Mercedes-Benz ახალი ელექტრომობილის დებიუტისთვის ემზადება

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპნია Mercedes-Benz მიმდინარე წლის შემოდგომაზე მნიშვნელოვანი დებიუტისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ კომპანია ოქტომბრის თვეში პარიზის ავტოშოუზე წარმოადგენს სრულიად ახალ ელექტრომობილს, რომელიც ერთჯერადი დამუხტვით 500 კმ-ის გავლას შეძლებს. დასავლური მედიის ცნობით, ეს ავტომობილი ამერიკული Tesla Model X-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება.

კომპანიის განვითარების ხელმძღვანელის ტომას ვებერის თქმით, ავტომობილის სტრუქტურა უკვე მზად არის და ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სხვადასხვა ჯგუფების მიერ, რათა უსწრაფესად მოხდეს სიახლის საგზაო ტესტირება. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენად მალე დაიწყება სიახლის გაყიდვები, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ამ დეკადაში მოხდება. ამ დროისთვის, Daimler ორ სრულიად ელექტროფიცირებულ მოდელს აწარმოებს. ესენია ორ და ოთხადგილიანი Smart-ები და Mercedes-Benz B-class. ტომას ვებერი მიმდინარე დეკადის დასასრულისკენ 100,000 ელექტრომობილის გაყიდვას აპირებს, თუმცა რამდენი გაყიდეს 2015 წელს, ამის შესახებ მას არ განუცხადებია.

Mercedes-Benz-ის მსგავსად, ელექტრომობილებზე ინტენსიური მუშაობა მიდის სხვა გერმანულ კომპანიებშიც, მათ შორის კონცეპტები უკვე წარმოადგინეს Audi-მ და Porsche-მ, ხოლო BMW უკვე მუშაობს კიდევ ერთ მოდელზე. გერმანელებს სურთ, მზად იყვნენ ევროპაში დაგეგმილი მკაცრი რეგულაციებისთვის, რომელიც გარემოს დაბინძურებას შეეხება და ამავდროულად, ძალიან არ ჩამორჩნენ მათ ამერიკელ კონკურენტ კომპანიას Tesla-ს, რომელიც ელექტრომობილების სეგმენტში უპირობო ლიდერია. ამ ყოველივეს ემატება გერმანიის მთავრობის ინიციატივა, ელექტრომობილების მყიდველებს გადაუხადოს გარკვეული ოდენობის თანხა მათ შესაძენად.

კოკა კვირკველია