ახალი თაობის Porsche Panamera-ს პარიზში უჩვენებენ

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Porsche მიმდინარე წლის პარიზის ავტოშოუზე საკუთარი საფლაგმანო მოდელის ახალ თაობას წარმოადგენს.

ახალი Panamera იქნება კომპანიის რიგით მეორე მნიშვნელოვანი განახლება მიმდინარე წელს Boxster/Cayman-ის განახლების შემდეგ. სიახლე ევროპის ბაზარზე გაყიდვაში 29 სექტემბრის მსოფლიო პრემიერიდან მალევე გამოჩნდება, მოგვიანებით კი ჩინეთისა და ამერიკის ბაზარზეც შევა.

მიმდინარე წელს Panamera კომპანიის ყველაზე ცუდად გაყიდვადი მოდელი იყო. 2015 წელს მისი მხოლოდ 17,207 ერთეული გაიყიდა, ხოლო საუკეთესო წელი 2012 იყო, როდესაც კომპანიამ „პანამერას“ 29,030 ერთეულის რეალიზება მოახერხა. პირველი თაობის მოდელის დებიუტი 7 წლის წინ შანხაის მოტორ შოუზე შედგა. უკვე ცნობილია, რომ ახალი თაობის Panamera ორი ტიპის „ტანით“ გამოვა, ტრადიციულ სპორტულ კუპეს მიემატება ე.წ. Shooting Brake ვარიანტი, რომელიც მეტად პოპულარულია ევროპაში.

მეორე თაობის „პანამერა“ მიიღებს Volkswagen Group-ის კუთვნილ მსუბუქ MSB პლატფორმას, რომელსაც ასევე მოირგებენ კომპანიის კუთვნილი სხვა ისეთი ავტომობილები, როგორიცაა „ბენტლი“, „ბუგატი“ და „ლამბორგინი“.

ახალი მოდელი წინამორბედზე ოდნავ ძვირი ეღირება. ამ დროისთვის არსებული მოდელების სასტარტო ღირებულება 83,300 ევროა, ხოლო ტოპ-ვერსიის ფასი 180,000 ევრომდე აღწევს.

კოკა კვირკველია