"დელტამ" ქართული წარმოების თვითმავალი ნაღმმტყორცნი წარადგინა

„დელტამ“ 26 მაისს ქართული წარმოების უახლესი საარტილერიო სისტემა GMM-120 წარადგინა.

”დელტას” ცნობით, 26 მაისს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ქართული წარმოების 120 მმ-იანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი GMM-120 წარმოადგინა. საბრძოლო მანქანაზე მუშაობა „დელტას“ ინჟინრების მიერ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მათივე ინფორმაციით, მაღალი გამავლობის 3-ღერძიან სატვირთო ავტომანქანის ბაზაზე დამონტაჟებული ქართული 120 მმ კალიბრიანი თვითმავალი ნაღმმტყორცნი ცეცხლის მართვის, ნავიგაციის და დამიზნების თანამედროვე ციფრული სისტემებითაა აღჭურვილი. მას პოზიციის დაკავება, დამიზნება და ცეცხლის გახსნა რამდენიმე წამში შეუძლია.

ქართული თვითმავალი ნაღმმტყორცნი აღჭურვილია გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS-ით, ტაქტიკური პლანშეტ-კომპიუტერებით და მაღალ დონეზე დაცული კავშირგაბმულობის სისტემით, ამით მანქანა ავტონომიური საცეცხლე მანქანის თვისებებს იძენს და ჯარების მართვის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.

თვითმავალი ნაღმმტყორცნის დანიშნულებაა მსუბუქი ქვეითი ან მექანიზირებული დანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერა, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, საცეცხლე წერტილების, გამაგრებული საინჟინრო ნაგებობების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის და სხვა სამიზნეების განადგურება.

ტაქტიკურ- ტექნიკური მონაცემებია: კალიბრი - 120 მმ; საბრძოლო მასა - 15 ტონა; სიგრზე - 8,40 მეტრი; სიგანე - 2,80 მეტრი; სიმაღლე - 2,80 მეტრი; ეკიპაჟი - 6 კაცი; სროლის ტემპი - 15 გასროლა/წთ; სწრაფსროლა მაქსიმალური მუხტით - 60 გასროლა; სწრაფსროლა შორსმსროლელი მუხტით - 50 გასროლა; საარტილერიო ნაწილის რესურსი - 4000 გასროლა; საარტილერიო ნაწილის მასა - 2000 კგ; სროლის მაქსიმალური მანძილი - 7100 მეტრი; სროლის მინიმალური მანძილი - 480 მეტრი; დამიზნების სისტემა - ელექტრომექანიკური.