„ფეისბუქის“ მომხმარებელთა რაოდენობამ 1,65 მილიარდს მიაღწია

სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მომხმარებელთა რაოდენობამ თვეში 1,65 მილიარდს მიაღწია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომპანიის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში, მომხმარებელთა ყოველთვიური რაოდენობა 1,44 მილიარდს შეადგენდა.

„ფეისბუქის“ მომხმარებელთა რაოდენობა 3 მილიონით გაიზარდა აშშ-დან და კანადიდან, 60 მილიონით კი მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებიდან. მომხმარებლთა 91% სოციალურ ქსელს მობილური საშუალებით მოიხმარს", - აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის პირველი კვარტლის ანგარიშის წარდგენისას.

მარკ ცუკერბერგის ინფორმაციით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, „ფეისბუქზე“, ინსტაგრამსა და მესინჯერში მომხმარებელი საშუალოდ დღეში 50 წუთს ატარებს.

მისივე თქმით, 2014 წლის ივლისში ამერიკელი მომხმარებელი „ფეისბუქს“ დღეში 40 წუთს უთმობდა.

„მომხმარებელი ასევე სამჯერ უფრო მეტ დროს უთმობს „ფეისბუქზე“ ვიდეოს ნახვას, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო“, - აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

„სიენენის“ ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 9%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულებამ 118 დოლარი შეადგინა.