეგმება“, - აღნიშნა მოჰამედ ალაბარიმ. სწორედ ამ წელს დუბაი უძრავი ქონების განვითარების მსოფლიო გამოფენას მასპინძლობს. კომპლექსის პროექტი ესპანელ-შვეიცარიელ არქიტექტორს სანტიაგო კალატრავა ვალსს ეკუთვნის. უკვე ცნობილია, რომ დუბაის ახალ ცათამბჯენში სასტუმრო, რესტორნები და სხვადასხვა საცხოვრებელი თუ საოფისე ფართები განთავსდება.

„ბურჯ ხალიფა“ 2010 წლიდან მსოფლიოს უმაღლეს შენობად არის მიჩნეული. თუმცა, სულ მალე ამ ტიტულს საუდის არაბეთში მშენებარე 2 მილიარდიანი „ჯედა თაუერი“ ჩამოართმევს, რომელსაც პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი და მისი კომპანია „ქინგდამ ჰოლდინგი“ აშენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის სიმაღლე 1 კილომეტრი იქნება. თუმცა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის ტიტული არც „ჯედას“ დარჩება. როგორც ცნობილია, ტოკიოში იგეგმება 1700 მეტრიანი სიმაღლის შენობის - Sky Mile Tower აგება. ცათამბჯენი სავარაუდოდ, 2045 წლისთვის დასრულდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე